მთავარი,სიახლეები

„შენ ჩემზე უკეთესი ქართველი ხარ?“ – რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში

20.03.2018 • 5396
„შენ ჩემზე უკეთესი ქართველი ხარ?“ – რელიგიური და რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში

დღეს, 20 მარტს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ ოთხი ფილმის – „მრავალფეროვნების სახეების“ ჩვენება და დისკუსია გამართა.

ფილმის გმირები უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომლებიც საუბრობენ რელიგიურ და რასობრივ დისკრიმინაციაზე საქართველოში, პირადი გამოცდილებიდან.

ერთ-ერთი ფილმის გმირი, ქართველი მუსლიმი გოგო ჰურიეა, რომელიც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად რთულია თავსაფრიანი ქალისთვის საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება. მისი აზრით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაღალია რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია.

„ამ ფილმის ჩვენებით იმის თქმა მინდა, რომ თავსაფარი არ უნდა იყოს ჩემი პირველადი შეფასების წყარო. მინდა ახლოს გაგვიცნონ და ნახონ, რომ არც ისეთი ცუდები ვართ, როგორც ზოგს წარმოუდგენია“, – ამბობს ის.

ჰურიეს აზრით, დისკრიმინაციის აღმოფხვრაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. „არის შემთხვევები, როცა დამსაქმებელი არც საჯარო და არც კერძო სექტორში არ არის დაინტერესებული თავსაფრიანი ქალის სამსახურში აყვანით. ამაში ხელს გვიშლის ჩვენი ვიზუალი მხარე“,-ამბობს ჰურიე.

„მრავალფეროვნების სახეები“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ამერიკულ კუთხეში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა სფეროში საქმდებიან ძირითადად მუსლიმი ქალები ან როგორია დასაქმების ზოგადი მაჩვენებელი? ჰურიე ამბობს, რომ მუსლიმი ქალები ძირითადად რელიგიურ ორგანიზაციებში ან განათლების სფეროში არიან დასაქმებული. საჯარო ან კერძო სექტორში დასაქმების მონაცემები კი მათთვის უცნობია. „უფრო მეტად კერძო სექტორში, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ხელმძღვანელი არის მუსლიმი“, – ამბობს ერთ-ერთი მუსლიმი დალი სოლომონიძე.

ჰურიე საუბრობდა იმაზე, რომ წინა წლებში უფრო მეტად ზღუდავდა ტრადიციები მუსლიმ ქალებს და მათ ნაკლებად ეძლეოდათ განათლების მიღების შესაძლებლობა. დღეს უფრო მეტი მუსლიმი მშობელი ცდილობს, რომ შვილებს განათლება მიაღებინოს.

დისკუსიის მონაწილეების მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში ხშირია რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია.

დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის (სახელი და გვარი არ დაუსახელებია) აზრით, ის, რომ დღეს მუსლიმების უფლებებზე ამდენს საუბრობენ, არის უცხო ქვეყნის პოლიტიკური ინტერესი.

„არ გიფიქრიათ იმაზე, რომ მუსლიმანობაზე დღეს აქ ქადაგება რომელიღაც პოლიტიკური წრეების ინტერესებში შედის? რადგან ეს არის ნაცადი ხერხი იმისთვის, რომ შეინარჩუნო ტერიტორია და გავლენა რელიგიური ნიშნით კონკრეტულ ტერიტორიაზე.

ჩვენ ვართ ქართველები და აუცილებლად უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები. თუმცა მე კათოლიციზმი უფრო მომწონს“, -ეუბნებოდა ის მუსლიმებს.

„თქვენ ჩემზე უკეთესი ქართველი ხართ?“ – იყო კითხვა მის მიმართ. რაზეც დისკუსიაში მონაწილემ უპასუხა, რომ „მართლმადიდებლობა ქართველისთვის აუცილებელია“.

„მრავალფეროვნების სახეები“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ამერიკულ კუთხეში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

მამაკაცის მოსაზრებას მუსლიმების რეპლიკები მოჰყვა: „აი ასე ვცხოვრობთ ქართველი მუსლიმები აჭარაში. ეროვნება კი ბატონო, მაგრამ რწმენა ჩემი არჩევანია“, – ამბობდა ერთ-ერთი მუსლიმი ქალი.

„ვინ უფრო კარგი ქართველი იყო მემედ აბაშიძე თუ მოღალატე ორჯონიკიძე?“; „რატომ განსაზღვრავთ ქართველობას რელიგიით, განსაზღვრეთ ადამიანის საქმიანობით“, – ამბობდნენ მუსლიმები.

დისკუსიის მონაწილე ნათია კაპანაძის თქმით, ხშირად პრობლემაა არა მხოლოდ რელიგიურ ნიშნით დისკრიმინაცია, ზოგადად, განსხვავებული ადამიანების მიღების პრობლემაა საზოგადოებაში.

ერთ-ერთი მონაწილის აზრით, რელიგიური დისკრიმინაციის სერიოზული წყარო საჯარო სკოლებია, სადაც პედაგოგების დიდი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ქართველი არ შეიძლება იყოს არამართლმადიდებელი.

„ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, თუმცა ჯერ ვერ შევჯერდით იმაზე, რომ დემოკრატიული სახელმწიფო არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული. საქართველოში ბევრი მართლმადიდებელია და მათი უფლებების წინ წამოწევა უფრო ხდება. ამ შეხედულებებით ზრდიან ახალგაზრდებსაც, ამიტომ არის, რომ შემდეგ ეს ხდება კონფლიქტების წყარო“, – ამბობს ის.

TDI-ის ხელმძღვანელის, ეკა ჭითანავას თქმით, ეს პრობლემა ნამდვილად დგას ქართულ სკოლებში და სახელმღვანელოებში, სადაც რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნება წარმოჩენილია როგორც არა ქვეყნის სიმდიდრე, არამედ, როგორც პრობლემა, პოტენციური საფრთხე და შედეგები დაპყრობითი ომების“.

შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იყო  ფილმი პოლონელ კათოლიკე მღვდელზე, რომელიც საქართველოში, კერძოდ სამცხეში ცხოვრობს. სასულიერო პირი ფილმში კულტურულ სტერეოტიპებზე საუბრობს.

ერთ-ერთი ფილმი შეეხებოდა „იეჰოვას მოწმეებს“. კერძოდ იმას, თუ როგორ ქადაგებენ ისინი თავიანთ რწმენას ჟესტების ენაზე.

მეოთხე ფილმის გმირი ნიგერიელი სტუდენტი გოგო შარონია, რომელიც საუბრობს რასობრივ დისკრიმინაციაზე და სექსუალურ შევიწროებაზე, რომელსაც აწყდება თბილისში ცხოვრების დროს. ის ყვება იმაზე, თუ რამდენად ძლიერია რასისტული შეხედულებები ლექტორებშიც კი და როგორ შეურაცხყოფენ ისინი ნიგერიელ სტუდენტებს. ის საუბრობს რასისტულ დისკრიმინაციაზე ქუჩაში, ტრანსპორტში…

„იყო ადევნების შემთხვევები, როცა სახლამდე მსდია ერთმა კაცმა. იყო შემთხვევა, როცა პირდაპირ მთავაზობდნენ ფულს სექსში. რატომღაც ქართველ კაცებს ჰგონიათ, რომ უცხოელი ქალები ადვილად ხელმისაწვდომები არიან. ეს ყველაფერი ძალიან რთულია ჩემთვის“, -ამბობს შარონი.

შარონი იმაზეც საუბრობს, რომ ჰყავს ქართველი მეგობრები, რომლებიც სრულიად განსხვავებულები არიან: „ისინი ძალიან, ძალიან კარგები არიან და ეს მეხმარება, რომ დავივიწყო ყველაფერი“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: