მთავარი,სიახლეები

ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია 

24.10.2017
ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია 

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფუტკარაძე. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა. გიორგი ფუტკარაძე 19 სექტემბერს დააკავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მაშინ სამართალდამცველებს არ უთქვამთ, რის გამო და რა ვითარებაში აიღო ქრთამი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა გამოძიების ოფიციალური ვერსიის შესახებ. პროკურატურის დადგენილებაში პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ ვკითხულობთ, რომ მერიის თანამშრომელმა ქრთამი აიღო იმისთვის, რომ კონკრეტულ პირს სამშენებლო ნებართვის გარეშე დაეწყო სასტუმროს აშენება გონიოში. დადგენილების მიხედვით, სასტუმრო გონიოში ქსენია მინდიაშვილს და გოჩა შიშმანიძეს უნდა აეშენებინათ, რის გამოც მათ 2017 წლის აგვისტოში ბათუმის მერიას მიმართეს – მშენებლობის ნებართვის აღების მოთხოვნით.

„2017 წლის სექტემბერში გოჩა შიშმანიძეს დაუკავშირდა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  გიორგი ფუტკარაძე, რომელმაც  ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყებაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევასა და შემდეგ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარების სანაცვლოდ გოჩა შიშმანიძეს მოსთხოვა 20 ათასი ლარი…“ – ვკითხულობთ პროკურატურის დადგენილებაში.

გამოძიების ვერსიით, 19 სექტემბერს  გიორგი ფუტკარაძემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 10 ათასი ლარი მიიღო. თანხის აღებისთანავე მერიის თანამშრომელი სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს.

დადგენილების მიხედვით, საქმეში მტკიცებულებებად წარმოდგენილია ფარული აუდიო, ვიდეო და სატელეფონო ჩანაწერები, ასევე  გიორგი ფუტკარაძის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 10 ათასი ლარი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით,  გიორგი ფუტკარაძე წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა ამ დროისთვის საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება დაწყებული არ არის. ბრალის აღიარება მთავარი პირობაა საპროცესო შეთანხმებისთვის.

ბათუმის მერიის თანამშრომელს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილზე აქვს ბრალი წაყენებული, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: