ბათუმის მერიას 200-ათასიან ტენდერში უჩივიან – ქუჩების რეაბილიტაცია გონიო-კვარიათში

გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, შპს „ნიუ სთაილ“-მა დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს. ის ბათუმის მერიას შესაბამის მომსახურებას 723 ლარით ნაკლებად სთავაზობდა, ვიდრე მეორე პრეტენდენტი – შპს „ბონდი-2009“, რომელსაც მერია დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს.

„ნიუ სთაილი“ აცხადებს, რომ მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რასაც მერია სატენდერო პირობით ითხოვდა [საავტომობილო გზების, ქუჩების მშენებლობა ან/და რეკონსტრუქცია ან/და მოდერნიზაცია ან/და რეაბილიტაცია], თუმცა მათ მიერ შესრულებული სამუშაო კომისიამ არ ჩათვალა ქუჩების კეთილმოწყობად.

„გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები სწორედ საავტომობილო გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რის ფარგლებშიც, უშუალოდ სავალი ნაწილი იქნა მოწყობილი. ყველა წარდგენილ ხელშეკრულებას თან ახლავს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც აშკარად ჩანს რომ, სამუშაოების ფარგლებში დაგებულია საგზაო ფილები, რომელიც გამოიყენება ქუჩების კეთილმოწყობისთვის და ასრულებს იგივე ფუნქციას, რასაც ასრულებს ასფალტირება, ბეტონირება და ა.შ.
გაუგებარია, თუ არა გზების, ქუჩების რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, რეაბილიტაცია მაშინ რა სამუშაოებს წარმოადგენს ჩვენს მიერ წარდგენილი [შესრულებული] სამუშაოები.
ამასთან, თუ შემსყიდველი აქცენტს აკეთებს უშუალოდ ასფალტირებაზე, ამ შემთხვევაში, მას სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა ჰქონოდა დაკონკრეტებული სწორედ ასფალტირების სამუშაოები და არა ზოგადი, გზების, ქუჩების რეკონტრუქცია\მოდერნიზაცია\რეაბილიტაცია“ – აცხადებენ „ნიუ სთაილში“.

კომპანია ითხოვს გაუქმდეს ბათუმის მერიის სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და ხელახლა განხორციელდეს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმება.

გონიო-კვარიათის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 15 მაისს დასრულდა. სატენდერო თანხა 213 463 ლარი იყო. „ნიუ სთაილმა“ მერიას სამუშაოების ჩატარება 187 277 ლარად შესთავაზა, მეორე კომპანიამ [„ბონდი-2009“] კი – 188 000 ლარად. ორთავე კომპანია ბათუმშია რეგისტრირებული.

დავების საბჭო „ნიუ სთაილის“ საჩივარს 29 მაისს განიხილავს.

ანდრია პირველწოდებულის პირველი შესახვევის სიტუაციური გეგმა სატენდერო დოკუმენტებიდან

შსს: ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.გ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები“ – აცხადებს შსს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პირველი არხის ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულზე დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია პირველი არხის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაუდასტურა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ნოდარ ჩაჩუა გუშინ ღამით დააკავეს და ეს არ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას.

„მე ვიცი მხოლოდ ის, რომ დააკავეს წუხელ ღამით, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის არ არის ცნობილი, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება,“ – გვითხრა ვასილ მაღლაფერიძემ.

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, ნოდარ ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს.

ნოდარ ჩაჩუას დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. „ამ ეტაპზე ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს უწყების პრესსამსახურში.

კიდევ ერთი უწყება, ვისაც ნარკოტიკის მუხლით პირის დაკავება შეუძლია, არის პროკურატურა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მთავარ პროკურატურასაც. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადამოწმების შემდეგ მოგვაწვდიან.

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ანბანის კოშკთან, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყო. ნებისმიერ მსურველს საღამოს რვა საათამდე ტექნიკის დათვალიერების საშუალება აქვს. გამოფენა აქვს ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

ანბანის კოშკთან ასევე შეგიძლიათ 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოგამოფენის ნახვა.

 

26 მაისი ბათუმში. მარიან ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში. მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

 

უკრძალავენ თუ არა ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვას

„მძღოლებს ხელმძღვანელობისგან აქვთ მითითება, რომ პირველ ივნისამდე კონდიციონერები ავტობუსებში არ ჩართონ. თუ დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში“, – ასეთი პასუხი „ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე მოქალაქემ მას შემდეგ მიიღო, რაც, როგორც თავად ამბობს, მგზავრების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მძღოლმა N16 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსში, კონდეცირების სისტემა არ ჩართო.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, სადაც მოქალაქისთვის ცხელ ხაზზე მიღებული პასუხი არ უარუყვიათ. თუმცა, არც ის დაგვიდასტურეს, რომ ასეთი გაფრთხილება მათ ხელმძღვანელობისგან ჰქონდათ.

„ცხელი ხაზის ოპერატორები არ იყვნენ გაფრთხილებული რა უნდა ეპასუხათ ასეთ შემთხვევაში“, – გვითხრეს კომპანიაში და განაცხადეს, რომ კონდიციონერი ქალაქში მოძრავი ავტობუსიდან მხოლოდ 20 ავტობუსს აქვს და ზოგიერთში სისტემა გასამართია.

„მძღოლებს მიეცათ მითითება, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩართონ კონდიციონერი. რაც შეეხება დაზიანებულ სისტემებს, მიმდინარეობს მათი შეკეთება“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბესო დათიაშვილმა, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 26 მაისს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსია.

ბათუმის მერიაში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ე.წ. ვერცხლისფერ ავტობუსებში მოაწესრიგებენ და ჩართავენ კონდიციონერებს. ყვითელ ავტობუსებში კი, კონდიციონერები საერთოდ არ არის.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს.

მთავარი ფოტო: მუნიციპალური ავტობუსი N16, რომლის მძღოლმაც კონდიციონერი, მგზავრების მოთხოვნის მიუხედავად არ ჩართო / 26.05.2018 / როინ გუნდაძის ფოტო

ამავე თემაზე:

როგორი ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ბათუმში – მერია მოსახლეობის გამოკითხვას აპირებს

ნოდარ და მაია ნათაძეები დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერ ბაბუს კალთაში – პოლიტიკურ თაობათა სიახლოვე

ბაბუა, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, გრიგოლ ნათაძეა – მან ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ბაბუას კალთაში შვილიშვილები უზის – ნოდარ და მაია ნათაძეები. მათ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოაწერეს ხელი.

საოჯახო ფოტო 1930 წელს არის გადაღებული.

გრიგოლ [გიგო] ნათაძე ქართველ ესერთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერი იყო. იგი ლექციების კითხულობდა „სახალხო უნივერსიტეტში” და მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლიდან იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით. ოკუპაციის შემდეგ გრიგოლ ნათაძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

გრიგოლ ნათაძის შვილიშვილები – ნოდარ და მაია ნათაძეები და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გახდნენ მას შემდეგ, როცა საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მეორედ მოახერხა – 1991 წლის 9 აპრილს.

გრიგოლ (გიგო) ნათაძე და მისი შვილიშვილები ნოდარ და მაია ნათეძეები. გრიგოლ ნათაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი 1918 წელს, ხოლო მისმა შვილიშვილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1991 წელს

 

პირველი პარლამენტის დეპუტატი ქალი, რომელიც დახვრიტეს

მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოცხადდა – 1918 წლის 26 მაისს, პირველ პარლამენტში ხუთი დეპუტატი ქალი აირჩიეს, მათ შორის, იყო ანა სოლოღაშვილი.

ანა სოლოღაშვილი 1882 წელს დაიბადა, თფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში, დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1903 წლიდან ანა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო.

1912 წლის 16 აგვისტოს ანა სოლოღაშვილი დააპატიმრეს „არსებული წეს-წყობილების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით“და გადასცეს სამხედრო-საოლქო სასამართლოს. სასამართლომ ბრალდება დაუსაბუთებლად ცნო.

1917 წელს ანა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. იგი იყო გორის ქალთა ინტერნაციონალური კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 1918 წლის განმავლობაში ანა სოლოღაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო, 1919 წლიდან კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანა სოლოღაშვილი წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. იგი მუშაობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1922 წლიდან კომიტეტი გარდაიქმნა ბოლშევიკურ საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად – „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“.

1925 წლიდან ანა სოლოღაშვილი ცხოვრობდა და მუშაობდა მასწავლებლად სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.

1937 წელს იგი დააპატიმრეს „ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და შოვინისტური განწყობების გამო“, აგრეთვე „მენშევიკთა“ ლიდერ – ისიდორე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით. მას დახვრეტა მიუსაჯეს.

დახვრიტეს 28 ნოემბრის ღამით.

სტატია მომზადებულია გამოცემა „საქართველოს დამფუძნებელი კრების“ მიხედვით.

მთავარ ფოტოზე: ანა სოლოღაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

საზეიმო მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე [ფოტო]

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ბათუმში ცენტრალური პარკიდან დაიწყო. აქ ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მონაწილეების შეიკრიბნენ და მემედ აბაშიძის გამზირი სიმღერით ჩაიარეს. მსვლელობის დროს სხვადასხვა ენაზე ისმოდა შეძახილი – საქართველო.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები ანბანის კოშკთან უკვე დაიწყო.

26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო
26 მაისი ბათუმში/ მარიამ ქველიაშვილის ფოტო

 

ფერდების მდგრადობა არ აკმაყოფილებს ნორმებს – მშენებლობა გვირაბთან 4,7 მილიონით ძვირდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შპს „გზა“-სთან 2,5 მილიონ ლარზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შეაქვს. კომპანიას 2017 წლის ნოემბერში ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი უნდა აეშენებინა, თუმცა დეპარტამენტმა დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაწია – ამჯერად, 2018 წლის 31 აგვისტომდე, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობას ითხოვს.

როგორც აღმოჩნდა, სამუშაოები დაიწყეს, თუმცა დროულად ვერც გეოლოგიური დასკვნა დაიდო, ვერც პროექტი და არც ის თანხა აღმოჩნდა საკმარისი, რაც კვანძის ასაშენებლად გათვალეს. დღევანდელი გათვლებით პროექტი 4,7 მილიონი ლარით ძვირდება.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 2018 წლის 22 იანვარს, შპს „გზას“ მიერ, წარმოდგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიმართ მათი მხრიდან იყო შენიშვნები  – გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, გადამოწმებული იქნა ფერდების მდგრადობის ანგარიში საპროექტო დატვირთვებზე, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამიტომ, საჭირო გახდა დამატებითი გეოლოგიური კვლევების ჩატარება, რომელზე დაყრდნობითაც „გზას“ უნდა მიეღო შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებები.

„2018 წლის 24 მაისს „გზამ“ დეპარტამენტში წარმოადგინა კორექტირებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით – 7 239 902 ლარი. განხილვის შედეგად, პროექტის მიმართ, კვლავ იყო შენიშვნები: არ არის სრულად წარმოდგენილი ფერდების მდგრადობის ანგარიში, აგრეთვე, არსებული გვირაბის სამხრეთ პორტალზე გამავალი გზის პორტალის მდგრადობის ანგარიში. გამოიკვეთა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტისა და ამ მონაკვეთზე ასაშენებელი ავტომაგისტრალის პროექტის ზედდება. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ პროექტს სჭირდება კორექტირება“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვინაიდან მშენებლობა და პროექტირება მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში, საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოოდ მიღებამდე ვერ მოხერხდება სამუშაოს მიღება, ამიტომ „გზას“ მიეცეს დარჩენილი სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 31 აგვისტომდე.

რაც შეეხება პროექტის დამტკიცებას და ხარჯების 4 739 902 ლარით გაზრდას, დეპარტამენტის მიერ „იგეგმება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიღება „გზასთან“ არსებული საკონტრაქტო ღირებულების ფარგლებში და მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა, ხოლო დარჩენილ სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერის ცალკე გამოცხადება.“

დეპარტამენტი, შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ, აღნიშნული გეგმის განხორციელების მიზნით, მიმართავს საქართველოს მთავრობას.

„სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის უზრუნველსაყოფად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, რათა სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში“ – აცხადებდა დეპარტამენტი 2017 წლის ივლისში, „გზასთან“ ხელშეკრულების გაფორმებამდე.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი უკანონო და დანაშაულებრივ ხელშეკრულებას აფორმებს და საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს,“ – განაცხადა მიმდინარე წლის თებერვალში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძემ. მან პროკურატურას წერილობით მიმართა და მახინჯაურის გვირაბთან ახლოს გამავალი ახალი გზის მოწყობით დაინტერესება მოითხოვა. გია აბულაძე ირწმუნება, რომ ახალ გზას ბიძინა ივანიშვილისთვის აკეთებენ, რომელსაც ამ ტერიტორიიდან ხეები გააქვს.

ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს კეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი“ – ამბობენ დეპარტამენტში.

მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი.  ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზა. აქვე შენდება ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი.  / 22.10.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე:

ავტობანი: გვირაბთან სამუშაოები ბათუმისა და ქობულეთის შემოვლით გზებს უკავშირდება

 

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

 

რატომ აძლიერებს ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს

რადიკალური და ფაშისტური ჯგუფები თუკი აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ, სიძულვილის მაჩვენებელ სტატუსებს აქვეყნებდნენ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ, დღეს ისინი ღიად ესხმიან თავს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების დაცვას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ.

რამ განაპირობა რადიკალური, ფაშისტური საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება და როგორ უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ დაირღვეს, ხოლო ფაშისტურმა ჯგუფებმა არ ჩათვალონ, რომ აგრესიის გამოვლენის საშუალება მიეცათ და ამისთვის არავინ დასჯით.

„ხელისუფლება სცენას უთმობს მოძალადეს,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია, „რესპუბლიკელების“ ლიდერი. მისი აზრით, ხელისუფლება ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს. „ჩვენ ვხედავთ, როცა აგრესიული კამპანია მიდის თავისუფალი აზრის წინააღმდეგ, ხელისუფლება კი ყოველთვის დგას მოძალადის და აგრესორის მხარეს,“ – ამბობს ის. ამის მაგალითად თამარ კორძაია რამდენიმე შემთხვევას ასახელებს, როცა ხელისუფლებამ მოძალადე არ, ან სათანადოდ არ დასაჯა.

„დღეს დაპირისპირების საფრთხე რეალურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლება ინდიფერენტულია,“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მისი აზრით, ფაშისტური ჯგუფები თავისთავად გააქტიურდნენ, ხოლო ხელისუფლება რეაგირებისა და პოლიტიკის გატარების ნაცვლად, მოძალადეების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

გიორგი მაისურაძე თვლის, რომ „დღეს ვერც პოლიტიკური და ვერც კულტურული სპექტრი ვერაფერს სთავაზობს ამ ადამიანებს. თუ გადახედავთ აგრესიული ჯგუფების სტატუსებს სოციალურ ქსელში, ნახავთ, რომ უპრიმიტიულეს დონეზე აქვთ განათლება. ეს შეიძლება განპირობებული არის იმით, რომ ისინი თავად ვერ პოულობენ გამოსავალს კრიზისული სიტუაციიდან, არ არიან რეალიზებულები, ვერ ხედავენ ვერანაირ პერსპექტივას ამ ქვეყანაში და გამოხატავენ აგრესიას, რადგან ძალადობის გარდა მათთვის არაფერი უსწავლებიათ.“

„პრობლემა რაშია,“ – გვიყვება თამარ კორძაია, – „ხელისუფლება ცდილობს, რომ ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, 12 მაისს აქციაზე იყვნენ გამოსულები, წარმოაჩინოს უმცირესობად. დაგვანახოს, რომ თვითონ, როგორც თითქოს კარგი ხელისუფლება, ახერხებს უმცირესობის დაცვას და ამ დროს ჯგუფები, რომლებიც ავლენენ ძალადობას, წარმოაჩინოს, როგორც უმრავლესობა და თითქოს ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ უმცირესობის დაცვას… ხელისუფლება სცენას უთმობს მოძალადეს, რადგან თვლის, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა არის ასეთი მოსაზრების. ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად, კომენტარი, რომ აქციაზე გამოსული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ეცემა სხვა ადამიანი, ისიც ჩვენი მოქალაქეა. როდესაც ხელისუფლება მოძალადეს და მშვიდობიან მომიტინგეს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ის ხელისუფლება არის დამნაშავე.“

ფაშისტურ ჯგუფებზე საუბრის დროს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძეც 12 მაისის საღამოს იხსენებს. ფიქრობს, რომ ამ საღამოს ყველაზე კარგად გამოჩნდა ხელისუფლების დამოკიდებულება აგრესიული ჯგუფების მიმართ. მას სჯერა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია ძალადობრივი ჯგუფის კონტროლი, თუკი ის ამას მოინდომებს.

გიორგი მაისურაძე: „ნახეთ, ჯერ იდგა ხალხი, ვინც აპროტესტებდა კლუბში სპეცრაზმელების შეჭრას და მოითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას. უცებ შეიცვალა სიტუაცია და მოადგნენ ნეოფაშისტური ორგანიზაციები და იქეთ დარჩა სახვეწარი, რომ პოლიციას აქციის მონაწილეები დაეცვა. მინისტრი უცებ თითქოს მხსნელად მოევლინა აქციის მონაწილეს, რომლის გადადგომასაც ითხოვდა იგი ცოტა ხნის წინ.“

რატომ აწყობს ხელისუფლებას ძალადობრივი ჯგუფების წახალისება? – თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, „რადგან თვლის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს, ამ იდეების მხარდამჭერია“.

გიორგი მაისურაძის აზრით კი, ხელისუფლება აგრესიული ჯგუფების გააქტიურებით ქვეყანაში რეალური პრობლემების გადაფარვას ცდილობს. „აქცენტი გადადის რეალური პრობლემებიდან არარეალური, თითიდან გამოწოვილ ამბებზე“, – ამბობს ის.

ხელისუფლებას დამოკიდებულებას ფაშისტური ორგანიზაციების მიმართ, თამარ კორძაიას აზრით, კარგად აჩვენებს საკანონდებლო ცვლილებები შემოქმედებითი თავისუფლების კუთხით. მისი აზრით, აბსურდული და მავნე კანონმდებლობის მიღების მცდელობით ხელისუფლება პირდაპირ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს. იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ კანონპროექტი ცენზურის დაწესების კუთხით პარლამენტში რიგ-რიგობით შეაქვთ დეპუტატებს.

„გუშინ დაგვირგვინდა ეს კომპლექსური საკითხი, როცა საპატრიარქომ ხელისუფლებას უთხრა, რომ ევროპული ხელისუფლება ეს კი არ არის, რაც საქართველოში ხდება, არამედ დროზე მიიღეთ კანონები, რომლითაც შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება და მარტივად შეგვეძლება დავსაჯოთ ადამიანები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის. სახელმწიფომ როგორ შეიძლება გადაწყვიტოს, ერთი ადამიანის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა. ეს ფილოსოფიურად არის არანორმალური მიდგომა. ჩვენ არ გვინდა გამოხატვის თავისუფლებისთვის დევნილი ჟურნალისტები ქვეყანაში. გიორგი გაბუნიას როდესაც გემოვნებას უწუნებ, იქვე დამარცხებული ხარ, რადგან გემოვნებაზე ბოლოს და ბოლოს არ დაობენ და მეორე, გემოვნების გამო არ შეიძლება ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენო. აქ არის სურვილი, რომ შეზღუდონ მედია. ასე, შესაძლოა, „ბათუმელების“ კრიტიკული სტატიებიც არ მოეწონოს ვინმეს და შეურაცხმყოფელად ჩათვალოს. ეს არის თავისუფალი სივრცის მაქსიმალური შეზღუდვა. არ შეიძლება დღეს თავისუფლების დამფასებელმა ადამიანმა  ამ პროცესს წინააღმდეგობა არ გაუწიოს,“ – მიიჩნევს თამარ კორძაია.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? – ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ეს მაშინ გამოჩნდება, თუკი მას ძალადობაზე მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ექნება.

იურისტი თამარ კორძაიაც იგივეს ითხოვს ხელისუფლებისგან:

„გამოხატვის თავისუფლება როგორც კი იძენს ძალადობის ხასიათის და ჩნდება აგრესია, მოძალადე უნდა დააკავო. ეს არის ძალიან მარტივი სტანდარტი“.

 

 

 

გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]

მაღლივი კარკასი მაღლივი კარკასის წინ, მაღლივი სასტუმროს  წინ კი მაღლივი სასტუმრო – ახალი შენობები გონიოსა და კვარიათის სანაპიროზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ერთმანეთს ეფარებიან. ამიტომ, ვინც მოასწრო და მშენებლობა სანაპიროს პრომინადის გასწვრივ დაიწყო, მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან მისი შენობის ფანჯრები პირდაპირ პლაჟს უყურებს.

ამ შენობების გვერდით კი ცარიელი ადგილები ბევრგან შემოღობილი და სამშენებლოდ მომზადებულია, ზოგან კი მშენებლობა დაუწყიათ, ხიმინჯები აუშენებიათ, თუმცა ახლა სამშენებლო მოედანზე მწვანე ბალახია ამოსული. ეს იმის ნიშანია, რომ მშენებლობა შეჩერებულია.

ეს სასტუმრო „მგზავრების“ მშენებარე პროექტია, მიმდებარე ტერიტორიაზე ამ კომპანიას ორი დასრულებული შენობა, მათ შორის ერთი მოქმედი სასტუმრო აქვს. მიმდინარე მშენებლობაზე გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხებს მოქმედ სასტუმროში გაგვცემდნენ.
სასტუმრო „მგზავრების“ მშენებლობის ზედამხედველმა გვითხრა, რომ საინფორმაციო დაფის სანახავად შენობის ზღვის სანაპიროს მხრიდან ცენტრალური გზის, ანუ ქუჩის მხარეს უნდა გადავსულიყავით, ქუჩის მხარეს კი ე.წ. საინფორმაციო დაფა ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა.

მშენებარე სასტუმრო „მგზავრების“ წინ, ზღვის მხრიდან, როგორც აქ გვითხრეს, მშენებლობის ნებართვის მიღება მოქალაქე ვიტალი გორაძეს მოუხერხებია. ეს სახლი ნახევრად დაუფარავს ზღვის ხედს სასტუმრო „მგაზავრების“ შენობას. ადგილზე მუშებმა გვითხრეს, რომ  დამკვეთი ოთხსართულიან სახლს აშენებს. მათ არ  უპასუხეს კითხვას მომავალში ეს სახლი სასტუმროდ ხომ არ გადაიქცევა. მშენებლობაზე არ არის საინფორმაციო დაფა.

თავად ვიტალი გორაძეს ტელეფონით დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ სასტუმროს აშენებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოაკრა მან მშენებლობის საინფორმაციო დაფა კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, გვიპასუხა რომ ვერ მოიცალა. სამაგიეროდ, ნებართვა ფოტოს სახით გამოგვიგზავნა. საინტერესოა ისიც, რომ ნებართვა 2018 წლის 16 მაისსაა გაცემული, 25 მაისის მდგომარეობით კი უკვე ორი სართული აუშენებიათ.

პლაჟის გასწვრივ ზოგი შენობა პირდაპირ პრომინადზეა მომდგარი, იმ შენობების წინ კი, სადაც მცირე ადგილი მაინც არის დარჩენილი, ახალი მშენებლობებია დაგეგმილი.

ამ ორი შენობის წინ კიდევ ორი შენობის აშენებაა დაგეგმილი, მათ შორის ერთი შედარებით მცირე გაბარიტებიანი შენობა უკვე დაწყებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობებს არც ეზო ექნება, არც პარკინგი და არც გამწვანება.

ეს ნახევრად შემოღობილი ადგილი შპს „გრინ ველს“ დაუკავებია, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაუწყიათ, ჩამოსხმულია ხიმინჯები, თუმცა ამ ეტაპზე მშენებლობა შეჩერებულია. გამოკრული ბანერის მიხედვით, აქ კომპანია სასტუმრო კომპლექსის „თვინ თაუერის“ მშენებლობას გეგმავს. ამავე ბანერის მიხედვით პროექტი ზღვის პირას სამ მაღლივ შენობას აერთიანებს.

ამ სახლებიდან, რომლებსაც ზაფხულობით დამსვენებელი ინტენსიურად აკითხავს, მალე ზღვა აღარ გამოჩნდება, მათ ხედს მალე შპს „ტმის“ მიერ აშენებული თორმეტსართულიანი შენობა დაფარავს
ამ დროისთვის ზღვის სანაპიროდან სახლები ასე მოსჩანს

გონიოსა და კვარიათშიც, როგორც ბათუმში, მშენებლობები უმეტესად სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს: არ არსებობს დამცავი ჯებირები და კარკასები ე.წ. შესაფუთი ბადეებით არ არის შეფუთული.

ადგილობრივებს მშენებლობებისა და პლაჟზე სამშენებლო ტექნიკის გადაადგილების გარდა აქ, საკურორტო სეზონის წინ მოუწესრიგებელი ზღვის სანაპიროც აწუხებთ.

აქ ბუნგალო „ტორნადოს“ აშენებენ, ნებართვით თუ უნებართვოდ, ჯერ ვერ გავარკვიეთ

რატომ შენდება სახლები სახლების წინ, ეზოსა და პარკინგის გარეშე, რატომ არ ითვალისწინებს მერია ნებართვების გაცემისას ქუჩის განაშენიანების სიმწყობრეს და არსებობს თუ არა რაიმე კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ბათუმთან ახლოს გონიოსა და კვარიათის საკურორტო ზოლი შენდება?

ამ კითხვებზე ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა უპასუხა, რომ ამ დრომდე მერიას გონიოს განაშენიანების გეგმა არ ჰქონდა, მშენებლობის ნებართვები კანონმდებლობის დაცვით გაიცემოდა, თუმცა ქაოტურად, რის გამოც გვაქვს ისეთი სურათი სანაპირო ზოლში, როგორზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ამიტომაც, ახალმა მერმა აქ მშენებლობებზე ნებართვების გაცემა შეაჩერა და უახლოეს პერიოდში ამ ზოლის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას აპირებენ.

მირიან მეტრეველის თქმით, 2018 წელს გონიოსა და კვარიათის ზოლში მშენებლობის ნებართვა მერიას არ გაუცია, თუმცა ასეთი ნებართვა „ბათუმელებმა“ მოიპოვა:

 

აჭარის ჯანდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი და ახალი პროგრამები 2019 წლიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წელს 1 062 686 ლარით გაიზრდება. აქედან 200 ათასი ლარი დაემატება „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას, 500 ათასი ლარი – „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას, 150 ათასი ლარი კი – „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამებით გაცილებით მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.

დაგეგმილია „მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა“ და „შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების გაზრდაც.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში, ჯანდაცვის პროგრამებით უკვე ისარგებლა 5 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. პროგრამების დაფინანსება აჭარის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გაიზრდება. ამ ცვლილებებს კი, ჯერ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში განიხილავენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წელს სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით კიდევ გაიზრდება და 17 248 620 ლარი იქნება.

სამინისტრომ მომავალი წლისთვის ახალი პროგრამების ამოქმედებაც დააანონსა:

სოციალური დაცვის მიმართულებით: „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“.

ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელსაც მომავალი წლიდან ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები. ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:  200 ათასი ლარით გაიზრდება გულის ქირურგიის დაფინანსება, 500 ათასი ლარი დაემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამას, 150 ათასი ლარით გაიზრდება მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია, ასევე 150 ათასი ლარით გაიზრდება ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება, ამავე პროგრამით დაიწყება – შშმ პირების, 18 წლამდე ასაკის ბავშვების, ასაკით პენსიონერების 200 000 სარეიტინგო ქულით, 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისა და უსახლკაროების ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით კი დაგეგმილია შემდეგი სიახლეები:

[checklist]

  • 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ორთოპედიული გამოკვლევა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური პროფილაქტიკა.
  • მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში პირველადი სკრინინგით გამოვლენილ, სმენის დარღვევების მქონე ახალშობილებში მეორადი სკრინინგის და საჭიროების შემთხვევაში ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება.
  • ჰელმინთებზე გამოკვლეული ბავშვებისათვის ოჯახის ექიმის/პედიატრის/პარაზიტოლოგის კონსულტაცია და ანტიჰელმინთური პრეპარატის სამკურნალო დოზის გადაცემა.
  • ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისთვის ახალი სამიზნე ჯგუფის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პირველ და მეორეკლასელთა შორის.

[/checklist]

 

როდის ატარებს ბათუმის მერია ხალხის გამოკითხვას

„კორპუსებს შორის რომ მიწა გაყიდეს ბათუმში, მაგაზე ჩაეტარებინათ გამოკითხვა,“ – ამბობს იურისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. მას, როგორც აქტიურ მოქალაქეს ვკითხეთ, რა ჩანს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებიდან, როცა ის ზოგჯერ კონკრეტულ საკითხებზე ინტერნეტ გამოკითხვას ატარებს.

ბოლო ასეთი გამოკითხვა ბათუმის მერიამ მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოაცხადა. „რა ფერის მუნიციპალურ ავტობუსს ისურვებდით ჩვენს ქალაქში?“ მერიამ ოფიციალურ გვერდზე ეს შეკითხვა 21 მაისს დასვა. მანამდე ბათუმის მერიამ ასევე ჩაატარა გამოკითხვა ბათუმობის თარიღთან დაკავშირებით.

რატომ არ ცდილობს ბათუმის მერია გამოკითხვა სხვა, ქალაქისთვის აქტუალურ და მწვავე თემებზე ჩაატაროს? – ბათუმის მერიაში „ბათუმელების“ ეს შეკითხვა დღეს უპასუხოდ დატოვეს. ბათუმის მერისთვის, ან რომელიმე პასუხისმგებელი პირისთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, როდის იღებს გამოკითხვის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას მერია. გამოკითხვა, მაგალითად, არ ჩატარებულა განაშენიანების საკითხებზე, ან ბათუმის 6 მაისის აწ უკვე ცენტრალური პარკისთვის სახელის შეცვლის დროს, როცა ამას საკრებულოს ოპოზიციაც აქტიურად ითხოვდა.

მალხაზ ნაკაშიძე, მოქალაქე: „რა თქმა უნდა, გამოკითხვა და ხალხის ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ გააჩნია, რას ეფუძნება ეს გამოკითხვა, არსებობს თუ არა რაიმე წესი, სისტემა, თუ ეს ქაოტურად ხდება. რამდენად იციან მოქალაქეებმა, რომ მათ ონლაინ გამოკითხვაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. არ უნდა იყოს, რომ მერე მერიამ თქვას, აი, მე ხალხი გამოვკითხე და ეს შესაძლოა, რეალური არ იყოს… კორპუსებს შორის როცა მიწას ყიდი, ამაზე გამოკითხვა კი არა, მეზობლებისთვისაც კი არ უკითხავთ რამე.

რაც შეეხება ავტობუსის ფერს, ჩემი აზრით, მუნიციპალური ავტობუსის ფერის შერჩევას სჭირდება შესაბამისი კომპეტენცია და ეს ვერ იქნება მხოლოდ საზოგადოების სურვილზე დამოკიდებული. შესაძლოა, მერიამ გამოკითხვის შედეგი გაითვალისწინოს, მაგრამ მხოლოდ ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, არ იქნება სწორი. ევროპული ქალაქები კონკრეტული გათვლებით იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ფერის ავტობუსი უნდა მოძრაობდეს ქალაქში, რომ ის იოლად არ დაჭუჭყიანდეს და ასე შემდეგ.“

 

“მოდური” კიბო – რატომ გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები 14-ჯერ

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეებს შორის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე მეორე ადგილზეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2010 წლიდან დღემდე, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ახალი შემთხვევები 59-დან 850-მდე გაიზარდა.

სქრინი “აი, ფაქტის” მიერ მომზადებული ფილმიდან

2013 წლიდან დღემდე ცხრაჯერ გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაციების რიცხვი.

ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციებიდან 2015 წელს მხოლოდ 14%-ი ჩატარდა ავთვისებიანი სიმსივნის გამო, 2016 წელს 29 %-ი,  2017 წელს კი 30 %-ი.

სოციალური მომსახურების სააგენტომ 2013 წელს ფარისებრის 457 ოპერაცია 579, 751 ლარით დააფინანსა. 2017 წელს კი 2 270 ოპერაცია 3 მილიონ 300 ათასი ლარით. მათ შორის შედიოდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი  სიმსივნის ოპერაციებიც.

„მოდური“ კიბო – ამ სახელწოდებით ფილმი გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა“ მოამზადა. ფილმში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რატომ გაიზარდა ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები. სახელმწიფო ამ მიმართულებით არც ამჟამად არ ატარებს რაიმე კვლევას. ექიმებს კი არ აქვთ დაავადების მკურნალობის ერთიანი ხედვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე არ შეუმუშავებია ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დაავადების მართვის ეროვნული სახელმძღვანელო ე.წ. გაიდლაინი.

ნახეთ „აი, ფაქტის“ მიერ მომზადებული ფილმი, რომლის ავტორმა თავის თავზე გამოსცადა დიაგნოზის სიმძიმე და თანმდევი სირთულეები.

"მოდური" კიბო

საატესტატო გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, 11 ათასზე მეტმა ზღვარი ვერ გადალახა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საატესტატო გამოცდებზე რეგისტრირებულთა 2 410-მა აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა.

აქედან, მეთორმეტეკლასელია 1983 პირი. ცენტრის ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში, 11 ათასზე მეტია, რაც წინა წლების მონაცემების ანალოგიურია.

საატესტატო გამოცდებში წელს 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, ამაში შედიან ის პირებიც, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას.

ცენტრის ოფიციალური ინფორმაციით, საატესტატო გამოცდები წარმატებით დაძლია:

.ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა
• უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა
• ისტორია – 97%-ზე მეტმა
• მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა

✔️ მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში)
• ქართული ენა და ლიტერატურა – 97%-ზე მეტმა
• უცხოური ენა – დაახლოებით 88%-ზე მეტმა
• ისტორია – 96%-ზე მეტმა
• მათემატიკა – 88%-ზე მეტმა

✔️ განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია:
• გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა
• ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა
• ქიმია – 78%-ზე მეტმა
• ფიზიკა – 43%-ზე მეტმა.

100 წელი 90 წამში

90 წამში ნახეთ, როგორი ტემპით ვითარდებოდა მოვლენები საქართველოში 100 წლის წინ.
არჩევნები, რომელიც 3 დღეს გრძელდებოდა; დამოუკიდებლობის გამოცხადება;
3 წლის შემდეგ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა; ოკუპაციამდე 3 დღით ადრე მიღებული საქართველოს პირველი კონსტიტუცია.

1921 წელს ემიგრაციაში მიდის საქართველოს მთავრობის მცირე ჯგუფი. ქვეყანაში დარჩენილი 1098 დეპუტატი, რომელთაგან მხოლოდ 8 გადაურჩა რეპრესიებს, სხვები ან დახვრიტეს ან გადაასახლეს.

საბჭოთა პროპაგანდის გავლენით ბევრს დღემდე ჰგონია, რომ ოკუპაციის პერიოდში, 1921 წლიდან, საქართველოს ეროვნული საბჭოს სრული უმრავლესობა წავიდა ემიგრაციაში. სინამდვილეში ემიგრაციაში წავიდა 31 დეპუტატი. მოქმედი და ყოფილი სხვა 139 დეპუტატის ბედი კი დრამატულად წარიმართა.

საქართველოში დარჩენილი 108 დეპუტატიდან 93-ს რეპრესიები შეეხო. მათგან 51 დახვრიტეს, 5 გარდაიცვალა ციხესა და გადასახლებაში, 37 დაპატიმრებული ან გადასახლებული იყო. ემიგრაციაში წასული 31 დეპუტატიდან 2 მოკლეს, სავარაუდოდ საბჭოთა სპეცსამსახურებმა. ორმა თავი მოიკლა, 27 გარდაიცვალა ემიგრაციაში.

წელს საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

ტექსტი, ფოტო: საქართველოს დამფუძნებელი კრება. ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

შაბათ-კვირის აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ 26-27 მაისის ბათუმის აფიშას. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ. შაბათ-კვირას, ტრადიციულად, ღიაა მუზეუმებიც.

კინოთეატრი „აპოლო“, 26-27 მაისი

„მშვენიერი პრინცი და პრინცესები“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 საათზე

„სოლო: ვარსკვლავური ომები“ [3D რუსულ ენაზე] – 16:00 საათზე; 19:00 საათზე

„შესვლა აკრძალულია“ [რუსულ ენაზე]  – 16:45 საათზე

„დედპული 2“ [რუსულ ენაზე] –  22:00 საათზე

ბილეთის ფასი: 7-10 ლარი

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი

შაბათი, 26 მაისი: „სამართალი – სიბრძნე სიცრუისა“

კვირა, 16 მაისი: „ბიჭუნა და კარლსონი“

დასაწყისი: 13 საათზე.

ბილეთის ფასი: 4 ლარი

თანამედროვე ხელოვნების სივრცე

გამოფენა „ნახატები ბათუმის შესახებ“

– ალექსანდრე ფლორენსკის ნამუშევრების გამოფენა

დათვალიერება თავისუფალია

ბათუმის ბულვარის კოლონადები

27 მაისი – „ბერმუხა“ – ფოტოგამოფენა 

დასაწყისი: 18 საათზე

დასწრება თავისუფალია

26 მაისის ღონისძიებებ

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

 

რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობაზე [ტესტი]

2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღინიშნება. შეავსეთ ტესტი და შეამოწმეთ როგორ გახსოვთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.

ვისთვისაა სავალდებულო სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება საჯარო სამსახურში დასასაქმებლად

საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველი ვალდებულია გაიაროს სერტიფიცირება და მიიღოს შესაბამისი სერტიფიკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რომელსაც ვაკანსიის დასაკავებლად გამოაცხადებს ესა თუ ის საჯარო დაწესებულება.

სერტიფიკატის ქონა აუცილებელი იქნება 2019 წლის იანვრიდან გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობისთვის. რაც შეეხება პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესსა და თემატიკას, ის საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 22 მაისს დაამტკიცა და ძალაში 24 მაისიდან უკვე შევიდა.

საჯარო სამსახურის ბიუროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე არის გარდამავალი პერიოდი და სერტიფიკატი ამ პერიოდში არავის მოეთხოვება. გარდამავალ პერიოდში კი ბიურო სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ახალი წესის მიხედვით,

სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება:

[checklist]

  • მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, შეუსრულდა 18 წელი და აქვს საშუალო განათლება მაინც.

[/checklist]

სერტიფიცირების გავლის ვალდებულება არ აქვს:

[crosslist]

  • მოქმედ მოხელეს;
  • ყოფილ მოხელეს [პირი, რომელსაც გააჩნია საჯარო დაწესებულებაში სამსახურის სტაჟი];
  • უმაღლესი განათლების მქონე პირს;
  • ასევე პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.

[/crosslist]

სერტიფიცირება ტარდება სახელმწიფო ენაზე, ელექტრონულად და სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ადგილას და დროს. სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www.hr.gov.ge.

გამოცდაზე ტესტური დავალებები შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის შემდეგი სამი კომპონენტიდან [დარგიდან]: სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები. თითოეულ ტესტში არაუმეტეს 15 ტესტური დავალება არის სახელმწიფო ენიდან, 20 ტესტური დავალება – ზოგადი უნარებიდან და 15 ტესტური დავალება − სამოქალაქო განათლებიდან.

სასერტიფიკატო გამოცდის საბოლოო შედეგი გამოცდაში მონაწილე პირს ტესტის დასრულებისთანავე ეცნობება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოცდაში მონაწილე პირი შეკითხვების 50%-ს მაინც უპასუხებს სწორად, რის შემდეგაც მას ელექტრონულად ეგზავნება სერტიფიკატი მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე იმ პირს, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა, სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარების უფლება არ აქვს ორი თვე. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების გავლის მსურველი პირი ხელახლა გადის ელექტრონულ რეგისტრაციას.

სერტიფიცირების თემატიკა

სერტიფიცირების თემატიკა სახელმწიფო ენაში:

[checklist]

  • ქართული ენის მართლწერა.
  • პუნქტუაცია.
  • სტილი და ლექსიკა.

[/checklist]

სერტიფიცირების თემატიკა სამოქალაქო განათლებაში:

[checklist]

  • სახელმწიფოსა და სამართლის ძირითადი საკითხები.
  • საჯარო მმართველობა.
  • დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება.
  • საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
  • ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
  • სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

[/checklist]

სერტიფიცირების თემატიკა ზოგად უნარებში:

[checklist]

  • ვერბალური ნაწილი: ლოგიკა, წაკითხული ტექსტის გააზრება.
  • მათემატიკური ნაწილი: რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საკმარისობის შეფასება, შეფარდება და პროპორცია, რიცხვის ნაწილი და პროცენტი.

[/checklist]

 

 

ძროხები გონიოში, ბუნგალოსა და პლაჟზე [ფოტოამბავი]

გონიოს პლაჟისა და ბუნგალოების სტუმრები ჯერჯერობით მხოლოდ ძროხები არიან. გონიო, რომელსაც წლების წინ სოფლის სტატუსი ჰქონდა, ათ წელზე მეტია ბათუმის საზღვრებშია მოქცეული, თუმცა აქაურებისთვის მსხვილფეხა საქონელი შემოსავლის წყაროა. ტურისტები ჯერ არ ჩანან, ამიტომ ძროხები ზღვის ნაპირს თავისუფლად მიუყვებიან.

გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო
გურამ მურვანიძის ფოტო

მთავრობამ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა

დღეს, 25 მაისს, საქართველოს მთავრობამ ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის შექმნის მიზანია ოჯახური დანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა.

აღნიშნული კანონპროექტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ:

  • შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის პირველივე შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირობების დარღვევის პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციული, ხოლო მეორეზე – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული;
  • ოჯახური დანაშაულის ჯგუფში გაერთიანებული ნებისმიერი ძალადობრივი დანაშაულის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება. წარსულში ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ აღნიშნული დანაშაულის განმეორებით ჩადენა შეფასდება, როგორც არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაული და მოძალადე პირველ შემთხვევაზე გაცილებით მკაცრად დაისჯება;
  • გენდერული ნიშნით მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება გათვალისწინებულია, როგორც დამამძიმებელი გარემოება და ამგვარი დისკრიმინაციული მოტივით დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სანქციები მკაცრდება;
  • ასევე, მკაცრდება სანქცია ოჯახში ძალადობისთვის (126-ე მუხლი). ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა – 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით;
  • დამამძიმებელი გარემოება ხდება ოჯახის წევრის მკვლელობა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

ვის შეუძლია ბათუმში „იაფი სახლის“ ყიდვა – მერიამ კრიტერიუმები წარმოადგინა

დღეს, 25 მაისს, ბათუმის მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, ე.წ. „იაფი სახლის“ კრიტერიუმები წარმოადგინა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე ითქვა, რომ მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის შესყიდვა შეეძლებათ პირებს:

  • ვისი ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც არის რეგისტრირებული ბათუმში;
  • ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დადგენილია დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში;
  • ორსულიანი ოჯახებისთვის – 400-1800 ლარის, ხოლო სამსულიანი ოჯახებისთვის – 600-2400 ლარის ფარგლებში;
  • ოთხი და მეტსულიანი ოჯახისთვის სტაბილური შემოსავალი თვეში 800-3000 ლარის ფარგლებში მერყეობს;
  • ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს სტაბილური სამსახური;
  • ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა, კომერციული ფართობი (10 კვადრატულ მეტრზე მეტი);
  • ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის” ყოველთვიური შენატანის მინიმუმ ორმაგ ოდენობას.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს არ არის პროგრამა, რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველებზე და მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ საშუალო ფენად, რომ შეეძლოს საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საცხოვრებლის შეძენა.

კრიტერიუმების განხილვის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ აღნიშნულ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებენ ის პირები, ვისაც საბანკო დავალიანებები აქვთ, რამაც კამათი გამოიწვია.

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული სტატუსი. მაგალითად – მრავალშვილიანი, ოჯახში ჰყავს ომის ვეტერანი, შშმ პირი და ა.შ.

ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც მერია აშენებს, მხოლოდ პირველი სართულია ადაპტირებული, შენობაში არ არის ლიფტი.  შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ ეს ფაქტი არღვევს შშმ პირების უფლებას, თავად აირჩიონ, რომელ სართულზე სურთ ბინის შეძენა.

შეხვედრას ესწრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ოთხსართულზე მაღალ შენობაში აუცილებლად უნდა იყოს ლიფტი, მერია კი „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ ტექნიკურ რეგლმანეტს არღვევს.

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ამ შენიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოხდება ამ რეგლამენტის შესწავლა და პროექტი გადაიხედება.

კრიტერიუმებთან დაკავშირებით იყო კითხვები, ითვლებოდა თუ არა სტაბილურ შემოსავლად უცხოეთიდან მიღებული დახმარება, ან აქვს თუ არა მოქალაქის ასაკს მნიშვნელობა ბინის შეძენისას.

ამონარიდი კვლევის შედეგებიდან

დოკუმენტი, როგორც ბათუმის მერმა განაცხადა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ მომზადდა და მოწონებული იქნა მერიის შესაბამისი კომისიის მიერ.

დეტალური ინფორმაცია „ხელმისაწვდომ საცხოვრისზე“ იხილეთ ბმულზე. 

საცხოვრებელი სახლი ბათუმში, ჯავახიშვილის 78 ნომერში უნდა აშენდეს. 2019 წლისთვის დაგეგმილია ორი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მტმ-ი“ ასრულებს.

ბათუმის მერის ინფორმაციით, ბინის მიღების მსურველთა 1000-ზე მეტი განცხადებაა შესული მერიაში.

რეგულირების სააგენტომ ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმის ადგილზე შესწავლა დაასრულა

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაასრულა ბათუმის მედცენტრში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის, ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების შესწავლა. როგორც „ბათუმელებს“ სააგენტოში უთხრეს, მასალა ამჟამად სარეცენზიოდ მზადდება და მას დარგობრივ ასოციაციებში სპეციალისტები შეაფასებენ.

რა დრო დასჭირდება უკვე მომზადებული მასალის შესწავლას და დასკვნის მომზადებას, ჯერჯერობით უცნობია.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტის შესასწავლას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიმართა, თუმცა დასკვნას საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ მიიღებს, რადგან პაციენტის პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ მის კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება ეცნობოს. სააგენტოში გვითხრეს, რომ მომზადებული დასკვნა ამ შემთხვევაში ოჯახს გადაეგზავნება.

26 წლის ზუკა ფაღავა წელს, 31 მარტს, კლინიკა „მედცენტრში“ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა. ზუკა ფაღავას ოჯახის წევრები და კოლეგები მიიჩნევენ, რომ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, არაკვალიფიციური მკურნალობა იყო.

ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

რატომ taxi+?

„ტაქსი+“ ტაქსის კომპანიებს შორის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ყველა მანქანა აქვს დაზღვეული, ასევე, დაზღვეული ჰყავს მძღოლი და მგზავრი.
ავტოპარკში ყველაზე ძველი მანქანა 2008 წელსაა გამოშვებული.
აქ დასაქმებული ყველა მძღოლი შერჩეულია გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის მიხედვით. შორ მანძილზე გადაადგილებას მხოლოდ მათ შორის საუკეთესოებს ანდობენ.  ისინი მუშაობენ და ისვენებენ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკით. კომპანიას ჰყავს სათადარიგო მძღოლები და აქვს ავტომანქანები განსაკუთრებული შემთხვევებისა და დაკვეთებისთვის.
Taxi + გთავაზობთ
  • უსაფრთხო გადაადგილებას – კომპანია წინასწარ შეთანხმებული დაკვეთით უზრუნველყოფს თქვენ გადაადგილებას საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე.
  • ფხიზელი მძღოლის მომსახურება – თუ თქვენ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ერთობით, ალკოჰოლი მიიღეთ და გსურთ უსაფრთხოდ მიხვიდეთ სასურველ მისამართზე, ტაქსი+ უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ავტომობილის მშვიდად გადაადგილებას.
  • საკურიერო მომსახურება – თუ თქვენ გსურთ პროდუქტი ან სხვა ნივთი მოგართვან ოჯახში, მაგრამ არ გაქვთ გასვლის დრო, თქვენთვის სასურველი მაღაზიიდან, ტაქსი+-ის მძღოლი სასურველ შეკვეთას მოგიტანთ შეთანხმებულ მისამართზე. მომსახურებაში კი ქვითრის მიხედვით დახარჯულ თანხას დაემატება ტაქსის საფასური.
  • პერსონალური მძღოლი – წინასწარ შეთანხმებულ ფასად შეგიძლიათ ავტოპარკიდან შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები ავტომანქანა და სასურველი დროის განმავლობაში ისარგებლოთ მისი მომსახურებით ტაქსის აღმნიშვნელი ლოგოს გარეშე.
  • Vip და ბიზნესმომსახურება – ჩვენ ვხვდებით ტურისტებს, დელეგაციებს და კომფორტულ გადაადგილებასთან ერთად ვეხმარებით სასტუმროში განთავსებაში.
  • საექსკურსიო ტურების უზრუნველყოფა – კომპანიის საკუთრებაში არსებული 6, 8, 20 ან 50-ადგილიანი ავტოტრანსპორტით გადაგვყავს ტურისტული ჯგუფები როგორც საქართველოს, ასევე მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე.

[highlight color=” red “]დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დღეს: 593 700 700; 593 800 800[/highlight]

 

Taxi + უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის

მანქანები ტროტუარზე და გადაუხდელი ჯარიმები [ფოტო]

„მერსედერსის“ ეს ჯიპი პირდაპირ ტროტუარზეა გაჩერებული. ავტომანქანის მფლობელი ორჯერაა დაჯარიმებული ტროტუარზე დგომისთვის და ორჯერ – პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო. მძღოლს არც ერთი ჯარიმა არ აქვს გადახდილი.

ფოტო: „ბათუმელები“
ტროტუარზე დგას ეს ავტომანქანაც, რუსული სახელმწიფო ნომრებით. ფოტო: „ბათუმელები“

 

აჭარის მთავრობა: საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია მათი გადახურვა; დაწყებულია ასევე მეორე სართულის კოლონების მოწყობა; ივნისის თვიდან კი იარუსების [სკამების] მოწყობა დაიწყება; პარალელურად მიმდინარეობს მეორე სართულის გარკვეულ მონაკვეთებზე კოლონების დახურვა, რკინა-ბეტონის სამუშაოები.

მთავრობაში აცხადებენ, რომ სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოებიც, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. ხელშეკრულების მიხედვით კი, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, ანუ 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მშენებარე სტადიონი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ და ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დაათვალიერეს.

„სამშენებლო პროცესში მეხუთე კლასის შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები არიან ჩართული,“ – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ დღეს, 25 მაისს, გავრცელებულ ინფორმაციაში. თუმცა სტადიონის მშენებლობა მეხუთე თვეა ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სტადიონის მშენებლობას, რომელიც 2018 წლის იანვრიდან შენდება, ორი ინჟინერ-კონსტრუქტორი ზედამხედველობს. სტადიონის მშენებლობასა თუ ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის „დროებითი ზედამხეველების“ კავლიფიკაციის შესახებ, წერილობით გამოვითხოვეთ. ინფორმაცია არც „სტადიონმა“ მოგვაწოდა, არც სამინისტრომ და არც აჭარის მთავრობამ. აჭარის მთავრობიდან მოგვწერეს, რომ ინფორმაციის მისაღებად შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ.

სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ვერ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის ფინალურ თამაშებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ბათუმის საფეხბუთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია.

აქედან ზედამხედველობისთვის გათვლილი 5 550 000 ლარიდან:

  • ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3 520 474 ლარია გათვალისწინებული. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ კი „სტადიონს“ ზედამხედველობას 2 847 000 ლარად სთავაზობს;
  • საექსპერტო ზედამხედველობისთვის 25 424 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ რევაზ კახიძესთან 13 650 ლარზე გაფორმდა;
  • საავტორო ზედამხედველობაზე შპს „სტადიონი“ მოლაპარაკებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან აწარმოებდა, მასთან ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გასაფორმებლად, თუმცა რა თანხაზე, „სტადიონში“ არ დაგვიკონკრეტეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ „თურქულმა პროექტმა, რომლის მიხედვითაც შენდება საფეხბურთო სტადიონი, სწორედ „სამხარაულში“ გაიარა ექსპერტიზა და ამიტომ „სამხარაული“ პროექტის ერთგვარი თანაავტორი გამოდის“. 
მთავარი ფოტო: ბათუმის მშენებარე სტადიონი / ფოტო: აჭარის მთავრობა.

ამავე თემაზე:

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 17 სახეობის ვარდი გამოიფინება

ხვალ, 26 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენა გაიმართება.

ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გამოფენაზე ნახოს სურნელოვანი ვარდის 17 სახეობა და 145 კულტურული ფორმა ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში (ზედა პარკი, მუდმივმოყვავილე სკვერთან).

განსაკუთრებული დეკორატიული ღირებულებებით გამოირჩევიან ჩაის ჰიბრიდები, პოლიანტები, მინიატურული, ხვიარა და ფლორიბუნდას ტიპის ვარდები.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარდების გამოფენაზე უახლოესი შესასვლელია უღელტეხილისა და მწვანე კონცხის მხრიდან. 26 მაისს ბოტანიკურ ბაღში ვარდების გამოფენაზე შესვლა უფასო იქნება.

გამოფენაზე ვარდის ნერგები არ გაიყიდება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ვარდების საკოლექციო ნაკვეთი 1959 წელს შეიქმნა.  წლის ნებისმიერ დროს ვარდების საკოლექციო ნაკვეთზე მნახველი იხილავს მოყვავილე ვარდებს, თუმცა ყვავილობის პიკი, როცა ყველა ფერთა გამა ერთადაა წარმოდგენილი, მაისიდან სექტემბრამდეა.

ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ვარდების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ჰაერის ტემპერატურა 22-27 გრადუსი – შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ, 26 მაისს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა უმეტესად – უნალექოდ. ღამით შესაძლოა ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი  
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი 
  • ღამით: 5-10 გრადუსი სითბო

ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 19 გრადუსია.

__________

მარიამ ქველიაშვილის ფოტო 

ბულვარში ველობილიკი ამ სეზონზე არ შეკეთდება – 1,7 მილიონი ლარი და ტენდერი განმეორებით

1 763 113 ლარი, ველობილიკის შესაცვლელად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის იანვარშივე ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე ვერ დაიწყო. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ხელახალი ტენდერი ბულვარმა ახლა გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. სატენდერო თანხა უცვლელია.

ტენდერის პირობის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის რეაბილიტაცია [პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე მონაკვეთში] უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში – 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არსებული ველობილიკი  ამორტიზებულია.

ველობილიკის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სასტუმრო „კემპინგიდან“ „აკვაპარკის“ ბოლომდე არსებული ბეტონის დეკორატიული ფილების აყრას და მის ნაცვლად 12 სმ სისქის პიგმენტური წითელი ფერის ბეტონის საფარის მოწყობას, ველობილიკის სხვა ნაწილები კი უნდა გაიწმინდოს და შეიღებოს.

დაგეგმილია ველობილიკის ორივე მხარის მოპირკეთება ბაზალტის ბორდიურით, ხოლო გასასვლელები ველობილიკსა და პრომინადს შორის მოპირკეთდება ახალი ბეტონის დეკორატიული ფილებით.

ავარია მახინჯაურში – დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია

23 მაისს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, ავარია მოხდა მახინჯაურში. ერთმანეთს ჯიპის ტიპის და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა.

ავარიის შედეგად ხუთი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ორი მცირეწლოვანია,  ხუთი და შვიდი წლის ბავშვები, რომლებიც დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს.

რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი სამი დაშავებული, მათგან ორი ქალი და ერთი მამაკაცია. ქალებს თავის დახურული დაზიანებები, ერთ-ერთს ტვინის შერყევა აღენიშნება, მამაკაცს კი – ლავიწის ძვლის მოტეხილობა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ელექტროსისტემა: შუქის ჩართვა ხორციელდება რეზერვისა და იმპორტის ხარჯზე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, დღეს, 20:11 საათზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

“ელექტროსისტემის” განცხადებით, ამ დროისთვის თბილისის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია. რეგიონების ჩართვა ხორციელდება ეტაპობრივად, სისტემაში არსებული რეზერვისა და იმპორტის ხარჯზე.

 

„ცაში გამოკიდებულები“ – ორი დამქირავებელი მუშებს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებს [ვიდეო]

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში, მიმდინარე მშენებლობის ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, რომ მშენებლობა ყოველგვარი დამცავი აღჭურვილობისა და ე.წ. შესაფუთი ბადის გარეშე მიმდინარეობს, მოქალაქემ გამოგვიგზავნა. კადრებში ჩანს, რომ ადამიანები 24-სართულიან კარკასზე დამცავი საშუალებისა და ჩაფხუტების გარეშე იმყოფებიან.

„დააკვირდით ადამიანებს, ცაში არიან გამოკიდებული“, – მოგვწერა ვიდეოს ავტორმა.

მშენებლობას ტბელ აბუსერიძის #5-ში შპს „ლამინი ჯგუფი“ აწარმოებს „DS გრუპის“ დაკვეთით. დამკვეთ კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობის პროცესზე პასუხისმგებელია მშენებელი და არა დამკვეთი.

მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ამ მშენებლობაზე გასულ წელს სამი მუშა დაშავდა, მშენებელი გაფრთხილებაზე ისევ არ რეაგირებს და საქმიანობას ნორმების დარღვევით აგრძელებს.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დარღვევაზე „ლამინი ჯგუფს“ ოფიციალური მითითება მისცეს 2016 წლის 21 ნოემბერს, 2017 წლის იანვარში კი, დააჯარიმეს და სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს. შემდეგ ისევ დააჯარიმეს, რადგან კომპანიამ სამუშაოები არ შეაჩერა, 2017 წლის აპრილში კომპანიას ჯარიმა გაუსამმაგეს და საქმე აღსრულებას გადასცეს.

მიუხედავად ამისა, „ლამინი ჯგუფი“ სამშენებლო სამუშაოებს აგრძელებს უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფით.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჯარიმა 500 ლარია, შეუსრულებლობა კი  – 1000 ლარი. ამას ემატება გასამმაგებული ჯარიმა უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო – 1500 ლარი. გარდა ამისა, ეს კომპანია დაჯარიმებულია პროექტის დარღვევისთვის, რისთვისაც ასევე 1000 ლარია ჯარიმა“, – განმარტა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის მშენებლობაზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

მშენებლობის დამკვეთის „დს გრუპის“ იურისტის თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომპანიამ სასამართლოში იმიტომ გაასაჩივრა, რომ მშენებლობას სხვა კომპანია აწარმოებს და პასუხისმგებელიც ის არის. ზედამხედველობის სამსახურში კი განმარტავენ, რომ მერიასთან პასუხისმგებელია ის, ვისაც აქვს მშენებლობის ნებართვა აქვს.

ამ მშენებლობაზე 2016 წლის ივლისში სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მუშები მეორე სართულზე ქარგილის, ე.წ. “აპალოვკის” დასხმის დროს დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეფასებით, ორი მათგანის მდგომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო.

ამ ფაქტზე დაიწყო მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ამ ფაქტზე ჯერ არავინ დასჯილა და არც კომპანიას შეშლია ხელი – ისევ უსაფრთხოების წესების დარღვევით იმუშაოს.

საქართველოს მთავრობის ახალი 41-ე დადგენილება მშენებელს ავალდებულებს მაღალ სართულებზე მუშაობისას მოაწყოს სპეციალური დამცავი ჯებირი, მუშებს უნდა ეხუროთ ჩაფხუტი. გარდა ამისა, შენობა სპეციალური ბადით უნდა იყოს შეფუთული.

„ლამინი ჯგუფთან“ დაკავშირება „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე სცადა, მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდა პირი, რომელმაც გვითხრა, რომ კომპანიის წარმომადგენელია, მაგრამ სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.

კითხვაზე დაცულია თუ არა მშენებლობის უსაფრთხოების წესები ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის #5-ში მიმდინარე მშენებლობაზე, გვიპასუხა: „მე მგონი დაცულია“. არის თუ არა დამცავი ჯებირები და ბადე, რასაც კანონმდებლობა ითხოვს? – „მე მგონი არის.“ შემდეგ მან გვთხოვა დრო: „დავაზუსტებ და გეტყვით“. მერე ტელეფონს აღარ უპასუხა.

 

მთავარი ფოტო: მშენებლობა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #5-ში

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზარდა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბიუჯეტი 628 300 ლარით გაიზრდება. აღნიშნული ფინანსები ძირითადად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-შენახვაზე დაიხარჯება.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, მირზა ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, თანხა დაემატება ურბანული მემკვიდრეობის დაფინანსებას.

„წელს დაგეგმილი იყო სამი ურბანული პროექტის შესყიდვა, ახლა დაემატება კიდევ ორი პროექტი. ფასადების ნაწილში მოხდება მემედ აბაშიძის 41-ში აჭარის ტელევიზიის შენობის ფასადის რეაბილიტაცია და დაფინანსდება საბაევის სახლის ფასადის რეაბილიტაციის მეორე ნაწილი“.

მირზა ცეცხლაძის თქმით, თანხა დაემატება არაურბანულ ნაწილსაც, რითაც ორი ახალი პროექტი დაფინანსდება.

როგორც ცეცხლაძე ამბობს, დაფინანსების გაზრდის შემდეგ გათვალისწინებულია  ინფრასტრუქტურის მოწყობა გონიოს მუზეუმ-ნაკრძალსა და პეტრას ციხეზე.

„არქეოლოგიურ ნაწილში დაფინანსება არ იზრდება“.  ცეცხლაძის თქმით, დაფინანსება შემცირებულია საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებების მიმართულებით.

ქოლგების შემკეთებელი ბათუმიდან

ბათუმში, „რესპუბლიკურ“ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე სკვერში, დაბალ სკამზე ერთი კაცი ზის. წინ პატარა ურიკა უდგას, რომელზეც ძველი, ნახევრად დაშლილი ქოლგები და ხელსაწყოები ალაგია. ეს 70 წლის ილია ხრიმიანია, ბათუმში ქოლგების ერთ-ერთი უკანასკნელი შემკეთებელი.

ქალაქში, სადაც ხშირად წვიმს და მის არაოფიციალურ სიმბოლოდ დღემდე ხშირად ქოლგიან დელფინს მიიჩნევენ, ქოლგა აუცილებელი ნივთია. საბჭოთა დროში, როცა გამძლე და თან ლამაზი ქოლგის შოვნა საკმაოდ ძნელი იყო, გაფუჭებულ ქოლგას აუცილებლად აკეთებდნენ მანამ, სანამ მისი შეკეთება შესაძლებელი იყო. ხელოსნები, რომლებიც ამ საქმეს მისდევდნენ, ქალაქში ბევრი იყო.

ერთი ქოლგის რამდენჯერმე შეკეთება ჩვეულებრივ ამბად მიიჩნეოდა პოსტსაბჭოთა ბათუმშიც. მერე ბაზრობებსა და მაღაზიებში სხვადასხვა ფერის, ხარისხისა და ფასის ქოლგები გამოჩნდა. ქოლგის შემკეთებლებს საქმე შემოაკლდათ და თანდათან გაუჩინარდნენ. დღეს მხოლოდ ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე თუ წააწყდებით ძველ აბრას, რომელზეც ქოლგაა მიხატული. ამ აბრით მიხვდებით, რომ აქ, წლების წინ, ქოლგების შემკეთებელს იპოვიდით.

ილია ხრიმიანი 23 წელია ქოლგებს აკეთებს. ამ საქმეს მას შემდეგ მიჰყო ხელი, როცა 90-იან წლებში სამსახურის გარეშე დარჩა. „ჯერ მანქანათმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი, მერე – ჯარში. 1992 წელი იყო და ყველა სამსახური დაიხურა, არც პენსია, არც სამუშაო და ვიფიქრე, რომ ეს საქმე უნდა დამეწყო. ხელიდან ყველაფერი გამომდის, მუშაობა ყოველთვის მიყვარდა და უკვე ამდენი ხანია აქ ვზივარ, ვმუშაობ. სამუშაო ხან არის, ხან – არა, რას იზამო“, – ამბობს.

ილია ხრიმიანი

მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღის პირველი საათიდან ხუთ საათამდე. მოაგორებს ურიკას და ელოდება, როდის მოუტანენ ქოლგებს შესაკეთებლად. შეკვეთები ახლა ბევრი არ არის, მაგრამ მე მყოფნისო – ამბობს. წუხს, რომ ხშირად ქოლგას უტოვებენ, წასაღებად კი აღარ მოდიან. ქოლგების ხარისხი არ მოსწონს, ძალიან სუსტი ქოლგებია და არც მეპატრონეები უვლიან კარგად, ძლიერ ქარში ქოლგას შუაში უნდა მოჰკიდო ხელი, თორემ ტარი გატყდება, ქოლგის მოვლა ბევრმა არ იცისო – ჯავრობს.

მობილური ტელეფონი არ აქვს. ამბობს, რომ არც სჭირდება, „მე თუ ვეტყვი ადამიანს, ხვალ ამ საათზე აქ ვიქნები, არ მოვატყუებ, მთავარია თვითონ მოვიდესო“, – მეუბნება.

შეკვეთების მოლოდინში სკამზე ზის და ქუჩას გაჰყურებს. ფიქრობს წარსულზე, მომავალზე, ოჯახზე. მეუბნება, რომ საკუთარი აზრი აქვს სიმდიდრეზე: „სულ მდიდარი ადამიანიც არ ვარგა, ჭიქაში წყალს რომ ასხამ, ბევრი თუ მოგივიდა, გადმოვა ჭიქიდან, ასეა ცხოვრებაც, ბევრი ფული არ არის საჭირო, ცხოვრებას რევს. მე ღმერთმა ეს საქმე მომცა, ამით უნდა ვიცხოვრო და 180 ლარი პენსიით, რომელიც ბანკიდან სახლში მისვლამდე მთავრდებაო“, – იცინის.

შაბათ-კვირას ჩაქვში მიდის, სადაც მიწის ნაკვეთი აქვს და მიწაზე მუშაობს. „ბევრი არაფერი მოდის, მაგრამ გული არ მიჩერდება, თან მუშაობა მომწონს და არ მინდა მალე მოვხუცდე, ახალგაზრდა მინდა ვიყო დიდხანსო“, – მიმხელს.

გერმანელი მოსწავლეების მორიგი ვიზიტი სკოლა ევრო-2000-ში

სკოლა ევრო-2000-ში, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, უამრავი სასწავლო-შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიება იმართება, რაც ჩვენი სკოლის ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. ამ აქტივობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გაცვლითი პროგრამა გერმანულ პარტნიორ სკოლასთან.

გერმანიის ქალაქ ელმსჰორნში სექტემბერში (11.09-20.09.2018) ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ვიზიტის შემდეგ, მაისში გერმანული მხარის ჯერიც დადგა. 16 გერმანელ მოსწავლესა და ორ მასწავლებელს მასპინძლობდა ჩვენი სკოლა 11-18 მაისს. რა თქმა უნდა, ეს ერთი კვირა წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით წარიმართა, რომელიც გაჯერებული იყო სხვადასხვა შინაარსის ერთობლივი აქტივობით. თითოეული აქტივობის მიზანი იყო პარტნიორი სკოლების მოსწავლეთა ურთიერთობების გამყარება და ქართულ-გერმანული კულტურების შერწყმა. ამ პროცესს ხელი შეუწყო არამხოლოდ სკოლაში გამართულმა ღონისძიებებმა, არამედ ასევე მასპინძელ ოჯახებში გატარებულმა დრომ, სადაც გერმანელი მოსწავლეები ტიპიურ ქართულ  ყოფით ცხოვრებას ეზიარენ.

პირველი დღე გერმანელი სტუმრებისთვის სკოლაში დაიწყო სკოლის დირექციის ოფიციალური მისალმებით, რომელიც ასევე მოიცავდა ლექციას თემაზე „საქართველო და სკოლა ევრო-2000“. გერმანელმა მოსწავლეებმა ქართული განათლების სისტემა გაიცნეს გაკვეთილებზე დასწრებით და ასევე მათი საგაკვეთილო პროცესში აქტიური ჩართულობით, კერძოდ, მათ ჩვენი სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარეს გაკვეთილები და გააცნეს სხვადასხვა გერმანული თამაშები. სკოლის ერთი დღე დაეთმო ერთობლივ პროექტზე მუშაობას, რომლის მიზანი იყო ინტერნეტვერბგვერდის შექმნა გაცვლით პროგრმაზე.

ვერბგვერდზე მოსწავლეები გამოაქვეყნებენ ტექსტებს და ატვირთავენ ფოტოებს, რომელთა ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. სასწავლო პროცესის გარდა პროგრამა უხვად მოიცავდა არასასკოლო აქტივობებსაც. ყოველი დღე დატვირთული იყო საინტერესო ღონისძიებებით: ქალაქში გასვლები, ექსკურსიები, მუზეუმები, სპორტული შეჯიბრებები და კულტურული პროგრამები. ჩვენი ქალაქის გაცნობა გერმანელემა სტუმრებმა  ჩვენივე სკოლის მერვეკლასელების დახმარებით  მოახერხეს. მათ კარგად მოირგეს გიდების როლი და ქალაქის მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობებზე სტუმრებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს.

გერმანელი სტუმრები მოიხიბლნენ ჩვენი სკოლის მიერ ოჯახის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებით, სადაც ევრო-2000-ის  მოსწავლეებმა კლასების მიხედვით წარადგინეს ქართული სიმღერები და ცეკვები.

მართალია, დროის სიმცირის გამო საქართველოს მონახულება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ შეკვეთილში მდებარე საქართველოს მინიატურების პარკის მონახულებით გერმანელ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თვალწინ გადაეშალათ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლები. აქვე მათ იხილეს ტყეში მოწყობილი მუსიკალური პარკი, რომელიც ერთდროულად იძლევა დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას. ჩვენი კუთხის გაცნობის საშუალება კი, სტუმრებს ქემალ თურმანიძის მუზეუმმა მისცა. ასევე გულგრილი არ დაუტოვებია  გონიოს ციხე-სიმაგრისა და საქართველო-თურქეთის გამყოფი საზღვრის ხილვას. ზღვის უმშვენიერესი ხედებითა და მცენარეთა მრავალფეროვნებით დატკბნენ ჩვენი სტუმრები ბოტანიკური ბაღის მონახულებით. ყოველი დღე მთავრდებოდა ქართული სამზარეულოს დაგემოვნებითა და ღამის ბათუმის ხილვით.

დატვირთული ერთი კვირა დააგვირგვინა ქართულ-გერმანულმა საღამომ, სადაც მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებულნი იყვნენ გერმანელი და ქართველი მოსწავლეებისა თუ მასწავლებლების მიერ შესრულებული ნომრებით. მათ იმღერეს გერმანულ და ქართულ ენებზე და შეასრულეს ქართული ეროვნული ცეკვები.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ  გაცვლითი პროგრამის მიზანი მიღწეულია. ქართულ-გერმანულმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მსგავსი ტიპის გაცვლითი პროგრამები არა მხოლოდ ენის ცოდნის გაღრმავებას და ახალი კულტურების გაცნობას უწყობს ხელს, არამედ ისეთ სოციალურ კომპეტენციებს აყალიბებს, როგორიცაა ტოლერანტობა, გუნდურობის პრინციპი, თანამშრომლობა და ურთიერთდაფასება.

თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ სკოლა ევრო-2000 -ის მთავარ სლოგანს: „სწავლა ხალისით გზა ევროპისაკენ“, სწორედ ეს გაცვლითი პროგრამა ამის ერთ-ერთი დასტურია.

შთაბეჭდილებები:

ჩვენს სკოლას უკვე მერამდენე წელია გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩვენი გერმანელი მეგობრები სტუმრობენ. ჯერ კიდევ პატარაობიდან დიდ აღტაცებას იწვევდა მათი ჩვენ სკოლაში ვიზიტი და მოუთმენლად ველოდი, როდის დადგებოდა ჩემი დრო და როდის ჩავერთვებოდი მეც ამ პროგრამაში. რამდენიმე დღის წინ ეს ჩემი პატარა ნატვრა ახდა და კიდევ ერთხელ შევხვდი ჩემს გერმანელ მეგობრებს, მაგრამ ახლა უკვე ჩემს სამშობლოში, საქართველოში. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დამაახლოვა და უფრო ახლოს გამაცნო გერმანული კულტურა, განმივითარა ენობრივი შესაძლებლობები, დამიტოვა უამრავი ტკბილი მოგონება და რაც მთავარია, მეგობრები.

[highlight color=”red”]მარიამ ვადაჭკორია, X ბკლასი[/highlight]

გაცვლითი პროგრამით გერმანელი სტუმრების ჩამოსვლა ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა. პროგრამით გათვლილი ექსკურსიები საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გაცნობაში დაეხმარათ. დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და რა თქმა უნდა, გაოცებულნი დარჩნენ. ერთობლივი ძალით შევძელით ქართულ-გერმანული კულტურის შერწყმა. პროგრამის დასასრულს, გამოსამშვიდობებელ საღამოზე, გერმანელმა სტუმრებმა ქართული ცეკვა და სიმღერა შემოგვთავაზეს.
ჩვენი პროექტი წარმატებით განხორციელდა, ამის მაგალითია სტუმრების კმაყოფილი და აცრემლებული სახეები. მათ ემოციებით აღვსილებმა დატოვეს ჩვენი ბათუმი.

[highlight color=”red”]ლიზი აბუსელიძე, IX ბ კლასი[/highlight]

მას შემდეგ, რაც სკოლა ევრო 2000-ის  საშუალებით დაუვიწყარი 10 დღე გერმანიაში თანაკლასელებთან და გაცვლით პროგრამის ბავშვებთან ერთად გავატარე, მქონდა საშუალება ქართული სტუმართმოყვარეობა მეჩვენებინა მათთვის, ვისთვისაც ეს ყველაფერი უცხო და რადიკალურია. შესანიშნავი გარემო და დაუვიწყარი წუთები. ყველა ვცდილობით დროის მაქსიმალური რაოდენობა ერთად გაგვეტარებინა და რაც შეიძლებოდა კარგად. რთულია, იმ ყველა გრძნობის ასე გადმოცემა, რადგან აღწერითაც ვერ აღვწერ რაოდენ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. განშორების წუთები ძალიან მერთულა. ადამიანებს, რომლებსაც ასე მიეჩვიე და გული გადავუშალე, ასე უცებ, 1 კვირის შემდეგ უნდა დავმშვიდობებოდი. აუცილებლად ვაპირებ გერმანიაში ისევ სწორედ ამ ბავშვებთან წასვლას და უდიდესი სიხალურით ვუმასპინძლებდი თითოეულს ისევ ჩემს პატარა ქვეყანაში. უღრმესი მადლობა სკოლა ევრო-2000 -ს და გერმანულ კათედრას. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ყოველთვის უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს საოცარ თავგადასავალს ჰგავს და უამრავ გამოცდილებას უგროვებს ახალგაზრდას.

[highlight color=”red”]მარიამ მიქელაძე, X ბკლასი[/highlight]

ძალიან კარგი, სიახლეებით სავსე და სასიამოვნო გამოცდილება იყო ეს ერთი კვირა ჩემს ცხოვრებაში. საბოლოოდ, გამიქრა ბევრი სტერეოტიპი და ცრურწმენა. დამღლელი, მაგრამ თავგადასავლებით და ხალისით სავსე 7 დღე, რომელიც ძალიან მკაფიოდ დარჩება ჩემს მოგონებებში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ასე კარგად და ახლოს გავეცნო უცხო ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. თუმცა უნდა ვაღიარო,   რომ გერმანელ თანატოლებთან ურთიერთობამ, რომლებიც დღეს ჩემი ახლო მეგობრები არიან, განსაკუთრებული გრძნობები და ემოციები აღძრა ჩემში.

[highlight color=”red”]გიორგი ხალვაში, IX ა კლასი[/highlight]

ბავშვობიდან ვოცნებობდი გერმანიაში წასვლაზე. წინა წელს ჩემი ოცნება ასრულდა. მე ჩავედი გერმანიაში და გავეცანი მათ კულტურას და ცხოვრების წესს. მაისში კი გერმანელები ჩამოვიდნენ ჩვენთან. მოუთმენლად ველოდებოდი მათ ჩამოსვლას. როდესაც ჩამოვიდა გოგო, რომელიც ჩემთან უნდა დარჩენილიყო, პირველ რიგში, მას  გავაცანი ჩემი ოჯახი. ამის შემდეგ მთელმა ჯგუფმა დავათვალიერეთ ბათუმი და მისი შემოგარენი, რითიც აღფრთოვანებულნი დარჩნენ სტუმრები. ისინი ასევე ესწრებოდნენ სკოლაში გაკვეთილებს, იღებდნენ მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში. მოვაწყვეთ მათთვის კონცერტი. ყველაზე ნაკლებად წასვლის დღეს ველოდებოდით, არ გვინდოდა ერთმანეთთან დაშორება, ყველა კმაყოფილი დარჩა.

[highlight color=”red”]მარია ჩუნაკოვა, 10 დ კლასი[/highlight]

ჩემთვის გერმანელი სტუმრების ჩამოსვლა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება იყო. პირველ რიგში, მომეცა საშუალება გამეუმჯობესებინა გერმანულის ცოდნა და უკეთ გამეცნო სტუმრები. კიდევ ერთი კვირის ერთად გატარების შემდეგ ერთმანეთს დავუახლოვდით და ახლა კონტაქტს აღარ ვწყვეტთ. ახალი მეგობრების გაჩენის გარდა ძალიან სასიამოვნო იყო იმის ნახვა, თუ როგორ ეცნობოდნენ უცხოელები საქართველოს და როგორ მოსწონდათ ჩვენი სამშობლო.

[highlight color=”red”]კობა ბერიძე, X ა კლასი[/highlight]

 

NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ბათუმში 30 მაისს ჩამოვა

საქართველოში NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი ჩამოდის. ის საქართველოში 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით დარჩება და მონაწილეობას მიიღებს ერთკვირიან კამპანიაში – „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ“.

ავტომრბოლელი ქალი ბათუმში 30 მაისს იქნება და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 16:00 საათზე შეხვედრას გამართავს.

ჯენიფერ კობი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოდის. ის არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმე.

ჯენიფერმა ავტორბოლა დაიწყო NASCAR-ის შექმნის პირველი დღეებიდან კანზას სიტიში, 1991 წელს.

Exit mobile version