ნეტგაზეთი • RU

მთავრობა ბათუმში გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს

ამ წუთებში შერეული სამთავრობო კომისია ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხს განიხილავს.

აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 459,000 ლარს გამოუყოფს. ფინანსურ დახმარებას ჯამში რვა ოჯახი მიიღებს. მათ შორის ორი ოჯახის სახლი აფეთქების შემდეგ დაინგრა, ექვსი სახლი კი დაზიანდა.

„აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი ოჯახების სრული ჩართულობით განსაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, ოჯახის წევრები ამჟამად ქირით არიან გაყვანილი. მათ შევთავაზეთ საკუთრებაში ბინების გადაცემა, თუმაცა იმავე ადგილზე სახლების მშენებლობა არჩიეს. მთავრობამ მათი სურვილი გაითვალისწინა და მშენებლობისთვის საჭირო თანხა კომისიაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოეყოფათ, ხარჯთაღრიცხვა ექსპერტთა ჩართულობით მომზადდა,“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, რომელიც ამავდროულად სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.

მინისტრის განმარტებით, ფინანსურ დახმარებას ის ექვსი ოჯახიც მიიღებს, რომელთა სახლები აღდგენას ექვემდებარება. მათაც თანხას სარეზერვო ფონდიდან ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოუყოფენ. რვა ოჯახისათვის ჯამში 459,000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დაზიანება თხევადი აირის გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია.
21640793_1814880288541168_4880039479685416742_o

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი