მთავარი,სიახლეები

თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები ბათუმის კაფეებში

17.05.2018 • 4663
თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები ბათუმის კაფეებში

კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ უკვე 17 დღეა მოქმედებს. როგორ შეხვდნენ კაფე-ბარების მეპატრონეები და კაფეების სტუმრები სიახლეებს, იქმნება თუ არა პრობლემები კაფეს სტუმრებისგან და როგორ მოქმედებს რეგულაციები ამოქმედებიდან ორი კვირის შემდეგ? ბათუმის სხვადასხვა კაფეში მენეჯერები, კაფეს მეპატრონეები და მომსახურე პერსონალი ამბობს, რომ კანონი მათ დაწესებულებებში პრობლემებისა და გართულებების გარეშე მოქმედებს. სხვადასხვა კაფეში აკრძალვის სხვადასხვაგვარი მინიშნებაა გაკრული, რაც შეგახსენებთ, რომ დახურულ სივრცეში მოწევას კანონი კრძალავს.

პაატა ძიძიგური, კაფე „ვინილი“: „მიუხედავად იმისა, რომ კაფეს მფლობელები მწეველები ვართ, მიგვაჩნია, რომ  სუფთა ჰაერით სუნთქვა კომფორტია. მოუკიდებიათ სპონტანურად და მერე უცებვე გასულან გარეთ, როცა შეგვიხსენებია აკრძალვის შესახებ. მიმაჩნია, რომ სხვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი ამბავია, მიუხედავად იმისა, მწეველი ხარ თუ არა”.

„ვინილში” ეს აბრა შეგახსენებთ კანონს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“.

 

კაფე „ვინილის” მფლობელი პაატა ძიძიგური

ბულვართან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ამ ობიექტში გვითხრეს, რომ  მათი სტუმრები  არც კანონის მიღებამდე ეწეოდნენ დახურულ სივრცეში, შესაბამისად ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ განსაკუთრებული ცვლილებები აქ არ უგრძვნიათ. კაფეს მცხობელი გვეუბნება, რომ მოწევის ამკრძალავი აბრების გაკვრაც კი არ დასჭირვებიათ. მაგიდებზე საფერფლეები არ დგას და შესაბამისად, ყველასთვის მისახვედრია, რომ აქ არ ეწევიან.

ბულვართან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტი

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „პრივეტ იზ ბატუმაში” კანონის ამოქმედებამდე არსებობდა არამწეველთა კუთხე, ახლა მთელი დარბაზი ასეთია.

 

აქ  თუ აბრა თამბაქოს მოწევას და ძაღლის დარბაზში შეყვანას გიკრძალავთ, იქვე, ახლომდებარე მიწისქვეშა კაფეში „ბარ თუ მი” (Bar To Me) მინიშნება გაფრთხილებთ, რომ აკრძალულია როგორც თამბაქოს, ასევე ელექტროსიგარეტისა და ჩილიმის მოწევა. კაფეს მენეჯერი გვეუბნება, რომ დახურულ სივრცეში კაფეს მომსახურე პერსონალისთვის შემაწუხებელი იყო მუდმივად გაკვამლული დარბაზი, მით უფრო, რომ მიწისქვეშა სივრცე რთულად ნიავდება.

თამბაქოს ამკრძალავი აბრა კაფე „ბარ თუ მიში”

კაფე „ბარ თუ მი”

რესტორან „გრანდ გრილში” პირველი მაისიდან ამოქმედებული კანონის შემდეგ სპეციალურად დაამზადებინეს ხელსაწმენდის ჩასადებები თამბაქოს ამკრძალავი მინიშნებებით. პირველ მაისამდე ამ დარბაზშიც ეწეოდნენ.

თამბაქოს ამკრძალავი მინიშნება რესტორან „გრანდ გრილში”

თუ ბევრს ეწევით და ყოველ წამს გარეთ გასვლა გეზარებათ, ღია კაფეებს შეგიძლიათ მიაშუროთ. თევზის ღია რესტორან „ჩემს თევზს”, მაგალითად, ბულვარის შესასვლელთან ახლოს აბრების დაკიდება არ დასჭირვებია, ეს ღია კაფეა და აქ ეწევიან.

რესტორანი „ჩემი თევზი”

_______________________________

მეტი საქართველოში აკრძალვების შესახებ:

სასამართლოს შესაძლოა მისცენ შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლება. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: