მთავარი,სიახლეები

ვინ იმღერებს 26 მაისს ბათუმში – მერია ღონისძიებებში 80 000 ლარს დახარჯავს

18.05.2018
ვინ იმღერებს 26 მაისს ბათუმში – მერია ღონისძიებებში 80 000 ლარს დახარჯავს

ქალაქის ბიუჯეტიდან მიმდინარე წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 80 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან უშუალოდ ღონისძიების ორგანიზებისთვის –  56 980 ლარი, ხოლო გასართობი მომსახურებისთვის – 23 020 ლარია გათვალისწინებული. შესაბამის მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე შეისყიდის.

კულტურის ცენტრის ინფორმაციით, წინასწარი თანხმობა მიღებულია და ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: არჩილ გოგიტიძე, ანიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, ავთო აბესლამიძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე და სოფო ხალვაში.

ასევე ჯგუფები: sound lab-ი, 4 secons-ი, „ნერვოზი“, „ლილე“.

კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ 26 მაისს დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების გრაფიკის დეტალები ზუსტდება.

ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქვე გაიმართება შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენაც.

„საქართველოს დამოკიდებლობის 100 წლისთავის აღნიშვნა, რომელიც განსაკუთრებული პოლიტიკურ-საზოგადეობრივი მნიშვნელობისაა, წელს დაიგეგმა საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალიზებული წესით. გამომდინარე აქედან, „ბათუმის კულტურის ცენტრი“ მთლიანად დამოკიდებული იყო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი აქტივობების ნუსხა განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ, რის გამოც შეუძლებელი იყო შესყიდვების წინასწარი განსაზღვრა,“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კულტურის ცენტრს თანხმობა, 80 ათასი ლარის ტენდერის გარეშე გახარჯვაზე, გუშინ, 17 მაისს, მისცა.

________________________________

მთავარი ფოტო: 2017 წლის 26 მაისი / სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმის ბულვარში / ია ფრანგიშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: