მთავარი,სიახლეები

მაღალმთიან აჭარაში 65 162 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა იწყება

10.10.2017
მაღალმთიან აჭარაში 65 162 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა იწყება

მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყების ცერემონია დღეს, 10 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თამჯდომარე, ზურაბ პატარაძე ესწრებოდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

გაზსადენმა ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტები უნდა უზრუნვეჰყოს ბუნებრივი გაზით. გაზსადენი სოფელ სალიბაურიდან სოფელ ერგემდე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას მიუყვება. სოფელ ერგედან ხიჭაურის დასახლებამდე კი – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზას.

გაზსადენის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია. ის 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. გაზსადენის სამშენებლო ღირებულება 25 850 000 ლარია.

პროექტი 2019 წლის 1 მარტს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს შპს „ენერჯი ინვესტი 2009“ ახორციელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორიცაა: ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ „გოდერძის“ განვითარება, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის“ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 

„18 თვეში ჩვენ მივიღებთ ახალ გაზის მილს და წარმატებულ პროექტს. პარალელურად დაიწყება თითოეული სოფლის დაქსელვა და გაზიფიცირება. ჩვენი მთავარი სტრატეგია არის მთის გაძლიერება, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც მოსახლეობას მისცემს გაძლიერების საშუალებას. გაზიფიცირების მეორე ეტაპი არის შუახევი – გოდერძის უღელტეხილი“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: