მთავარი,სიახლეები

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

20.09.2017
ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირანელი ფოტოდოკუმენტალისტის, სეიფოლა სამადიანის ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც აბას კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ეძღვნება. ამავე სივრცეში აჩვენეს ფოტოდოკუმენტალისტის ხუთწუთიანი ფილმიც, რომელიც კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ასახავს.

სეფოლა სამადიანი, რომელიც მარტინ სკორსეზესა და აბას კიაროსტამთან თანამშრომლობდა, ირანული ფოტოგრაფიის „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. ამჟამად  იგი თეირანის უნივერსიტეტის ფოტოჟურნალისტიკის პროფესორი და ჟურნალ „ფოტოხელოვნების“ რედაქტორია.

„40 წლის წინ დავინტერესდი ფოტოგრაფიით, მერე კინემატოგრაფიამ გამიტაცა. გამომსახველობითი ხელოვნება ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომაც ვარ საკუთარი ფილმების რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი და მემონტაჟე ერთდროულად. ადრე ფირით ვიღებდი, ახლა ციფრული კამერით ვიღებ ფოტოებს, მობილური ტელეფონითაც გამომდის საინტერესო კადრები, ვფიქრობ ადამიანმა ტექნიკის ყველა მიღწევა უნდა გამოიყენოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად“ –  აღნიშნა სეიფოლა სამადიანმა „ბათუმელებთან“ საუბრისას.

– რატომ გადაწყვიტეთ აბას კიაროსტამი ბათუმში გადაგეღოთ?

მეგობრები და თანამოაზრეები ვიყავით, 2010 წელს ჩვენ ერთად ჩამოვედით ბათუმის კინოფესტივალზე, ეს ქალაქი განსაკუთრებულად მოსწონდა და ბედნიერი იყო, გადავწყვიტე ის დღეები პატარა ფილმად მექცია.
21886632_1564640143574760_1683608844_o

21908721_1564639623574812_2032652942_o

აბას კიაროსტამი

– რას ნიშნავს თანამედროვე არტისტისთვის ირანში ცხოვრება, არის ეს რამე ტიპის სირთულეებთან დაკავშირებული?

– ირანი ჩვეულებრივი ქვეყანაა, თუმცა განსხვავებული კულტურით. ფოტოჟურნალის რედაქტორი ვარ და ჩვენი გუნდი არასოდეს ერიდება ხელისუფლების კრიტიკას. მათ აქვთ ჩვენთან პრობლემები ხანდახან, რადგან დისკომფორტს ვუქმნით. ჩვენ პრობლემები არავისთან გვაქვს, თავისუფალი ადამიანები ვართ. ვფიქრობ, რომ ევროპული და ამერიკული მედია ცდილობს ირანი ჩაკეტილ და პრობლემებით სავსე ქვეყნად წარმოაჩინოს. ევროპასა და ამერიკაში ბევრად მეტი, სხვა ტიპის პრობლემაა, რაზეც აქცენტებს არ სვამენ. ჩვენი ქვეყნის რელიგიურ-კულტურულ თავისებურებებს დასავლური მედია, სამწუხაროდ , ჩვენივე მარგინალიზაციის მიზეზად იყენებს.

– მოჰსენ მახმალბაფმა პროტესტის ნიშნად დატოვა ირანი და ლონდონში გადასახლდა, რას ფიქრობთ ამაზე?

– მგონია, რომ თავისუფლებას ხელისუფლება ვერასოდეს მოგცემს. თავისუფლება არის ის, რაც საკუთარ თავს თვითონ უნდა მისცე. რა მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულად სად იმყოფები? მთავარია, შინაგანად როგორ გრძნობ თავს.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ერთ კვირას დარჩება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: