მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა – ავარია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის გზაზე ავტომანქანა ფეხით მიმავალ ქალს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 19 მაისს მოხდა.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაზარალებული „მედინაში“ გადაიყვანა, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

რატომ ჭიანურდება ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დასრულება

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. ამასთან, გამორიცხული არაა კორპუსის მშენებლობა ვერც აგვისტოში დასრულდეს.

შპს „სტადიონის“ დირექტორი, ზურაბ ჭურკვეიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ მშენებლობის ვადის გადაწევა სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის იმან, რომ პროექტში თავის დროზე არაერთი უზუსტობა იყო დაშვებული. საავადმყოფოს მშენებლობაზე პასუხისმგებელი სწორედ შპს „სტადიონია“. ეს შპს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ხარვეზები იყო პროექტში? – ზურაბ ჭურკვეიძე პასუხობს: „ხარვეზები რაც მახსენდება, ეს არის შიდა დეტალები, ანუ რაღაცები არ იყო გათვალისწინებული.

ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებები უკვე შესულია, რაც ათი დღის ვადაში აისახება შესყიდვების გვერდზე. როგორც მახსოვს, თავად კომპანია ითხოვდა ვადის გაგრძელებას 31 აგვისტომდე, ვინაიდან პროექტში იყო არაერთი უზუსტობა დაშვებული და პროექტის გადახალისება გახდა საჭირო“, – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე.

მისივე თქმით, საავადმყოფოს ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებით რეგულაციები შეიცვალა, შესაბამისად, „სტადიონმა“ დაიქირავა სამედიცინო ექსპერტი, რომელიც ამზადებს დასკვნებს, ანუ რა ტიპის ცვლილებები უნდა შევიდეს და რა უნდა გადაკეთდეს, რათა საავადმყოფო ადაპტირებული იყოს თანამედროვე სტანდარტებთან, რასაც ლიცენზიის ნებართვა ითხოვს. გარდა ამისა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილია წარმომადგენელი, რომელიც ასევე მუშაობს დასკვნაზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაშია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საავადმყოფოს პროექტით თავიდანვე არსებული სტრუქტურის ადაპტირებაზე და საავადმყოფოს აღჭურვისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვაზე მუშაობენ.

ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, სწორედ საავადმყოფოს დირექტორის და „სტადიონის“ მიერ დაქირავებული ექსპერტის მოსაზრებაა, რომ 31 აგვისტო არის არასაკმარისი ვადა მშენებლობის დასრულებისთვის.

„მათი განცხადებით, შესაძლებელია მშენებლობის დასრულების ბოლო ვადა კიდევ შეიცვალოს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ ვიცით სანამდე შეიძლება გადაიწიოს ეს ვადა, ისეთი მოსაზრება ჩამოყალიბდა, რომ ამჯერად გადაიწევს 31 აგვისტომდე, ამის შემდეგ კი, ამ ორმა ექსპერტმა უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრება, რის შემდეგაც შევა პროექტში ცვლილებები, ხარჯთაღრიცხვა გაკეთდება და ამ ცვლილებებისა და ხარჯთაღრიცხვის დადების შემდეგ, რამაც შესაძლოა ერთი თვე გასტანოს, უკვე შეიძლება თქმა, თუ როდის დასრულდება მშენებლობა“, – ამბობს ზურაბ ჭურკვეიძე, „სტადიონის“ დირექტორი, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთი კვირის წინ დაინიშნა.

დეტალები, თუ რაზე შეთანხმდნენ შპს „სტადიონი“ და შპს „საბა კონსტრაქშენი“, რომელიც საავადმყოფოს აშენებს, მაშინ გახდება ცნობილი, როცა ხელშეკრულებაში და პროექტში შესული ცვლილებები შესყიდვების გვერდზე აისახება. აქვე გამოჩნდება, გაიზრდება თუ არა პროექტის ღირებულება.

„საბა კონსტრაქშენში“ „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს. შეთანხმების დეტალებზე არაფერი გვითხრეს კომპანია „ოიკო ჯგუფშიც“, რომელიც საავადმყოფოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველია, რაშიც „სტადიონმა“ მას 494 999 ლარი უნდა გადაუხადოს. „ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ ზედამხედველობას ვუწევთ მშენებლობას“, – გვითხრეს კომპანიაში.

„ოიკო ჯგუფის“ 2018 წლის 17 მაისის ანგარიშში კი აღნიშნულია: „ჩვენი შეფასებით საავადმყოფოს მშენებლობაზე შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნებს“, თუმცა იქვე ვკითხულობთ, რომ 17 მაისის მდგომარეობით „სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი დარღვეულია“.

ტექნიკური ზედამხედველის ანგარიშების მიხედვით, ურიცხავს თანხას „სტადიონი“ მშენებელ კომპანიას, რომელსაც ბოლო გადახდის წინ, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, პირგასამტეხლო – 1,67 ლარი არ ჰქონდა გადახდილი და რომელიც დარიცხულ ჯარიმებთან ერთად გამოუქვითეს.

„საბა კონსტრაქშენს“ საავადმყოფოს მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან სულ 22 172 764 ლარი უნდა გადაურიცხონ. თუმცა, იმ დროისთვის, როცა ხელშეკრულებით მშენებლობა დასრულებული უნდა ყოფილიყო [ანუ 2018 წლის 18 მაისისთვის], კომპანიისთვის გადარიცხულია 14 235 216 ლარი, რაც მთლიანი თანხის 64%-ია. ანუ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მესამედი, ფაქტობრივად, შეუსრულებელია.

ხელშეკრულება „საბა კონსტრაქშენთან“ „სტადიონმა“ 2016 წლის 18 იანვარს გააფორმა, ერთ კვირაში კი 3 325 914 ლარი ავანსად გადაურიცხა. ხელშეკრულებაში ცვლილება ოთხჯერ შევიდა [ბოლო ცვლილება მიმდინარე წლის პირველ მარტს], თუმცა მშენებლობის დასრულების ვადა არცერთი ცვლილების დროს არ შეცვლილა და რჩებოდა 2018 წლის 18 მაისი.

ამავე თემაზე:

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

პოლიცია შვიდი დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებს

პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებ გიგა გოგიტიძეს ერთი კვირაა ეძებს.

ოჯახის ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულ გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

თუ შეამჩნევთ მოცემულ ფოტოზე გამოსახულ მამაკაცს, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 577 08 05 48

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში? – [გამოკითხვა]

ბათუმის მერია 15 ახალ მუნიციპალურ ავტობუსს შეიძენს. თქვენი აზრით, რა ფერის უნდა იყოს ახალი ტრანსპორტი. მიიღეთ მონაწილეობა “ბათუმელების” გამოკითხვაში და მიუთითეთ, რომელი ფერის ავტობუსს ანიჭებთ უპირატესობას.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჯამში, წლის ბოლომდე, ქალაქს ორმოცი ერთეული ახალი ავტობუსი მოემსახურება. ევრო 5 დიზელის, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული, ნაწილობრივ დაბალძირიანი ავტობუსების შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაბალპროცენტიანი სესხით [EBRD] ფინანსდება.


<a href=”https://polldaddy.com/poll/10009062/”>თქვენი აზრით, რა ფერის ავტობუსები უნდა იყოს ბათუმში?</a>

მერია მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოკითხვას ვებგვერდზე გამოაქვეყნებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ბათუმში 15 ერთეული ახალი მუნიციპალური ავტობუსი შემოვა. ამ ავტობუსების ფერის შესარჩევად კი მერია მოსახლეობის გამოკითხვას გეგმავს. მერიის პრესსამსახურის თქმით, სასურველი ფერის შესახებ ინფორმაციას მომწოდებელ კომპანიას მერიამ ერთ კვირაში უნდა მიაწოდოს:

„ორშაბათს უკვე გამოვაქვეყნებთ გამოკითხვას ვებგვერდზე, სადაც მოქალაქეებს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება მიეცემათ. გამოკითხვაში შეტანილი იქნება ყველა ძირითადი ფერი და შესაძლებელი იქნება სხვა სასურველი ფერის დამატებაც.“

გამოკითხვის შესახებ წინასწარ ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა, მოქალაქეები წერდნენ, რომ მთავარია არ იყოს ყვითელი, რადგან ის ბათუმში უკვე არსებულ მუნიციპალურ ავტობუსებთან ასოცირდება, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული.

 

მერიის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ქალაქს ორმოცი ერთეული ახალი ავტობუსი მოემსახურება. ევრო 5 დიზელის, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული, ნაწილობრივ დაბალძირიანი ავტობუსების შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაბალპროცენტიანი სესხით [EBRD] ფინანსდება.

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჩერკასს“ შორის ხელშეკრულება 16 მაისს გაფორმდა. შეხვედრას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელშეკრულების ფარგლებში, ავტობუსების მერიისთვის მიწოდება ეტაპობრივად წლის ბოლომდე დასრულდება.

 

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

აჭარის მთავრობა ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩის #119-ში, ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი საპროექტო სახართააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 466 100 ლარია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დაიხარჯება აჭარის ბიუჯეტიდან შენობის ასაშენებლად.

კომახიძის #119-ში ამ დროისთვის აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული ოთხსართულიანი შენობა მდებარეობს, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ფუქციონირებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2627.00 მ 2-ზეა დაგეგმილი; არსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი კი 3856.45 მ 2-ა განთავსებული.

აპირებს თუ არა სამინისტრო უკვე არსებული შენობის დემონტაჟს ან რომელი სამთავრობო სტრუქტურებისთვის იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა? – ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ საკონტაქტო პირს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვების განყოფილების უფროსს პაატა ცეცხლაძეს დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ „ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია“ არ აქვს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგეგმება კიდევ ერთი ახალი შენობის  აშენება და სამომავლოდ სამინისტროებისა და მათზე დაქვემდებარებული უწყებების ერთ მისამართზე, ერთიან სივრცეში მოქცევა.

აჭარის მთავრობის შენობა. ცოტა ხნის წინ ამ შენობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა.

სათევზაოდ წასული ჯგუფის ანკესი ელექტროსადენს გამოედო – დამწვრობა მიიღო სამმა პირმა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, ბათუმში თევზაობისას მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფოს ინფორმაციით, ისინი „ბავშვთა საავადმყოფოს“ მიმდებარედ, ჰელიმიშის ქუჩაზე თევზაობდნენ:

„დაახლოებით ორი 15 წლის მოზარდი და სამოც წლამდე ასაკის კაცი თევზაობდნენ. მათი ანკესი რაღაცას გამოედო, რომელიც აფეთქდა.“

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ანკესი ელექტროსადენებს გამოედო და დამწვრობა სამივე პირმა სწორედ ამიტომ მიიღო.

აფეთქების შედეგად სამივე პირს  სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა აქვს.

სასწრაფოს ინფორმაციით, მოზარდები ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამოც წლამდე მამაკაცი კი – რეფერალურ საავადმყოფოში.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

 

 

შეამოწმე, როგორ ხედავ ცისარტყელას ფერებს [ტესტი]

შეავსე ტესტი და გაიგე როგორ გესმის მრავალფეროვანი და სხვადასხვა სექსუალური აღქმის მქონე ადამიანების, იცი რას ნიშნავს პანსექსუალი? ან რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ქროს-დრესერები ტრანსსექსუალებისგან? შეუძლიათ ასექსუალებს სიყვარული? თუ რახან სექსუალურ მიზიდულობას არავის მიმართ გრძნობენ, სიყვარულიც არ შეუძლიათ? კითხვა ბევრია, ისევე, როგორც ცისარტყელას ფერები და ძირითად ფერებს შორის შეუმჩნეველი ათასი სხვა ფერი, რომელიც არსებობს, მაგრამ ძირითად ფერებს შორის ხანდახან არც ისე შესამჩნევია.

წყარო  Human Rights Channel

აგრარული პროდუქტის გამოფენა- გაყიდვა ბათუმში

ამ წუთებში ბათუმში, ევროპის მოედანზე აგრარული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა იმართება. გამოფენის ორგანიზატორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისის ცენტრია, გამოფენის მიზანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის პოპულარიზაციაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა წლის განმავლობაში თოთხმეტჯერ გაიმართება.  გამოფენაში აგრიოსასურსათო სექტორის მიმართულებით მომუშავე ოცდაათი კომპანია მონაწილეობს.

 

ბათუმის მერია სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მოძრაობის სქემას ცვლის

ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების გადაადგილების სქემის შეცვლას გეგმავს. ახალი სქემა მერიამ უკვე მოამზადა და საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა. მერიაში მიიჩნევენ, რომ ახალი სქემა მოქალაქეზე მორგებული და კომფორტული იქნება.

ახალი სქემის დამტკიცების შემდეგ მერია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობ­რი­ვი  სამგზავრო გადაყვანის [M2 და M3 კატეგორიის ავტოსატ­რანს­პორტო საშუალებებით] ნებართვის მაძიებელთათვის კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

ახალი სქემა საკრებულომ 21 მაისს დაგეგმილ სხდომაზე უნდა განიხილოს. სამარშრუტო მოძრაობის სრულ სქემას მისი დამტკიცების შემდეგ გამოვაქვეყნებთ.

ბათუმის მერია ეშმაკის ბორბალს აუქციონზე 160 000 ლარად გაიტანს

ბათუმის მერია  პანორამულ ბორბალს [ე.წ. ეშმაკის ბორბალი ] ელექტრონულ აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად გაიტანს. ქონების საწყის ფასად 160 000 ლარი განსაზღვრეს, ამ თანხაში შედის მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა – 35 500 ლარი და პანორამული ბორბალის საიჯარო ქირა – 125 500 ლარი.

ამ დრომდე პანორამული ბორბალი „ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო“-ს უზურფრუქტით  ჰქონდა გადაცემული.  ბათუმის მერის ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით ეს სააგენტო მერიამ გააუქმა და მისი ფუნქციები სხვადასხვა სამსახურებმა გადაინაწილეს.

პანორამული ბორბალის აუქციონის წესით გასხვისებათან დაკავშირებით თანხმობის მიღების თაობაზე ბათუმის მერიამ საკრებულოს მიმართა, საკრებულო საკითხის განხილვას 21 მაისს დაგეგმილ სხდომაზე გეგმავს.

 

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

დღეს დილიდან ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხალხმრავლობაა, ვინც იბანავა ახლა მზეზე ირუჯება, ზოგი კი ბანაობას ახლა აპირებს. მათთვის კი ვისთვისაც წყალი ჯერ საკმარისად არ გამთბარა, ზღვის სანაპირო წიგნის წასაკითხად და დასასვენებლად საუკეთესო ადგილია.

meteo.gov.ge-ის მონაცემებით დღეს, 19 მაისს, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია, ზღვის წყალი კი 18 გრადუსამდე გათბა.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის განმარტებით ზღვაზე ბანაობის სეზონი გახსნილად ჩაითვლება, როცა ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსს მიაღწევს:

„ თუმცა ეს საკითხიც ინდივიდუალურია, ვისთვის როდის დაიწყება სეზონი, ზოგოერთვის უკვე დაწყებულია.“

სინოპტიკოსები მომავალი კვირიდან ნალექიან ამინდს ელოდებიან: „ რომლის შემდეგაც ისევ თბილი ამინდები იქნება და სავარაუდოდ ჰაერი ღამითაც გათბება, ამის შემდეგ კი ზღვის წყლის ტემპერატურაც აიწევს“ – ამბობს რუსუდან დიასამიძე.

 

ბათუმის მერია პარკირების წესების გამკაცრებას ითხოვს

ბათუმის მერია პარკირების ნორმების დადგენისა და ადგილების განსაზღვრის წესში ცვლილებას ითხოვს. დადგენილების პროექტით, საკრებულოს მერიის ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ მიმართა.

ცვლილების მიხედვით, ბათუმში აიკრძალება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება: გარე ვაჭრობისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავებისა და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის. პარკირების წესების დარღვევად არ ჩაითვლება შემთხვევები, როცა პარკირების ადგილების გამოყენება მერიასთან შეთანხმებით ხდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებისთვის.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების ძირითადი არსი ბათუმში მცხოვრები მოსახლეობისათვის [პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები] სახელმწიფო სოციალური გასაცემლების, ასევე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვა ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობაა.

მერიის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას 2017 წლის 15 დეკემბერს წერილებით მიმართა „ლიბერთი ბანკის“ აჭარის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, ჯემალ ნაკაშიძემ.

სს „ლიბერთი ბანკი“ ემსახურება სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებს. ნაკაშიძის განმარტებით, მოსახლეობისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად საქართველოს უმეტეს ქალაქსა და სოფელში მომსახურებას ახორციელებს მობილური ბანკის ლიბერთი ექსპრესის ავტოსანტრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის ბათუმშიც და ამ მომსახურების გაწევისათვის ითხოვს ბათუმის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის ქ. #21; ინასარიძის ქ. #14ა; ჭავჭავაძის ქ. #5; გრიშაშვილის ქ. #12ა; აღმაშენებლის ქ. #30-ში მობილური ბანკის „ლიბერთი ექსპრესის“ ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას.

გარდა ამისა, მერიის განმარტებით, სხვადასხვა დროს  ქალაქის ტერიტორიაზე იმართება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებები, მათ შორის ხდება გადაღება, ტელეტრანსლაცია, რა დროსაც ქალაქის გარკვეულ ადგილებზე საჭირო ხდება შესაბამისი ტექნიკის თუ სატრანსპორტო საშუალებების განთავსება:

„გამომდინარე იქედან, რომ საკითხი ეხება სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებს [მომსახურებით სარგებლობს პენსიონრები, სოციალურად დაუცველი და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები], ასევე ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ შეტანილი იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების – ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის №25 დადგენილებაში““, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულო 21 მაისს სხდომაზე გეგმავს.

ჯგუფი Rolling Stones-ი 2018 წლის ევროპულ ტურნეს იწყებს

ბრიტანული როკჯგუფი Rolling Stones-ი 2018 წლის ევროპულ ტურნეს იწყებს და მსმენელებისთვის ისინი მშობლიურ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და საფრანგეთში დაუკრავენ. სეტლისტში ჯგუფის თითქმის 60-წლიანი არსებობის განმავლობაში შექმნილი ჰიტებია შესული. Rolling Stones-ს  30 სტუდიური და 20 საკონცერტო ალბომი, ასევე უამრავი სინგლი აქვს ჩაწერილი.

ჯგუფის ევროპული ტურნე სლოგანით: „No Filter“ შარშანაც გაიმართა. Rolling Stones-ის წევრები: მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, ჩარლი უოტსი და რონი ვუდი ამ ასაკშიც კი შეუდარებელ ფორმაში არიან და ათასობით ფანისთვის ისევ ისეთ ენერგიულ კონცერტებს მართავენ, როგორც 60-70-იან წლებში.

2018 წლის ტურნეს შესახებ ინფორმაცია Rolling Stones – მა ოფიციალურად თებერვალში გაავრცელა. პირველ კონცერტს ჯგუფი 22 მაისს, ლონდონში გამართავს.

ვოკალისტი მიკ ჯაგერი და გიტარისტი კიტ რიჩარდსი 75 წლისანი არიან, ბასისტი რონი ვუდი – 71-ის, ბრიტანული როკჯგუფის ყველაზე ასაკოვანი წევრი კი, დრამერი ჩარლზ უოტსი – 77 წლისაა.

როკჯგუფის ევროპული ტურნე 8 ივლისს, ვარშავაში დასრულდება.

 

Rolling Stones-ის ევროპული ტურნეს განრიგი ასეთია:

22 – 25 მაისი – ლონდონი (დიდი ბრიტანეთი);

29 მაისი – საუტჰემპტონი (დიდი ბრიტანეთი);

2 ივნისი – ქოვენთრი (დიდი ბრიტანეთი);

5 ივნისი – მანჩესტერი (დიდი ბრიტანეთი);

9 ივნისი – ედინბურგი (დიდი ბრიტანეთი);

15 ივნისი – კარდიფი (დიდი ბრიტანეთი);

19 ივნისი – ლონდონი (დიდი ბრიტანეთი);

22 ივნისი – ბერლინი (გერმანია);

26 ივნისი – მარსელი (საფრანგეთი);

30 ივნისი – შტუდგარდი (გერმანია);

4 ივლისი – პრაღა (ჩეხეთი);

8 ივლისი – ვარშავა (პოლონეთი);

ბილეთების შესაძენად გადადით ლინკზე

მოტობლოკებს აღარ შემოვიტანთ, იქნება სათიბელა და შესაწამლი აპარატები – ინტერვიუ მინისტრთან

„წინა წელს ხულოდან ჩავედი ბათუმში, სამინისტროში. განცხადება დავწერე, მოტობლოკი მინდოდა. მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, აღარ ფინანსდება ეს მოტობლოკებიო. წელს არაფერი აღარ მომითხოვია, არ დამიწერია განცხადება. არ აქვს აზრი და იმიტომ,“ – ეს ხულოში მცხოვრებმა ფერმერმა გვითხრა. ფერმერები „ბათუმელებს“  საგაზაფხულო სამუშაოებზე ესაუბრნენ, იმაზე, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხს საგაზაფხულო სამუშაოების დროს. ფერმერები ამბობენ, რომ „სოფელი მთავრობას არ ახსოვს“. ფერმერების მიერ დასახელებულ პრობლემებზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ავთანდილ მესხიძეს ვესაუბრეთ.

ბატონო ავთანდილ, საგზაფხულო სამუშაოებზე საუბრის დროს ფერმერები სხვადასხვა პრობლემას გამოყოფენ. მაგალითად, საუბრობენ მოტობლოკებზე, რაც აღარ ფინანსდება.

მოტობლოკები საერთოდ არ გვაქვს წელს და არც გვექნება. იქნება სათიბელა, მოთხოვნა იყო განსაკუთრებით დიდაჭარა-ღორჯომში, სადაც მეცხოველეობის ზონაა. დაახლოებით 100 ცალი დარიგდება, როცა დაიწყება თივის დამზადების აქტიური პერიოდი. ამ კუთხით ტენდერი არ ჩატარებულა ჯერ, ფერმერის გადასახდელი იქნება სადღაც 700-დან 800 ლარამდე. სატენდერო წინადადება ისეა შედგენილი, რომ გვინდა შევიძინოთ ევროპული წარმოების, ფასიც შესაბამისად მაღალია, მაგრამ ეს საკმაოდ კარგი ფასია ხარისხთან მიმართებაში.

რატომ შეჩერდა მოტობლოკების  თანდაფინანსების პროგრამა? ფერმერების თქმით, მათ სხვისგან მოტობლოკის დაქირავება დაახლოებით 100 ლარი უჯდებათ.

მოტობლოკების პროგრამა ჩვენ გავაჩერეთ, რადგან ჩავატარებინეთ კვლევა, ანუ ჩვენ რა რესურსი გვაქვს და რა საჭიროება არსებობს. თვითონ სიმძლავრე, რაც უკვე არის, გაცილებით მეტია, ვიდრე ფართობია დასამუშავებელი. ვისაც აქვს ეს მოტობლოკი, ამუშავებს ნახევარ საათს და მერე აჩერებს. ფერმერები უნდა დაეხმარონ ერთმანეთს. ახლა ინდივიდუალურად  ყველა ოჯახს ვერ ექნება მოტობლოკი, 65 ათასი ფერმერია სულ აჭარაში. ამ ეტაპზე ორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მაქვს მოლაპარაკება, რომლებიც სავარაუდოდ მოაწყობენ სერვისცენტრებს მუნიციპალიტეტში, რომ ხულოელ კაცს არ მოუწიოს მოტობლოკის ბათუმში ჩამოტანა გასარემონტებლად, ესაა ახლა ჩვენი ამოცანა. ამას წინათ მქონდა ფერმერებთან შეხვედრა და თქვეს, რომ საჭიროა უფრო მინიტრაქტორები. 2019 წლის პროგრამაში ჩავდეთ მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების შეძენა, მაგრამ ისიც იქნება რაღაც ჯგუფისთვის, კოოპერატივებისთვის გათვლილი, ინდივიდუალუირად ტრაქტორი მივცეთ ვინმეს – ასე არ იქნება. თანადაფინანსება იქნება 50- 50-ზე.

ანუ ფერმერი, რომელსაც მოტობლოკი არ აქვს, სხვა ფერმერის თანადგომის იმედად უნდა იყოს?

დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდისთვის 7448 ჰექტარი არის აჭარის რეგიონში დახნული, დაფარცხული და დათესილი. ეს არის ყველაფერი ჩვენი აპარატებით გაკეთებული. ყველა წელს ხომ არ შევიძენთ მოტობლოკს? მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ შპს „მექანიზატორს“, 14 ლარი ღირს დახვნა, 10 ლარი დაფარცხვა 1000 კვადრატულ მეტრზე, გამოიძახებ, მოდის და ამუშავებს.

ფერმერები ასევე ელოდებიან შესაწამლ აპარატებს, რაზეც განცხადებები მათ უკვე დაუწერიათ, მაგრამ აპარატი არ მიუღიათ.

შესაწამლ აპარატებთან დაკავშირებით კარგი მდგომარეობაა. ორი ტენდერი იყო გამოცხადებული და მალე დასრულდება, 2044 ცალი იქნება ჯამში გაცემული.

მოთხოვნა რამდენზე იყო?

მოთხოვნით ყველას უნდა, მაგრამ წარდგენილი გვაქვს ბიუჯეტის ცვლილებაზე წინადადება და კიდევ შევიძენთ. ჯამში 3200 ცალი დარიგდება. აქაც ისეა, რომ ვცხრილავთ, მაგრამ გაგვეპარება, მამასაც შემოაქვს, შვილსაც, ძმასაც, ვინც შესაძლოა გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. ეს ისეთი აპარატია, 2500 კვადრატულ მეტრს მაქსიმუმ ორ საათში შეწამლავს და დანარჩენ შემთხვევაში გაჩერებული იქნება, ისიც მეზობელს უნდა დაეხმაროს.

რადგან მოთხოვნა მეტია, რომელი ფერმერი მიიღებს ამ ეტაპზე შესაწამლ აპარატს?

პირველ რიგში, ვაძლევთ ფართობზე. ფერმერს უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა საჯარო რეესტრიდან, ან არქივიდან, ამის გარეშე არ ვაძლევთ. ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. ფასი არის ერთი ტენდერის მიხედვით 905 ლარი, მეორე ტენდერით – 910 ლარი. თანადაფინანსების შესაბამისად, ფერმერის გადასახადი იქნება 178 ან 182 ლარი. მე ვფიქრობ, ეს ძალიან იაფია. აპარატი ბენზინზე მუშაობს, 200-ლიტრიანია, შესასხურებელი და ამრევი სისტემაც აქვს. ფაროსანას შეწამვლაც შესაძლებელია ამ აპარატით, ასევე შესაძლებელია ბაღში თხევადი სასუქის შეტანა. აპარატს აქვს 7 მეტრ სიმაღლემდე შესხურების უნარი.

მიიღებენ თუ ვერა წელს სოფელში ნივრის თესლს? ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩავარდა.

წელს არ ჩავარდნილა ტენდერი, წინა წელს ჩავარდა. გამოვლენილია უკვე გამარჯვებული და 20 სექტემებრიდან იქნება მოწოდება, მანამდე საჭირო არაა. ნივრის დათესვა ოქტომბრიდან იწყება და 15 ნოემბრამდე გრძელდება. წელს 15 ჰექტარს დავფარავთ, მოთხოვნაც ამდენზე იყო. ველოდებით, რომ 300 ტონამდე მოსავალს მივიღებთ.

ფერმერებისთვის კაკლის ნერგებზეც უარი უთქვამს სამინისტროს.

კაკლის ნერგების პროგრამა შეიცვალა. თითო-თითო ნერგებს რომ ვარიგებდით, ასე აღარაა. ამან ამოწურა უკვე თავისი თავი. ვისაც სურს კაკლის ნერგი, მას უნდა ჰქონდეს გამოყოფილი ტერიტორია მინიმუმ 500 კვადრატული მეტრი – 1 ჰექტრამდე და შემდეგ მოგვმართოს. შემდეგ ჩვენ ფერმერს ვაძლევთ კვალიფიციური სანერგე მეურნეობების მისამართს. ფერმერი თვითონ მიდის მეურნეობაში, არჩევს ნერგს და თუ მოიტანს „ინვოისს“, მას ვურიცხავთ ღირებულების 70 პროცენტს.

ხულოში მცხოვრები ფერმერი ამბობს, რომ წლებია რძის სახდელ მანქანას ელოდება.

რძის სახდელი მანქანის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა, ახლა სპეციფიკაციებს ვადგენთ და გავდივართ კონსულტაციებს, თუ რა მიზეზების გამო არ შემოვიდნენ კომპანიები. ამის შემდეგ ხელახლა გამოცხადდება ტენდერი.

საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ფერმერს სჭირდება სასუქიც. ღორჯომში მცხოვრები თამაზ ბერიძე ამბობს, რომ წელს მარტო სასუქების შესაძენად 300 ლარი დახარჯა.

სასუქებისათვის 2018 წელს არაფერი, მაგრამ 2019 წელს გვექნება ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის ღონისძიება. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს ბიომეურნეობების ჩამოყალიბებას და მათ გაძლიერებას. ბიომეურნეობების შემთხვევაში მინერალური სასუქები არ იქნება საერთოდ გამოყენებული. პირველი მცდელობა იქნება ეს აჭარაში და გვინდა, რომ მომავალ წელს სამი ასეთი მაინც გავაკეთოთ თითო მუნიციპალიტეტში. როგორც ცნობილია, ასეთი პროდუქტის რაოდენობა მცირეა, მაგრამ ფასი მაღალია. ნაკელით უზრუნველყოფა მაინც ვერ მოხდება, ეს გამორიცხულია, რადგან მეცხოველეობის ბაზა ამდენი არ გვაქვს. ამჟამად რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ როცა კარტოფილის თესლი მივეცით ფერმერს, იქ სასუქიც მივაყოლეთ, ანალოგიური იქნება ნიორთან დაკავშირებითაც.

სხვა კულტურებისთვის არ ჩათვალეთ საჭიროდ სასუქით დაფინანსება?

საჭიროება როგორ არ არის, მაგრამ შესაძლებლობა ხანდახან აღემატება საჭიროებას, რა ჯობია მაგას, რომ იყოს. ფერმერს რაზეც ნაკლებად მიუწვდება ხელი, ესაა ორგანული სასუქი და 2019 წელს ვაპირებთ ორგანული სასუქით ფერმერების დახმარებას, მინერალური სასუქი მაინც არის ბაზარზე.

ბაზარზე არის კი, მაგრამ ფერმერებს უჭირთ მისი შეძენა სიძვირის გამო.

ძვირია, მაგრამ ყველაფერზე ვერ გააკეთებ პროგრამას. თანთანდათან ყველაფერი იქნება.

 

პარკირების წესის დარღვევის 344 შემთხვევა ბათუმში – დღის სტატისტიკა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, დღეს 18 მაისს, პარკირების წესების 344 შემთხვევა გამოვლინდა. კერძოდ, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – 288, დარღვეულია დგომის მეთოდი – 5,

ნიშანში დგომა – 46, ტროტუარზე დგომა – 2, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე – 3 შემთხვევა.

ავტომანქანები ველობილიკზე.
მკითხველის ფოტო
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მანქანა ველობილიკზე
ავტომანქანა ველობილიკზე

ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში გრძელდება

16-18 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რეპუბლიკაში გრძელდება
ზურაბ პატარაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რეპუბლიკაში გრძელდება

ზურაბ პატარაძემ არაერთი შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო და კერძო სექტორის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბაჰიტჟან საგინტაევთან, ქალაქ ასტანას აკიმთან (მერი) ასეკ ისეკეშევთან და ყაზახური კომპანიის „ყაზმუნაი გაზის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთის წარმატებულ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით. ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და სატრანსპორტო სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

ყაზახური კომპანიის „ყაზმუნაი გაზის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელებთან შეხვედრა
ყაზახური კომპანიის „ყაზმუნაი გაზის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელებთან შეხვედრა

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში ორი ქვეყნის ჩართულობას, სარკინიგზო სატრანზიტო პროექტების მიმართ ასტანას მზარდ დაინტერესებას. აღინიშნა აბრეშუმის გზის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოსა და ყაზახეთის აქტიური მონაწილეობა.

ზურაბ პატარაძე ყაზათში ვიზიტს აგრძელებს
ზურაბ პატარაძე ყაზათში ვიზიტს აგრძელებს

საქართველოს დელეგაციის სტუმრად ყოფნის დღეებში ასტანაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც ოფიციალური პირებისა და მიწვეული სტუმრების წინაშე ჯგუფი „ინსაითი“ და ნინო ქათამაძე წარსდგნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ყაზახეთში
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ყაზახეთში
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ყაზახეთში
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ყაზახეთში

17 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში – Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა. ეკონომიკური ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა, გახსნა და იგი გლობალურ განვითარებას, ციფრულ ეკონომიკას, თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიებს ეხებოდა.

ზურაბ პატარაძემ, ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა
ზურაბ პატარაძემ ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში – Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა
ზურაბ პატარაძემ, ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა
ზურაბ პატარაძემ, ასტანაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში – Global challenges summit 2018 მიიღო მონაწილეობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პოპულარულ ყაზახურ ტელეკომპანია „ხაბარის“ ჩაეწერა. ინტერვიუში ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონში ტურისტების უპრეცედენტო ზრდის ტენდენციას, სამშენებლო და სასტუმრო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებსა და ორი ქვეყნის, ყაზახეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ცნობილი ყაზახური ტელეარხის მაყურებელი ზაფხულის სეზონზე ბათუმში დასასვენებლად მოიწვია. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, არაჩვეულებრივი ზღვითა და მთის კურორტებით, ასევე, ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობითა და თვითმყოფადი კულტურით, საქართველოში, კერძოდ, აჭარაში დასვენება საუკეთესო არჩევანია.

ინტერვიურში ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვაორი ქვეყნის, ყაზახეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ინტერვიურში ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის, ყაზახეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ქუჩაში წართმეული 19 ათასი ლარი – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ძარცვაში ბრალდებული მერაბ კ. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძისგან გამამართლებელ განაჩენს ელის.

შემთხვევა ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან ახლოს, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ღამით მას და მის შვილს ახალგაზრდა ბიჭი თავს დაესხა და ხელიდან პარკი ძალით წაართვა. ქალის თქმით, მას პარკში საფულე ჰქონდა, რომელშიც ზუსტად 19 ათასი ლარი ედო. დაზარალებული ქალი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მუშაობდა.

რამდენიმე დღეში პოლიციელებმა მერაბ კ. დააკავეს. დაზარალებულმა ქალმა და მისმა შვილმა სასამართლო პროცესზე  ბრალდებულში თავდამსხმელი ამოიცნეს.

დაზარალებულის ჩვენების გარდა პროკურატურამ სასამართლოში კიდევ ერთი მტკიცებულება მოიტანა – სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ბრალდებული ჩანს. ადვოკატის, მზია დიასამიძის თქმით, ამ ჩანაწერით არაფერი დასტურდება, რადგან ჩანაწერში არ ჩანს ძარცვის ფაქტი, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე იმ ღამით ბრალდებულის გარდა სხვებმაც ჩაიარეს.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს ჩხრეკაზე, რომელიც ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა დაზარალებული ქალის პლასტიკური ბარათი ამოიღეს. ბარათს ექსპერტიზა პროკურატურამ არ ჩაუტარა.

“ექსპერტიზა ჩავატარეთ ჩვენ. ბარათზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ ამოვიდა. ის ჩაუდეს,” – ამბობს ადვოკატი.

პლასტიკურ ბარათზე თანხა არ ყოფილა.

სასამართლომ უკვე მოისმინა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებმაც ბრალდებული გაჩხრიკეს და დააკავეს. მორიგ სხდომაზე სასამართლო ექსპერტის ჩვენებას მოისმენს.

ადვოკატი დარწმუნებულია, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, “რადგან შეუძლებელია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას დაეყრდნოს სასამართლო,” – ამბობს ის.

რამდენად საკმარისია მხოლოდ დაზარალებულის და მისი შვილის ჩვენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად? – ჰკითხა “ბათუმელებმა” პროკურორ ლევან მურვანიძეს. მან გვითხრა, რომ კომენტარს განაჩენის გამოტანის შემდეგ გააკეთებს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მერაბ კ.- ს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

საჯარო ლექციები ბათუმის არქიტექტურისა და რეკონსტრუქციების მნიშვნელობაზე

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, 2018 წლის 21 და 22 მაისს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში (ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. N37) ბათუმის მიტოვებული სამრეწველო შენობების ადაპტაციისა და ზოგადად, ბათუმის ისტორიული განაშენიანების სტრუქტურის შესახებ საჯარო ლექციები გაიმართება.

21 მაისს, 12 საათზე, საჯარო ლექციას თემაზე: „ბათუმის ძველი (მიტოვებული, უმოქმედო, უსარგებლო) სამრეწველო შენობების რევიტალიზაცია, რეკონსტრუქცია და ადაპტაცია“, წაიკითხავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვახტანგ დავითაია.

ასევე, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი, ბესარიონ ტატიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ავტორიტარიზმის არქიტექტორული ანატომია, არქიტექტურა კონტექსტში“. 

22 მაისს, 11 საათზე, ჩატარდება თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრის, პროფესორ გიორგი ჭანიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ბათუმი – ევროპული ქალაქი ისტორიული განაშენიანების სტრუქტურა და არქიტექტორული სტილი“.

ასევე, ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსის, გიული გეგელიას საჯარო ლექცია თემაზე: „რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია რესპუბლიკის მასშტაბით და მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა ბათუმის მაგალითზე“. 

საჯარო ლექციები გათვალისწინებულია როგორც სტუდენტებისა და ლექტორ – მასწავლებლებისათვის, ასევე, საზოგადოების ფართო წრეებისთვის.

ქობულეთის ყოფილი გამგებელი სულხან ევგენიძე ბათუმის მერიაში დასაქმდა

ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ ქობულეთის ყოფილი გამგებელი სულხან ევგენიძე უხელმძღვანელებს. ახალი მენეჯერი ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

სულხან ევგენიძე პროფესიით იურისტია. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა შპს „ენერგოკომპანიის ქობულეთის ფილიალსა” და „ენერგო-პრო ჯორჯიაში”.

2014 წელს სულხან ევგენიძე აჭარის შსს მთავარი სამმართველოს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ხოლო 2014-2017 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.

ქობულეთის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობისას სულხან ევგენიძე პრემიებისა და დანამატების გაცემის აუცილებლობას კერძო სექტორში პროფესიონალებზე მაღალი მოთხოვნით ასაბუთებდა. ის ამბობდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიონალები საჯარო სექტორიდან წავიდოდნენ კერძო სექტორში მაღალხელფასიან სამსახურებში. თუმცა 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე ის უმუშევარი იყო და შეთავაზებას ისევ „ქართული ოცნებიდან“ ელოდა.

აჭარაში 4061 სკოლის მოსწავლისთვის ბოლო ზარი დაირეკა

მეზღვაური, იურისტი, ექიმი, მენეჯერი – ეს იმ პროფესიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსც ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელები ირჩევენ. ზოგიერთს უხარია სკოლის დამთავრება, ზოგიერთი კიდევ ამბობს, რომ სკოლის დამთავრების გამო გული სწყდება. ნერვიულობენ მოსალოდნელ გამოცდებზე, თუმცა უხარიათ ის, რომ უმრავლესობა თბილისში აბარებს და სჯერათ, რომ სტუდენტობის დროს კლასელებთან ურთიერთობას არ გაწყვეტენ.

დღეს ბათუმში სკოლა 1814-მა მეთორმეტეკლასელმა  დაამთავრა, აჭარაში კი სულ 4061 სკოლის მოსწავლისთვის დაირეკა ბოლო ზარი.

ბოლო ზარი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბოლო ზარი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ
ბათუმი – 18.05.2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
“გრანტი 100%” – მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ
ბათუმი – 18.05.2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებსა და ნახატებს უტოვებენ
ბათუმი – 18.05.2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბოლო ზარი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბოლო ზარი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ბოლო ზარი ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ
ბათუმი – 18.05.2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

“გილოცავ ახალ წელს” – მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ.
ბათუმი – 18.05.2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ.
ბათუმი – 18.05.2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ.
ბათუმი – 18.05.2018
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს

ბათუმის მერის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ქალაქში 15 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვა. წლის ბოლომდე კი ქალაქში 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

ავტობუსები, როგორც მერიაში აცხადებენ, ევრო 5 დიზელის, GPS და კონდიცირების სისტემით აღჭურვილი, ადაპტირებული და ნაწილობრივ დაბალძირიანი იქნება.

როგორი ფერის უნდა იყოს ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი –  ლურჯი, წითელი თუ ყვითელი, ამასთან დაკავშირებით, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მერია მოსახლეობის გამოკითხვას მომავალი კვირიდან აპირებს.

ახალი ავტობუსების მოწოდებაზე ხელშეკრულებას 16 მაისს მოეწერა ხელი, ,,ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჩერკასს“ შორის. როგორც „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, ავტობუსები იაპონურ-უკრაინული წარმოების „ისუზუ ატამანის“ მოდელის იქნება.

ავტობუსების შესყიდვა საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში ხორციელდება და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაბალპროცენტიანი სესხით (EBRD) ფინანსდება.

როგორი ფერის ავტობუსი უნდა დადიოდეს ქალაქში? – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს.

 

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში აჭარასა და ქალაქ ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 20 – 27 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5  – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 16,5 გრადუსია.

შაბათ-კვირას, 19-20 მაისს, აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი. სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსი იქნება.

__________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო 

დღეს ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა

დღეს, 18 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, აჭარის მუზეუმებში ღონისძიებები, გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები იგეგმება.

18 მაისს ყველა მუზეუმში ღია კარის დღეა გამოცხადებული და სტუმრები უფასოდ დაათვალიერებენ ექსპოზიციებს.

19 მაისს კი მუზეუმებში გაიმართება აქცია „მოდი ღამე მუზეუმში“, რომლის დროსაც ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. იხილეთ ღონისძიებების ჩამონათვალი:

18 მაისი
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • 12:00 საათი – პეტრა – ციხისძირის უახლესი აღმოჩენების გამოფენა
    2016-2017 წლებში მუზეუმის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების გამოფენა
    საგანმანათლებლო პროგრამების – „მუზეუმი ბავშვებს“ ფარგლებში 2018 წლის საგანმანათლებლო პროგრამები
  • 13:00 საათი – საბავშვო სახალისო არქეოლოგია
  • 14:00 საათი – წარმოადგინე წარჩინებული კოლხი ქალი
  • 15:00 საათი – სამკაულის ხელოვნება

18 მაისი
გონიო-აფსაროსის მუზეუმ – ნაკრძალი

  • 13:30 საათი – საგანმანათლებლო – შემეცნებითი პროექტი ,,მე ვარ გიდი’’

19 მაისი
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

  • 11:00-14:00 საათამდე – საგანმანათლებლო პროგრამების- „მუზეუმები ბავშვებს“- ფარგლებში „მასტერკლასი თიხაზე“
    20:00 საათი – აქციის „ღამე მუზეუმში“ -ფარგლებში „ჩემი მუზეუმი“
    ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები- ბსუ-ს ფოლკლორული ანსამბლი „თირინი“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ათძალი“, N2 საჯარო სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „კოლხა

18-19 მაისი
ხელოვნების მუზეუმი

  •  მუდმივი ექსპოზიცია – XX ს. ქართული მხატვრობა
  •  ძველი ოსტატები – რუსული და ევროპული მხატვრობა
  • სკულპტურ – კერამიკული ინსტალაცია – ღია ცის ქვეშ
  • მუზეუმის შემოქმედების ამსახველი ვიდეო მასალის დემონსტრირება

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმი

  •  დღის განმავლობაში ჩატარდება მიმოხილვითი ექსკურსიები
  •  14:00 საათი – საგანმანათლებლო პროგრამა „შავი ზღვის იდუმალება“. პროგრამის ხელმძღვანელი – თამარ დარჩია
  •  კოსტიუმირებული მსვლელობა „მე-19 საუკუნის ყოფა-ცხოვრება“, მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეები
  •  გაიმართება კონცერტი აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ.შესრულებული იქნება სხვდასხვა ტიპის ქართული ხალხური ტრადიციული ცეკვები.

 

ამავე თემაზე: ოთხი მუზეუმი ერთად – აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა

ვინ იმღერებს 26 მაისს ბათუმში – მერია ღონისძიებებში 80 000 ლარს დახარჯავს

ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან უშუალოდ ღონისძიების ორგანიზებისთვის –  56 980 ლარი, ხოლო გასართობი მომსახურებისთვის – 23 020 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდის.

კულტურის ცენტრის ინფორმაციით, წინასწარი თანხმობა მიღებულია და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: არჩილ გოგიტიძე, ანიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე და სოფო ხალვაში.

ასევე ჯგუფები: sound lab-ი, 4 secons-ი, „ნერვოზი“, „ლილე“.

კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 26 მაისს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების გრაფიკის დეტალები ზუსტდება.

ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქვე გაიმართება შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენაც.

„საქართველოს დამოკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნა, რომელიც განსაკუთრებული პოლიტიკურ-საზოგადეობრივი მნიშვნელობისაა, წელს დაიგეგმა საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალიზებული წესით. გამომდინარე აქედან, „ბათუმის კულტურის ცენტრი“ მთლიანად დამოკიდებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი აქტივობების ნუსხა განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ, რის გამოც შეუძლებელი იყო შესყიდვების წინასწარი განსაზღვრა,“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კულტურის ცენტრს თანხმობა, 80 ათასი ლარის ტენდერის გარეშე გახარჯვაზე, გუშინ, 17 მაისს, მისცა.

________________________________

მთავარი ფოტო: 2017 წლის 26 მაისი / სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმის ბულვარში / ია ფრანგიშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მირვეთი – საუკეთესო ადგილი ველოტურის, ჯომარდობისა და დასვენებისთვის

ხის ძველი სასიმინდე სოფელ მირვეთის გზის დასაწყისში.

მირვეთი ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებული ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით, საიდანაც ლურჯად მოლივლივე მდინარის ტალღებს შეგიძლიათ დააკვირდეთ: განმარტოვდეთ ან მეგობრების მხიარულ გარემოცვაში სასიამოვნოდ გაატაროთ თავისუფალი დრო.

ბათუმიდან მირვეთამდე შეგიძლიათ ველომარშრუტი დაგეგმოთ, რისთვისაც სამთო ველოსიპედი დაგჭირდებათ. ველომარშრუტები ბათუმის ტურისტული ცენტრებიდან იწყება, მათგან ერთ-ერთი საბაგიროსთან, მეორე კი ბულვარის შესასვლელთან მდებარეობს, მარშრუტის რუკა სწორედ ამ ცენტრებშია ხელმისაწვდომი.  ველომარშრუტი მთლიანად მარკირებულია, შეგიძლიათ ბათუმის ბულვარიდანვე გაუყვეთ გზას ან ველოსიპედი ავტობუსით, საკუთარი ავტომობილით მიიტანოთ მირვეთის ხიდამდე  ველომარშრუტი კი პირდაპირ სოფელ მირვეთის მიხვეულ-მოხვეული ორღობეებიდან დაიწყოთ.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

სოფლის გზის დასაწყისშივე გხვდებათ ძალიან ძველი, ხის სასიმინდეები. აუცილებლად მოგინდებათ ჭოროხის ულამაზეს ნაპირებზე შეჩერება, პეიზაჟებით ტკბობა და წყლის ჩხრიალის მოსმენა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც აქ დაგხვდებათ.

მირვეთის ხიდი

სოფლის გზა ზოგან მოასფალტებულია, ზოგან მყარგრუნტიანი. მირვეთის ველოსიპედით მოვლა თავისუფლადაა შესაძლებელი. სოფელი დიდი არ არის,  2-3 საათში ყველაფერს ნახავთ, თუმცა შეუძლებელია აქ, უბრალოდ, გაისეირნო და მალევე დაბრუნდე უკან. ყველა ადგილი შეჩერებას, შესვენებას ითხოვს და სანაცვლოდ გრძნობთ, როგორ გევსებათ გონება სასიამოვნო ფიქრებით, თავისუფლად იწყებთ სუნთქვას და ირგვლივ მხოლოდ ბუნების ხმებია გაბატონებული.

                                                                                                      მირვეთის ჩანჩქერი
მირვეთის ჩანჩქერი

სოფლის მთავარ გზაზე დადგომისას მალევე შეხვდებით აბრას, რომელიც ახლომდებარე ჩანჩქერის მიმართულებას გამცნობთ. ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. ჩანჩქერთან ყოველთვის ტურისტების სიმრავლეა, დაგუბებულ, ანკარა წყალში აქ ბანაობაცაა შესაძლებელი.

ჩანჩქერამდე ღია მწვანე ხავსით დაფარულ, კოლხური ბზის ხეივანს მიუყვებით. ეს ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს – გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

კოლხური ბზის ხეივანი მირვეთში. [ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი]
კოლხური ბზის ხეივანი მირვეთში. [ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი]

მირვეთის თაღოვანი ხიდი

ჩანჩქერის საპირისპირო მხარეს, მიმანიშნებელი აბრებით მალევე მიადგებით მე-13 საუკუნის ქვის თაღოვან ხიდს. აჭარაში არაერთი ასეთი ხიდია და მათ, ზოგადად, თამარის ხიდებს უწოდებენ.

აქ საპიკნიკე ადგილია მოწყობილი, შეგიძლიათ მაყალზე შეწვათ მწვადი, იქვე მოწყობილ მაგიდაზე გაშალოთ სუფრა, საქანელებზეც იქანაოთ, ველოსადგომთან დააყენოთ ველოსიპედი, მოიმარაგოთ წყაროს სუფთა წყალი გზის გასაგრძელებლად.

 

მე-13 საუკუნის ქვის თაღოვანი ხიდი
მყუდრო, ტყისპირა სოფელი

მირვეთში სულ 25-30 კაცი ცხოვრობს – 16 ოჯახი. მათგან 13 სოფელში მთელი წლით, ზამთრობითაც რჩება. თუ თევზაობის მოყვარული ხართ, აქ მდინარის უგემრიელეს თევზს დაიჭერთ და ადგილზევე, კოცონზე მოამზადებთ. ექსტრემალური გართობის მოყვარულები ჭოროხსა და აჭარისწყალზე ჯომარდობის ტურით ისარგებლებენ. ახლომახლო კარვის გასაშლელი ადგილებიცაა ჭოროხის სანაპიროებზე. თუ სოფელში დარჩენას გადაწყვეტთ, ღამის გასათევი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ. თითქმის ყველა ოჯახს შეუძლია სტუმრის მიღება – ზაფხულობით აქ საოჯახო სასტუმროებია მოწყობილი.

ჯომარდობა [ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი]
ჯომარდობა [ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი]
ველოსიპედით თუ ფეხით სეირნობისას ხელს არავინ და არაფერი გიშლით. მთელი გზა ჭოროხთან ახლომდებარე ბილიკებზე წყლის ჩხრიალს, ორღობეებში კი ჩიტების ჭიკჭიკს ისმენთ.

გემრიელი ვახშამი სასიამოვნო დასვენების დასასრულს

თუ ქალაქიდან სამწვადე ხორცის ან სხვა რამის წაღება გეზარებთ, მირვეთში ნამდვილად არავინ დაგამშევთ. მეტიც: ძალიან იაფადაა შესაძლებელი გემრიელი ვახშმის ან სადილის შეკვეთა. ერთი ადამიანი სულ რაღაც 15 ლარად აქ უგემრიელეს ვახშამს მოიწყობს ახალი, სეზონური ხილის უგემრიელესი კომპოტის თანხლებით. სხვა კერძებთან ერთად აქვთ გემრიელი ხაჭაპური, შემწვარი თევზი და მწვადი. თუ ალკოჰოლის მოყვარული ხართ და წითელი ღვინო გირჩევნიათ, ფასი, ცხადია, შეიცვლება. კერძების შეკვეთა აჭარისწყლის რესტორანში შეგიძლიათ, რომელიც მირვეთიდან კილომეტრითაა დაშორებული და ღვთისმშობლის  ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს.

ვახშამი აჭარისწყალზე

თუ მირვეთშივე მსუბუქად წახემსება გსურთ, ჩაი, ყავა, ცივი სასმელები და სენდვიჩი შეგიძლიათ „ზურაბის ქოხში” სახელდახელოდ მოწყობილ ღია ტერასაზე მიირთვათ. აქვე იყიდება ადგილობრივი თაფლი, მურაბა და ტყის მარწყვის უგემრიელესი ჯემი.

საოჯახო კაფე მირვეთში.

მირვეთი ყველანაირი ტურისთვის საინტერესო ადგილია: ექსტრემალების, მშვიდი დასვენების მოყვარულებისა და მათთვის, ვისაც ბევრი დრო არ აქვს ქალაქიდან გასასვლელად, თუმცა ყველაფრისგან დასვენება სურს, თუნდაც ცოტა ხნით, ქალაქიდან არც ისე შორს, მაგრამ საინტერესოდ და მრავალფეროვნად.

 


ინფორმაცია მირვეთში წამსვლელთათვის

[checklist]

  • ველოტურით მოგზაურობისას დაგჭირდებათ სამთო ველოსიპედი, ჩაფხუტი და სამუხლეები. ველოსიპედის დაქირავება: „მერკური ტური” ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა, ტელ.: +995 597 87 00 47 E-mail: info.mercurytour@gmail.com / www. mercurytour.ge
  • მირვეთამდე მისვლა ბათუმიდან მაჭახელასკენ მიმავალი მუნიციპალური ტრანსპორტითაა შესაძლებელი. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულება 2 ლარია. ტაქსისთვის მირვეთის ხიდამდე 60-80 ლარი დაგჭირდებათ
  • მირვეთთან ახლოს, კილომეტრის დაშორებით მდებარეობს რესტორანი აჭარისწყალზე, სადაც წინასწარ შეგიძლიათ შეუკვთოთ უგემრიელესი სადლი-ვახშამი ნომერზე: +995 555 67 24 44. 10 და მეტკაციანი ჯგუფების შემთხვევაში ამ რესტორნიდან მირვეთის ნებისმიერ ადგილზე მოიტანენ შეკვეთას. ერთი კაცისთვის მენიუს საშუალო ღირებულება 10-დან 15 ლარამდეა.
  • ჭოროხსა და აჭარისწყალზე ჯომარდობის მსურველებმა ტურის წინასწარ შესათანხმებლად უნდა დარეკონ ნომერზე: +995 555 701 999. ტურის დაგეგმვისას თითო ადამიანი ამ მომსახურებისთვის 40-50 ლარს იხდის [ათაკაციანი ჯგუფის შემთხვევაში-30 ლარს]
  • გიდების, ტრანსპორტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებს ნომრებზე: +995 577 909 091 / +995 577 909 093. ან ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: gobatumi.com.

[crosslist]

  • გთხოვთ, ნუ დატოვებთ ნარჩენებს სოფლის ტერიტორიაზე. მირვეთამდე ვიწრო ხიდი მიემართება, რომელზეც ნაგვის მანქანა ხშირად ვერ ახერხებს მოძრაობას და ნარჩენების გატანა ინტენსიურად ვერ ხერხდება.

[/crosslist]

10 ფილმი LGBTQ თემაზე

ეს სია ლონდონის LGBTQ კინოფესტივალის ფარგლებშია მომზადებული. ყველა დროის 30 საუკეთესო LGBTQ ფილმის შერჩევაში კინოხელოვნებასთან დაკავშირებული 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვენენ რეჟისორები და სცენარისტები. „ბათუმელები“ 30-დან პირველ ათ ფილმს გთავაზობთ.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ქეროლი – CAROL[/highlight]

რეჟისორ ტოდ ჰეინსის ფილმში მოქმედება გასული საუკუნის 50-იანი წლების ნიუ იორკში ხდება. ფილმი ორი ქალის ურთიერთობის შესახებ გვიყვება, ერთი მათგანი მაღაზიის გამყიდველია, მეორე – უსიყვარულოდაა დაქორწინებული. ფილმში მთავარ როლებს ქეით ბლანშეტი და რუნი მარა ასრულებენ.

ფილმი 2015 წელს გამოვიდა ეკრანზე და imdb-ის მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა კინოფესტივალზე 244 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათგან 74 ნომინაციაში კი გაიმარჯვა.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]დასვენების დღეები – WEEKEND[/highlight]

ბრიტანელი რეჟისორის, ენდრიუ ჰეის 2011 წელს გადაღებული ფილმი ორი მამაკაცის შესახებაა, რომლებიც მოკლე ხნით ხვდებიან ერთმანეთს. ფილმს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ბედნიერები ერთად – Happy Together[/highlight]

ჩინელმა რეჟისორმა, ვონგ კარ-ვაიმ ამ ფილმისთვის 1997 წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო, როგორც საუკეთესო რეჟისორმა.

 

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კუზიანი მთა – Brokeback Mountain[/highlight]

ფილმი ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ. ენგ ლის ამ ფილმს ჯამში 141 პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის: სამი „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“ – ოთხ ნომინაციაში, „ბაფტა“ – სამ ნომინაციაში და ა.შ. ფილმში ჰიტ ლეჯერი და ჯეიკ ჯილენჰალი ასრულებენ მთავარ როლებს.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]პარიზი იწვის – PARIS IS BURNING[/highlight]

დოკუმენტური ფილმი ნიუ იორკში მცხოვრები შავკანიანების, ლათინოამერიკელი ტრანსვესტიტებისა და ტრანსექსუალების ცხოვრების შესახებ.  1990 წელს გადაღებული ეს სურათი ბერლინის კინოფესტივალის გამარჯვებულია.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ტროპიკული დაავადება – Tropical Malady[/highlight]

მელოდრამისა და ფენტეზის ჟანრის ეს ფილმი ტაილანდური ფოლკორის მოტივებზეა გადაღებული. 2004 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მიიღო.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ჩემი მშვენიერი სამრეცხაო – MY BEAUTIFUL LAUNDRETTE [/highlight]

პაკისტანელი ომარი ლოთ მამასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში და მეგობართან ერთად გადაწყვეტს სამრეცხაო გახსნას. ბრიტანელი რეჟისორის, სტივენ ფრირსის ეს დრამა 1985 წელსაა გადაღებული.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ყველაფერი დედაჩემის შესახებ – All about My Mother [/highlight]

ერთადერთი შვილის დაღუპვის შემდეგ მარტოხელა დედა ბარსელონაში მიემგზავრება შვილის მამის მოსაძებნად. ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადოვარის 1999 წელს გადაღებული ფილმი „ოსკარის“, სამი „ბაფტას“ და სხვადასხვა კინოფესტივალის გამარჯვებულია.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სიყვარულის სიმღერა – Un chant d’amour[/highlight]

ფრანგი მწერლის, ჟან ჟენეს ფილმი, რომელიც 1950 წელსაა გადაღებული.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ჩემი საკუთარი შტატი აიდაჰო – MY OWN PRIVATE IDAHO[/highlight]

რეჟისორ გას ვან სენტის ფილმი მთავარ როლებში კიანუ რივზითა და რივერ ფენიქსით. ფილმის მთავარი გმირებიდან ერთ-ერთი მდიდარი მემკვიდრეა, მეორე კი მაწანწალა, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენს.

 

_________________________

წყარო: bfi.org.uk 

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ქეროლი“

ზაალ მიქელაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასა და მომავალზე

როდის გაიხსნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი კლინიკა, აჭარის მთავრობაში პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. საავადმყოფოს კორპუსის მშენებლობა კი, რომელიც ხვალ, 18 მაისს, უნდა დასრულებულიყო, გაგრძელდება. მშენებლობის ზედამხედველ შპს „სტადიონში“ ვერ დაგვიკონკრეტეს, რა დროში უნდა ჩაიბარონ ახალი კორპუსი. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის სქემაზე, ახალი კორპუსის აღჭურვასა და კადრებით დაკომპლექტებაზე, „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს ესაუბრა. 

ბატონო ზაალ, შეგიძლიათ დამაჯერებლად გვითხრათ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისების საკითხი არ განიხილება?

საავადმყოფოს გასხვისების საკითხი არც იდგა დღის წესრიგში და არც დგას. მგონია, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. მით უმეტეს, როცა უკვე სახელმწიფომ დადო სტრატეგია სახელმწიფო კლინიკებთან მიმართებაში. განმარტება, თუ რას გულისხმობს ეს, მინისტრმა დავით სერგეენკომაც გააკეთა. კერძო კლინიკების რაოდენობა საქართველოში თითქმის 90%-ია. ამიტომ შემუშავდა სტრატეგია სახელმწიფო კლინიკების განვითარების, ანუ არსებულის რესტუქტურიზაციისა და ახლის მშენებლობის.

მაგალითად, ბათუმისა და ზუგდიდის შემთხვევაში პრაქტიკულად ახალი კლინიკები შენდება. ასევე იგეგმება თბილისში არსებული რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანად გარდაქმნა და კიდევ დაემატება რამდენიმე კლინიკა. სტრატეგია გულისხმობს, რომ ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ ერთი სახელმწიფო კლინიკა მაინც.

მინდა გითხრათ, რომ ევროპული დელეგაციებისთვის, ვინც აქ ჩამოვიდა [პოლონეთიდან, გერმანიიდან], ყველასთვის მოულოდნელი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მაღალი პროცენტია კერძო კლინიკების. იგივე ჰოლანდიის მაგალითზე, სადაც ყველა კლინიკა კერძოა, იქ სხვა მიმართულებით მიდიან, იმ კერძო კლინიკების თითქმის 67% არის არამომგებიანი.

ჩვენთან თავიდანვე ჩაიდო, რომ ყველა კლინიკა არის მომგებიანი. ეს, ზოგადად, უშლის ხელს მედიცინის სწორად განვითარებას. ამიტომ გადაწყდა, რომ სახელმწიფომ საპირწონე შეიქმნას. ეს არ ნიშნავს დარტყმას კერძო კლინიკებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნათ კლინიკა ისეთი, რომელზეც ექნებათ სწორება მომგებიან თუ არამომგებიან კლინიკებს. ამიტომ ჩაიდო რესურსი ახალი კორპუსის მშენებლობაში და ასევე ჩაიდება რესურსი მის აღჭურვაზე. თუმცა არის არსებულ საავადმყოფოში თანამედროვე აპარატურაც, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ ახალ კლინიკაში.

თქვენ, რამდენიმე თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადეთ, რომ „რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება რესპუბლიკური საავადმყოფოს მართვის უფლების გადაცემაზე“. საავადმყოფოში ფიქრობენ, რომ ამ კუთხით კვლავ მუშაობთ…

მედიცინაში ის გახმაურებული შემთხვევები, რაც ვიცით და კითხვები, რაც მუდმივად არის, ძირითადად უკავშირდება სწორედ მომსახურების თანამედროვე სტანდარტების ხარისხის დაცვას. აქედან გამომდინარე ფიქრობს უკვე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ კი არ გაასხვისოს სახელმწიფო კლინიკები მართვის უფლებით, არამედ დაიქირაოს მენეჯერი, ან მენეჯერთა გუნდი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კი არ მართავს სახელმწიფო კლინიკებს, არამედ ექნება ბერკეტი გააკონტროლოს თითოეული ისტორია, თითოეული პაციენტისა თუ რთული შემთხვევების მართვა. ამ პოზიციას ვეთანხმებით ჩვენც.

დასამალი არ არის, რომ კერძო კლინიკებს, რომლებიც არის მომგებიანი, არ ურჩევნიათ რთული, მძიმე შემთხვევების მართვა. სახელმწიფო კლინიკები, მათ შორის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც, იქნება ძირითადად ასეთი გადაუდებელი შემთხვევებისთვის, თუმცა გეგმიური კომპონენტიც იქნება.

კვლევამ აჩვენა, რომ საკმაო თანხას იხდის სახელმწიფო, თუმცა მაინც უკმაყოფილო გვრჩება დაბალი სამედიცინო პერსონალი. ექიმები ნაკლებად გამოხატავენ, ვთქვათ, უკმაყოფილებას სახელფასო ნაწილში, თუმცა მედდები და სხვა დამხმარე პერსონალის სახელფასო განაკვეთი მაინც ვერ არის მაღალი. ამიტომ ჩვენ ახალ  სტანდარტს შევთავაზებთ და ის კერძო კლინიკებიც იძულებული იქნებიან, არა ძალადობის გზით, არამედ, კონკურენციიდან გამომდინარე, აწიონ ხარისხი და სახელფასო განაკვეთი.

ამასთან, როცა საუბარია მაღალ ტარიფებზე კლინიკებში, ჩვენ შევთავაზებთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, სადაც იქნება დაცული ტარიფების სტანდარტი. თუმცა სოციალურად დაუცველ ნაწილს, როცა ზოგჯერ უწევთ კერძო კლინიკებში დამატებით თანხის გადახდა, მათ ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში შემდეგაც მიმართონ, ამას არ ავუკრძალავთ, ვინაიდან პაციენტი ირჩევს კლინიკას. თუმცა ჩვენ დამატებით ვთავაზობთ სახელმწიფო კლინიკების რაოდენობას, სადაც შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ტარიფი – თანხა, რომელსაც დაუფარავს სახელმწიფო. ანუ, არ უნდა დარჩეს სათქმელი, რომ თქვენთან კი არის დაბალი ტარიფი, მაგრამ უხარისხო კლინიკაა. სწორედ ამ ნიუანსის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სახელმწიფო კლინიკების ხარისხის მართვაში ჩაერთოს ახალი, გარე კომპონენტი.

დავაზუსტოთ, ანუ ბათუმის, ზუგდიდის, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოების ხარისხის მართვას გააკონტროლებს ის მენეჯერი თუ მენეჯერთა გუნდი, ვისაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაიქირავებს?

კლინიკის უშუალოდ მართვა იქნება მხოლოდ ადგილობრივ დონეზე. დირექტორი, მთავარი ექიმი – ეს კადრები დაინიშნება ადგილზე მიღებული გადაწყვეტილებით. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში, მაგალითად, ჩვენი სამინისტროს ბრძანებით. თუმცა დაემატება ერთი კომპონენტი – რახან მივდივართ საუნივერსიტეტო მიმართულებით, მათ გადავცემთ მართვაში ჩართვის უფლებას, ანუ ერთი პირი ამ მართვაში იქნება როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რადგან აქვე, კლინიკაში შევინარჩუნოთ აკადემიური კომპონენტი.

მართვაში იქნება დირექტორი მედიცინის მიმართულებით, დირექტორი ტექნიკური მიმართულებით, ასევე წარმომადგენელი უნივერსიტეტიდან, მაგრამ იქნება გენერალური დირექტორიც, აუცილებლად ადგილობრივი. მხოლოდ ხარისხის მართვა გადის, ასე ვთქვათ, ცალკე.

ის პირი, თუ გუნდი, არ ვიცი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რაზე შეჯერდება, ცენტრალურად გააკონტროლებს მხოლოდ მომსახურების ხარისხს და ის არ იქნება მმართველი. ახლა სპეციალური სამსახური აკონტროლებს საჩივრის საფუძველზე და ამიტომ მხოლოდ ეს რომ არ დარჩეს, იქნება პირი, რომელსაც ექნება ისტორიებზე წვდომა.

ჩვენ ვსაუბრობთ ასევე, რომ ცენტრიდან იყოს მედიკამენტების მოწოდებაც. კლინიკის დიდი ჯგუფი დღეს დაკავებულია ამ სატენდერო თემებით… ამიტომ,  გაცილებით იაფი დაუჯდება მედიკამენტები კლინიკას, თუ მოწოდება იქნება ცენტრალიზებული. ეს გააიაფებს მომსახურებასაც. ასეთი სურვილი გვაქვს.

გეკითხებით როგორც მთავრობის წევრს, არის თუ არა შესაბამისი თანხა ბიუჯეტში ახალი კლინიკის აღჭურვისთვის?

ჯერჯერობით მშენებლობას მართავს შპს „სტადიონი“. მათ აქვთ თანხა და ეკონომიკის სამინისტრო მზად არის ცვლილებაზე ბიუჯეტში, შესაბამისი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. რახან დაიდო ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, საქართველოს ჯანდაცვაც მზად არის თანამონაწილეობისთვის ამ კუთხით. შემიძლია ვთქვა, რომ ჩამონათვალი – სამედიცინო და არასამედიცინო ინვენტარის, დასრულდა და მიდის ბაზრის კვლევა საბოლოო თანხის დასადგენად.

დაახლოებით რა დროში ფიქრობთ ახალი საავადმყოფოს აღჭურვას?

ბევრი დეტალი ზუსტდება. რთული სქემებია და ეს ვერ გადაწყდება ერთ კვირაში და ერთ თვეში. დეტალურადაა გადასანაწილებელი ქსელები თითოეული კაბინეტის მიხედვით. „სტადიონსაც“ ჰყავს დაქირავებული სამედიცინო ექსპერტი ამ მიმართულებით, ხოლო ჩემი მხრიდან დანიშნული იქნა მალხაზ ხალვაში, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი.

ყველა სქემა უნდა მოვიდეს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ერთობლივად დადებენ განახლებულ პროექტს, თუმცა რა დროში, გამიჭირდება თქმა. მარტო ტესტირების რეჟიმს ალბათ სამი თვე დასჭირდება. რაც არ უნდა ხარისხიანი აპარატურა დავდგათ, ზოგიერთს დაახლოებით 2 თვე ტესტირება მაინც სჭირდება, რათა საბოლოოდ გაუშვა ექსპლუატაციაში და რისკები მოიხსნას. წელს ეს ჩემი აზრით ვერ დასრულდება. მხოლოდ ამის შემდეგ დაანონსდება, თუ როდის გაიხსნება კლინიკა.

ერთ კვირაში რომც შევიტანოთ ყველა აპარატურა და ინვენტარი, ეს არ ნიშნავს ახალი კლინიკის გახსნას. მე მირჩევნია იყოს დროში გაწელილი… იმიტომ, რომ ის სამედიცინო პერსონალი, ვინც დღეს იქ მუშაობს, არსებულ პირობებში ახერხებს მაქსიმალური შედეგის დადებას. მირჩევნია ახალი კლინიკა უსაფრთხოების მაღალი ნორმების დაცვით გაიხსნას, რათა შემდეგ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მოქმედი პერსონალი ახალ კლინიკაში გადავა? 

პრაქტიკულად შენარჩუნდება მთლიანად, ვინაიდან 400-მდე თანამშრომელია იქ და ახალ კლინიკაში, ყველა მიმართულების გაშვების შემთხვევაში, რაც დაგეგმილი გვაქვს, მინიმუმ 730-მდე თანამშრომელია საჭირო. ასე, რომ კონკურსიც გამოცხადდება და ეს იციან. თუმცა, რა თქმა უნდა, მათ პრივილეგია ექნებათ.

საავადმყოფოში ამბობენ, რომ უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც აღჭურვაზეც იმუშავებდა და პერსონალის გადამზადებაზეც, თუმცა ასეთი კომისია არ შექმნილა…

ნამდვილად, ამ მხრივ არანაირი კომისია ჩემი მინისტრობის დროს არ შექმნილა. მშენებლობის დაწყებამდე იყო კომისია შექმნილი სტრატეგიასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო სახელმწიფო კლინიკა და ამასთან, რა მიმართულებები ყოფილიყო ამ კლინიკაში.

რაც შეეხება გადამზადებას, ესეც იქნება, ოღონდ ეტაპობრივად, მიმართულებების მიხედვით და არა ერთიანად. გავლენ კონკურსზე, გადავლენ და პარალელურად გაივლიან გადამზადებას. იქნება მინიმალური, საშუალო და მაღალი ზღვარი. ვინც მაღალი ქულებით გადალახავს, ავტომატურად დარჩება, ვინც საშუალო – მიეცემა გადამზადების შანსი და ვინც მინიმალურ კომპეტენციას ვერ გადალახავს, იქ შესაძლოა, უკვე დაისვას კითხვა – და ეს მათთვის უცხო არ არის.

რაც შეეხება ექიმებს, პირიქით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვინც თავის დროზე წაართვეს ამ კლინიკას, გარკვეული კადრები, დარწმუნებული ვარ, ისინიც კი მობრუნდებიან.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად შესაძლოა ციური აბულაძე დანიშნოთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორად წარადგინეთ.

როდესაც ციური აბულაძე ინფექციურის დირექტორად დაინიშნა, ვიხუმრეთ კიდეც ბატონ მალხაზთან [რესპუბლიკურის მოქმედი დირექტორი], რომ აი, ხომ ხედავ, გადარჩით-თქო. მსგავსი რამ არც განიხილებოდა და არც გაჟღერებულა. მეტიც, ციური აბულაძის მხრიდან არც იმის სურვილი იყო, რომ დანიშნულიყო ინფექციურის მიმართულებით… დიდი პერიოდი დაგვჭირდა, რომ გაგვეშვა დირექტორად.

ახალ კლინიკას ახალი მიმართულებებიც დაემატება?

დიახ. ვფიქრობთ იმ პროფილების დამატებას, რაც არ იყო ტრადიციული რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის. ეს იქნება ბავშვთა მიმართულება, ასევე  მეან-გინეკოლოგია, რათა სრული სერვისი შევთავაზოთ მოსახლეობას. ამასთან, ეს იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებული. პარალელურად, მედიცინა ვითარდება და ახალი შენობა გვაძლევს საშუალებას, რომ სხვა პროფილიც დავამატოთ. მაგალითად, თუ გაჩნდება თუნდაც ტრანსპლანტაციის შანსი,  სახელმწიფო კლინიკა უნდა იყოს პირველი, ვინც ამას გააკეთებს.

 

ამავე თემაზე:

იყიდება თუ არა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

 

რატომ აღინიშნება „ოჯახის სიწმინდის დღე“ მხოლოდ თბილისში, რუსთაველზე

რატომ აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ თბილისში და როგორ აღმოჩნდნენ ერთმანეთის გვერდით, საპატრიარქო და ქართული ფაშისტური დაჯგუფებები? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს ესაუბრა.

ლევან ღამბაშიძე ფოტო: განათლების ალტერნატიული ცენტრი საზოგადოებისათვის

ბატონო ლევან, ისე გამოვიდა, რომ „ოჯახის სიწმინდის დღეს“ მხოლოდ თბილისში აღნიშნავენ. ხომ არ აჩვენებს ეს ფაქტი, რომ ეს დღე მის მომგონებლებსაც კი არ მიაჩნია საყოველთაოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით? 

არავის დაუმალავს, თუ რატომ  შეიქმნა ეს დღე. ზოგადად, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს მართლა აინტერესებდა ოჯახი. ოჯახის თემა არის მონოპოლიზებული რელიგიური  და სხვა ტიპის ჯგუფის მიერ.  ამ ჯგუფებს უნდოდათ, პრევენცია მოეხდინათ, რომ  „17 მაისი“ აღარასდროს აღარ დამდგარიყო და მხოლოდ მათ ჰქონოდათ  მსვლელობის ლეგალური უფლება.

თუ 17 მაისი დარჩებოდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ, მაშინ ეკლესიას ყოველ ჯერზე მოუწევდა ხალხის ორგანიზება გარეთ გამოსაყვანად, ახლა კი არაძალადობრივად გამოჰყავს ხალხი და ფაქტობრივად შლის იმას, რაც წესით დღეს უნდა აღინიშნებოდეს.

სხვა ქალაქებში რატომ არ გამოდიან?

იმიტომ, რომ მოგონილი დღესასწაულია. ხაშურში რომ ჩატარდეს ჰომოფობიის წინააღმდეგ მსვლელობა, იმ დღიდან გახდება იქაც „ოჯახის დღე“ საყოველთაო და იქაც დაიწყება მსვლელობები. ჯერჯერობით იქ არ დგას ამ მსვლელობის ამოცანა. დღეს ამოცანაა, რომ რუსთაველის გამზირი იყოს პარალიზებული. ძირითადი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა აღინიშნოს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე რუსთაველზე, იყო ის, რომ აქ უამრავი ქართველის სისხლის დაიღვარა, საკრალური ადგილებია და ა.შ.

პრობლემა ის არის, რომ მსგავსი „წმინდა ადგილები“ არ არის მხოლოდ მიზეზი და მსგავსი „არგუმენტები“ ექნებათ ყოველთვის და ბოლომდე გამოგყვებიან.  ახლა კანცელარიასთან იმართება აქცია და იქაც აპირებენ გაბრაზებული ადამიანები მისვლას. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ყოველთვის მოძებნიან მიზეზს.

ამ ადამიანებს არ უნდათ, რომ საქართველოში მრავალფეროვნება არსებობდეს, უნდათ, რომ იყოს მხოლოდ ერთფეროვანი, მათთვის მისაღები ცხოვრების წესი გავრცელებული.

როგორც დღევანდელმა დღემ აჩვენა, „ოჯახის სიწმინდის“ დამცველების გვერდით აღმოჩნდნენ დაჯგუფებები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ქართველი ფაშისტები არიან. რაზე მეტყველებს  ეს ფაქტი, საპატრიარქოს და ქართველ ფაშისტებს საერთო ღირებულებები აქვთ?

შეიძლება ითქვას, რომ კი, საერთო ღირებულებები აქვთ, რადგან სანამ ეს ფაშისტური ჯგუფი გაჩნდებოდა, მანამდე არსებობდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელიც ძალადობდა ქრისტეს სახელით. ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციის დროს დაარბიეს ხალხი, შემდეგ  შევარდნენ ტელეკომპანია „კავკასიაში“ და მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.

საპატრიარქომ ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელის ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს, ამის შემდეგ დააჯილდოვა. ამით მან წააქეზა ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები. საკმარისი იყო საპატრიარქოს მკაცრად ეთქვა, რომ  ის ჯგუფი, რომელიც ძალადობს, (მმკ-ზე მაქვს საუბარი) არის ძალიან ცუდი და ლაქა ჩვენი რელიგიისთვის, რომელიც კაცთმოყვარეა, ამ ჯგუფს ასეთი ავტორიტეტი აღარ ექნებოდა.

ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საზოგადოების ნაწილი ვერ გამოხატავს თავის  პოზიციას, რადგან სახელმწიფო ვერ იცავს მათი გამოხატვის უფლებას. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ სახელმწიფო არის სუსტი, თუ იმაზერომ ამ ჯგუფების ინტერესებს იზიარებს სახელმწიფო

სახელმწიფომ  რომ თქვას, ეს ფაშისტები არიან მოძალადეები და ჩვენ მათ ყოველთვის მკაცრად დავსჯით, მაშინ ეს  ჯგუფი დღეს არ გამოვიდოდა ქუჩაში.  ის, რომ სახელმწიფო საზოგადოების ნაწილს ვერ იცავს, რა თქმა უნდა არის პრობლემური. თუ მე დავინახავ, რომ სახელმწიფოს ვკარნახობ წესებს, მას ჩემი ეშინია, კიდევ დავაშანტაჟებ.

სახელმწიფომ თქვა 16 აპრილს, რომ სპეცდანიშნულების რაზმით ვერ შეაკავებდა იმას, რაც მეორე მხარეს ხდებოდა. რასაც ვერ აკავებს სპეცდანიშნულების რაზმი, აკავებს შინაგანი ჯარი. გამოიყვან და რაოდენობით დაჯაბნი. თუ ამას სახელმწიფო ვერ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ  სახელმწიფო ვერ ფუნქციონირებს. ვთქვათ, ეს მსვლელობა ყოფილიყო პრემიერის წინააღმდეგ, მისი გადადგომის მოთხოვნით და ა.შ. უნდა ეთქვათ, რომ ვერ ვაკავებთ და შევიდნენ პარლამენტშიო? მაშინ ხომ გამოიყენებდა ძალას? ეს არ გააკეთა, რადგან წინა მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა ძალის გამოყენებაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალის გამოყენებასა და ძალის გადამეტებას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება.

სახელმწიფოს აქვს უფლება ძალის გამოყენების, ეს თუ ვერ გაიგო მოსახლეობამ, მთავრობამ, ვიქნებით ასე შეშინებულები.

პრობლემაა იმ ხალხის პოზიციაც, რომლებიც „გულში კეთილები არიან“ და თან მოსწონთ მოძალადეები. მათ ჰგონიათ, რომ ეს ძალადობა ვრცელდება ერთ კონკრეტულ ჯგუფზე და მათ არ ეხებათ. მაგრამ ეს ხომ იმის მაჩვენებელია, რომ ზეგ, მაზეგ, მათ რომ რაიმე პრობლემა შეექმნათ, რაიმეს თქმა მოუნდეთ და იდეოლოგიურად შეიძლება აღმოჩნდნენ უმცირესობის მხარეს, ეს ფაშისტები მაშინ მათ მოსდგებიან.

სწორედ ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენ რომ არ ვაჩაგრინებთ ამ აგრესიულ ხალხს პატარა ჯგუფებს, ეს არის გარანტია იმის, რომ ჩვენ არ დავიჩაგრებით მომავალში.

 რაზე მეტყველებს ფაშისტების გამოჩენა ქვეყანაში?

ზოგადად, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ სახელმწიფოს არ აინტერესებს კრემლის აგენტურა მუშაობს თუ არა საქართველოში. კონტრდაზვერვა გვაქვს თუ არა, ეს არ იგრძნობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გვახსოვს, კვარტალში ერთხელ ჯაშუშების დაჭერა რომ ხდებოდა. ეს ხალხმა აღიქვა როგორც სანახაობა, უაზრობა, მაგრამ ის, რომ ექვსი წლის განმავლობაში არც ერთი აგენტი არ გამოვლენილა… ვხედავთ, რომ ცხვირწინ აღმოუცენდა ფაშისტები სახელმწიფოს.

ამერიკის არჩევნებმა, ბრიტანეთის ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთს ჰყავს თავისი აგენტურა უცხო ქვეყნებში და ფაქტია, რომ ჰყავს საქართველოშიც. მე არ შემიძლია ძალიან ღიად [დარწმუნებით] ვთქვა ფაშისტურ ჯგუფებზე, რომ ისინი უშუალოდ რუსეთისგან ფინანსდებიან, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ  ეს ასეა.

ამ ადამიანებმა „მაკაროვები“ დადეს მაგიდაზე და ისე გააკეთეს პრესკონფერენცია. მე რატომ უნდა ვუთხრა სახელმწიფოს, გამოიძიე რატომ უდევთ იარაღი-თქო?

რაც სახელმწიფოს სჭირდება, იმაზე  ვიდეოსაც დებს, ფოტოსაც და სხვა მტკიცებულებებსაც.

და რაზე მიანიშნებს სახელმწიფოს ეს დამოკიდებულება?

ჯერჯერობით გაურკვევლობაა ერთიანი პანიკის ფონზე და ეს ისევ ამ სახელმწიფოს დამსახურებაა. როგორც კი დალაგდება სიტუაცია, მერე ყველა ის ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული. როგორ მოხდა, რომ ეს ფაშისტური ჯგუფი  გახდა 20-კაციანი, რატომ აგროვებს გვარდიას და ა.შ. ეს კითხვები დაისმება და წესით და რიგით, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს პროცესი. 17 მაისი იქნება მომავალშიც,

ხვალ-ზეგ რაღაც წიგნს გამოვცემთ, რომელიც ვიღაცას არ მოეწონება და ვერ ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ იტყვის უარს მრავალფეროვან სახელმწიფოზე და ვერ დათანხმდება ერთფეროვან ქვეყანას.

________________

მთავარ ფოტოზე: 17 მაისი, რუსთაველის გამზირი. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი, ნეტგაზეთი

პარკირების წესების დარღვევა ბათუმში – ჯარიმების სტატისტიკა [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 374 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 334, ნიშანში დგომისთვის – 35, ტროტუარზე დგომის გამო – 1, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 3 და 1 –  ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები ბათუმის კაფეებში

კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე 17 დღეა მოქმედებს. როგორ შეხვდნენ კაფე-ბარების მეპატრონეები და კაფეების სტუმრები სიახლეებს, იქმნება თუ არა პრობლემები კაფეს სტუმრებისგან და როგორ მოქმედებს რეგულაციები ამოქმედებიდან ორი კვირის შემდეგ? ბათუმის სხვადასხვა კაფეში მენეჯერები, კაფეს მეპატრონეები და მომსახურე პერსონალი ამბობს, რომ კანონი მათ დაწესებულებებში პრობლემებისა და გართულებების გარეშე მოქმედებს. სხვადასხვა კაფეში აკრძალვის სხვადასხვაგვარი მინიშნებაა გაკრული, რაც შეგახსენებთ, რომ დახურულ სივრცეში მოწევას კანონი კრძალავს.

პაატა ძიძიგური, კაფე „ვინილი“: „მიუხედავად იმისა, რომ კაფეს მფლობელები მწეველები ვართ, მიგვაჩნია, რომ  სუფთა ჰაერით სუნთქვა კომფორტია. მოუკიდებიათ სპონტანურად და მერე უცებვე გასულან გარეთ, როცა შეგვიხსენებია აკრძალვის შესახებ. მიმაჩნია, რომ სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამბავია, მიუხედავად იმისა, მწეველი ხარ თუ არა”.

„ვინილში” ეს აბრა შეგახსენებთ კანონს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“.

 

კაფე „ვინილის” მფლობელი პაატა ძიძიგური

ბულვართან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ამ ობიექტში გვითხრეს, რომ  მათი სტუმრები  არც კანონის მიღებამდე ეწეოდნენ დახურულ სივრცეში, შესაბამისად ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები აქ არ უგრძვნიათ. კაფეს მცხობელი გვეუბნება, რომ მოწევის ამკრძალავი აბრების გაკვრაც კი არ დასჭირვებიათ. მაგიდებზე საფერფლეები არ დგას და შესაბამისად, ყველასთვის მისახვედრია, რომ აქ არ ეწევიან.

ბულვართან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტი

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „პრივეტ იზ ბატუმაში” კანონის ამოქმედებამდე არსებობდა არამწეველთა კუთხე, ახლა მთელი დარბაზი ასეთია.

 

აქ  თუ აბრა თამბაქოს მოწევას და ძაღლის დარბაზში შეყვანას გიკრძალავთ, იქვე, ახლომდებარე მიწისქვეშა კაფეში „ბარ თუ მი” (Bar To Me) მინიშნება გაფრთხილებთ, რომ აკრძალულია როგორც თამბაქოს, ასევე ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევა. კაფეს მენეჯერი გვეუბნება, რომ დახურულ სივრცეში კაფეს მომსახურე პერსონალისთვის შემაწუხებელი იყო მუდმივად გაკვამლული დარბაზი, მით უფრო, რომ მიწისქვეშა სივრცე რთულად ნიავდება.

თამბაქოს ამკრძალავი აბრა კაფე „ბარ თუ მიში”
კაფე „ბარ თუ მი”

რესტორან „გრანდ გრილში” პირველი მაისიდან ამოქმედებული კანონის შემდეგ სპეციალურად დაამზადებინეს ხელსაწმენდის ჩასადებები თამბაქოს ამკრძალავი მინიშნებებით. პირველ მაისამდე ამ დარბაზშიც ეწეოდნენ.

თამბაქოს ამკრძალავი მინიშნება რესტორან „გრანდ გრილში”

თუ ბევრს ეწევით და ყოველ წამს გარეთ გასვლა გეზარებათ, ღია კაფეებს შეგიძლიათ მიაშუროთ. თევზის ღია რესტორან „ჩემს თევზს”, მაგალითად, ბულვარის შესასვლელთან ახლოს აბრების დაკიდება არ დასჭირვებია, ეს ღია კაფეა და აქ ეწევიან.

რესტორანი „ჩემი თევზი”

_______________________________

მეტი საქართველოში აკრძალვების შესახებ:

სასამართლოს შესაძლოა მისცენ შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლება. 

 

დღეს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე, მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 17 მაისს, 19:00-დან 23:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ბათუმში,  მემედ აბაშიძის გამზირზე. ამის მიზეზი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მოეწყობა ფლეშმობი და სხვა ღონისძიებები. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მემედ აბაშიძის გამზირი გადაიკეტება 26 მაისის ქუჩის კვეთასთან, ხოლო ვაჟა-ფშაველას ქუჩა – კლდიაშვილის ქუჩის კვეთასთან.

 

ახალი ელექტრომობილები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

ბათუმის ბოტანიკურ ბაღმა ორი ახალი ელექტრომობილი შეიძინა. ბოტანიკურ ბაღში ტურისტებს ჯამში 11 ელექტრომობილი ემსახურება, რომელთაგან 5 წელს არის შეძენილი.

ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, წელს ელექტრომობილებისთვის ჯამში 169 080 ლარი დაიხარჯა. მათივე ცნობით, თითოეული ელექტრომობილის ფასი 33 816 ლარია.

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან (უნივერსიტეტის ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით) საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე ერთი დამთვალიერებლის გადაყვანა ერთი მიმართულებით ხუთი ლარი ღირს, ხოლო ინდივიდუალური მომსახურება, რომელიც გულისხმობს არაუმეტეს ხუთი ადამიანის მიერ ერთი საათით ელექტრომობილის ინდვიდუალურ გამოყენებას, ბაღის ძირითადი ტურისტული მარშრუტის დათვალიერების მიზნით – 60 ლარია.

ეტლით მოსარგებლისთვის გაუვალი ტროტუარი ბათუმში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარ „ფლორიდას“ კონსტრუქცია  ისე აქვს მიშენებული, რომ ფეხით მოსიარულე იძულებულია ან ველობილიკზე გადავიდეს, ან მიშენებულ კონსტრუქციაზე ააბიჯოს. მიშენება განსაკუთრებით ართულებს ამ ადგილზე  ეტლით გავლას.

მერიის ინფორმაციით, ეს კონკრეტული ობიექტი აღრიცხულია მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ, მისამართზე რამდენჯერმე იყო გასული ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ ობიექტი დაკეტილია და მფლობელის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. როგორც მერიაში ამბობენ, შესაბამისი ოქმი დაიწერება მას შემდეგ, როცა მოხერხდება მეპატრონესთან დაკავშირება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებურ შეზღუდვასა და მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი – მუხლი 150¹; მუხლი 152²) ამ დროისთვის დაწერილია 27 ოქმი. მათივე ცნობით, ქალაქში არსებული ყველა კვების ობიექტი გაფრთხილებულია, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ ობიექტების იერსახე და მიმდებარე ტერიტორია.


ამავე თემაზე:

როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები

პატარაძის მეგობრის კომპანია კურორტ „გოდერძიზე“ ხელოვნურ ტბას მოაწყობს

შპს „გთმ გრუპმა“ აჭარის მთავრობას კურორტ გოდერძისთან დაკავშირებული ერთ-ერთი სახელშეკრულებო ვალდებულების ჩანაცვლება შესთავაზა. კომპანიამ 450000-ლარიანი საბანკო გარანტიის წარდგენის სანაცვლოდ კურორტზე ხელოვნური ტბის მოწყობის ვალდებულება აიღო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თანხმობის ბრძანებას 2018 წლის 15 მარტს მოაწერა ხელი.

ხელოვნური ტბის მოწყობას „გოდერძიზე“ კურორტის განაშენიანების გეგმა ითვალისწინებს. ამ ტბის მიმდებარედ იგეგმება ასევე კოტეჯების მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, შპს „გთმ გრუპმა“ კურორტზე ხელოვნური ტბის მოწყობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია 2018 წლის ნოემბრამდე უნდა მოამზადოს და შესათანხმებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს. 2021 წლის 14 ოქტომბრამდე კი ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოები უნდა დასრულდეს.

ამ კომპანიამ 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, 85 250 ლარად და ინვესტიციის განხორციელების პირობით შეისყიდა. გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით გადაცემაზე ზურაბ პატარაძემ მიიღო [ბრძანება #258 7/12/2017].

შპს „გთმ გროუპი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თავად ზურაბ პატარაძემ დაუდასტურა.

ზურაბ პატარაძის მეგობრის კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება აჭარის ფინანსთა სამინისტროს საბანკო გარანტიით ჰქონდა დაზღვეული.

მთავარი ფოტო: კურორტის ადმინისტრაცია

ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია – საქართველო შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებაზე მუშაობს

საქართველო აპირებს ევროპის ქვეყნებთან შრომითი მიგრაციის სქემები დანერგოს. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ლეგალურად დასაქმდნენ.

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ლეგალურად დასაქმების სქემების დასანერგად. მოსამზადებელ ეტაპზე ჩართულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ფასილიტაციას უკეთებს ამ პროცესის, საკონსულოები და ჩვენი უწყება,“ – ამბობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ელზა ჯგერენაია.

ჯგერენაიას თქმით, საუბარია როგორც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებზე – ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია, ასევე სამხრეთ ევროპის ორ ქვეყანაზე – ესპანეთი და პორტუგალია. ხელშეკრულების გაფორმებით დაინტერესებული არიან ლიტვა და ლატვია.

„დაწყებულია მოლაპარაკებები ამ ქვეყნებთან. პოლონეთთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების მაგალითი საშუალებას მოგვცემს, რომ მსგავსი გამოცდილება დაინერგოს  სხვადასხვა ქვეყანაში“, – ამბობს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

რა დრო და რა პროცედურებია საჭირო იმისათვის, რომ საუბრები რეალურ ხელშეკრულებად იქცეს და შრომითი მიგრაცია ლეგალურ ჭრილში მოექცეს? – ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ პირველ რიგში, აუცილებელია ცალკეული ქვეყნის შრომის ბაზარი შეისწავლონ. ამის შემდეგ, ქართულ შრომის ბაზარზე, ევროპაში დასაქმების მსურველი შესაბამისი პროფესიების მქონე კადრების მონაცემები შეგროვდება. ბოლო ეტაპი არის მათი საპილოტე პროგრამაში ჩართვა.

„დასაქმების კუთხით გამოწვევა გახლავთ ის, რომ ან კვალიფიკაცია არ არის შესაბამისი, ან კვალიფიციურ კადრს სთავაზობენ არაადეკვატურ ანაზღაურებას. ამ მიზეზით, ხშირ შემთხვევაში შემდგომ ჩვენი მოქალაქე არალეგალურ გზებსაც კი მიმართავს, რომ დასაქმდეს უცხოეთში. ამიტომაც, პირველ ეტაპზე მოვიძიებთ კადრების, რის შემდეგაც კომუნიკაცია შედგება უწყებებს შორის თანამშრომლობის გზით, შემდეგი კი იქნება შერჩევა და ის პროცედურები, რაც ახლავს ამ სქემებში ჩართვას,“ – აცხადებს ელზა ჯგერენაია.

მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნის შრომით ბაზარს განსხვავებული სპეციფიკა აქვს.  კადრები, ძირითადად, სჭირდებათ სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და IT სპეციალობის მიმართულებით.

ლეგალური შრომითი მიგრაციის სქემა უკვე დანერგილია პოლონეთთან და მას კოორდინაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უწევს. ამ ეტაპზე პოლონეთი და საქართველო  ორმხრივი ხელშეკრულების პროექტზე მუშაობს.

„თუკი აქამდე IOM-ის პროექტით ხორციელდებოდა დასაქმება და ის უწევდა ფასილიტაციას, ახლა უშუალოდ ორი სხვადასხვა ქვეყნის სამინისტრო, მიმღები და დონორი ქვეყანა იმუშავებს. ხელშეკრულება განსაზღვრავს სწორედ იმ მოვალეობებსა და ფუნქციებს, რაც ლეგალური მიგრაციის სქემას დაამკვიდრებს და დაიცავს ჩვენს  მოქალაქეებს უცხოეთში სხვადასხვა მოსალოდნელი რისკისაგან, რომელიც არალეგალურ მიგრაციას თან ახლავს. მალე დაიწყება ამ ხელშეკრულების განხილვა და შემდგომ უკვე ოფიციალურად მოეწერება ხელი,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია.

 

Exit mobile version