სიახლეები

ტენდერებიდან შავ სიაში

07.02.2015
ტენდერებიდან  შავ სიაში

 

.შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე  ორი  კომპანია შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისთვის აღმოჩნდა: შპს „I GPS ოპერატორი“ და შპს „იუნაიტედ სეკურიტი“. ტენდერი 152 ერთეული GPS მოწყობილობისა და 20 ერთეულ ელტაბლოს მომსახურების შესყიდვაზე იყო გამოცხადებული, თანხით 63 048 ლარი. სატენდერო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ პრეტენდენტმა კომპანიებმა ერთი და იგივე ტექსტისა და შინაარსის შემცველი სატენდერო დოკუმენტაცია ატვირთეს სისტემაში, რის გამოც ორთავე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია მოხდა.

 

ქ. ბათუმის მერიის მიერ №13 საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებაზე გამოცხადებულ ტენდერში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის შავ სიაში მოხვდა შპს „ნიუ კონსტრაქშენი“. თავის დროზე სატენდერო თანხა 1 026 765 ლარი იყო, ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიამ სამის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

 

1 იანვრის შემდეგ შავ სიაში მოხვდა კომპანიები: შპს „ალგორითმი“,„დათა +“, „ლმ ფაბრიკა“, „ბ.ს.ბ. – კომპანია“, შპს „labmate“, „სტარტი – ბიზნეს გადაწყვეტილებები“,  „სტარ სტუდიო“,  „დაჩი“ და სხვ.

სულ “შავ სიაში” 150-ზე მეტი იურიდიული პირია.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შავი სია, ესაა შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი, რომელსაც ელექტრონულად აწარმოებს სააგენტო. შავ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებლებს ეკრძალებათ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება 1 წლის ვადით.

 

იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველ­ყოფის გარანტიას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ან თუკი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ან/და იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება განხილული იქნება მისი შავ სიაში დარეგისტრირების საკითხი.

 

სააგენტო უფლებამოსილია უარი თქვას პირის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, იმ შემთხვევაში თუ შავ სიაში დასარეგისტრირებელი პირის ქმედებით მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ასეთი პირის შავ სიაში დარეგისტრირებით დადგება არათანაზომიერი შედეგი და დარღვეული იქნება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სააგენტო უფლებამოსილია ასეთი პირის მიმართ არაუმეტეს ორჯერ გამოიყენოს გაფრთხილება [გასული წლის თებერვლიდან დღემდე 400-ზე მეტი იურიდიული პირია გაფრთხილებული]. გაფრთხილება მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.

 

შავი სიიდან ამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: