სიახლეები

ბათუმის №1 და ქობულეთის რაიონული საავადმყოფოების გაკოტრების საქმე

20.01.2015
ბათუმის №1 და ქობულეთის რაიონული საავადმყოფოების გაკოტრების საქმე

 

 

ბათუმის ყოფილი #1 საავადმყოფოს შენობა

 

სასამართლო განჩინებაში აღნიშნულია, რომ ბათუმის №1 საავადმყოფოს გაკოტრების მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, საავადმყოფოს დირექტორმა, ლაშა მიქელაძემ 2014 წლის 17 დეკემბერს მიმართა.

 

განჩინების მიხედვით, შპს „ბათუმის №1 საავადმყოფო“-ს დღეის მდგომარეობით გააჩნია კრედიტორული დავალიანება 1 328 137 ლარი, საიდანაც 1 087 109 ლარი წარმოადგენს საბიუჯეტო დავალიანებას, ხოლო  საზოგადოების აქტივები შეადგენს 1 224 893 ლარს.

 

ამასთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია №1 საავადმყოფოს მიმართ 25,047,3 ლარის მოთხოვნა („ავერსი გეოფარმას“, „პსპ ფარმას“, „ჰეკატეს“ დავალიანებები), აქედან გამომდინარე საზოგადოების ანგარიშები დაყადაღებულია, რის გამოც შეუძლებელია დებიტორების მიმართ დავების წარმოება. ამასთან, დებიტორების უმეტესი ნაწილი მოთხოვნას არ აღიარებს, ნაწილი კი ხანდაზმულია.

 

სასამართლომ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის შესაბამისად,  შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოს“ გაკოტრების საქმე წარმოებაში მიიღო. მეურვედ აღსრულების ეროვნული ბიურო დაინიშნა.

 

მოვალეს (საავადმყოფოს) აეკრძალა ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი კი უფლებამოსილია წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

 

განჩინებით შეჩერდა საავადმყოფოს წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და აიკრძალა ახლის დაწყება. ასევე შეჩერდა ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

 

მეურვე ვალდებულია მოამზადოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. კრედიტორებს უნდა განემარტოთ, რომ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს.

 

 

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

 

ბათუმის პირველი საავადმყოფო 2011 წლიდან, ფაქტობრივად, რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუერთდა. პირველი საავადმყოფოს გარემონტებულ შენობაში აჭარის მთავრობა უნდა გადასულიყო, თუმცა საბოლოოდ შენობაში ხელოვნების უნივერსიტეტი განთავსდა.

 

ქუთაისის სასამართლომ კიდევ ერთი –  შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ გაკოტრების წარმოების საქმე გახსნა.

 

განჩინებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 იანვარს შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ სახელით სასამართლოს განცხადებით მომართა დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ და აღნიშნა, რომ შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფო’’ წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%იანი წილობირივ მონაწილეობით არსებულ საწარმოს.

 

საავადმყოფო არ ფუნქციონირებს 2011 წლიდან, საზოგადოებას გააჩნია კრედიტორული დავალიანება 1 924 528 ლარის ოდენობით, რომელთაგან 1 476 645 ლარი წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორულ დავალიანებას (საბიუჯეტო დავალიანებას). საზოგადოების აქტივები შეადგენს 749 937 ლარს. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია შპს ,,ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს’’ მიმართ 1 476 645 ლარის მოთხოვნა, რის გამოც საზოგადოების ანგარიშები დაყადაღებულია, აღნიშნულის გამო კი შეუძლებელია დებიტორების მიმართ დავების წარმოება. ამასთან დებიტორების უმეტესი ნაწილი მოთხოვნას არ აღიარებს, ნაწილი კი ხანდაზმულია.

 

ბათუმის №1 და ქობულეთის რაიონული საავადმყოფოების კრედიტორთა პირველი კრება 2015 წლის 23 თებერვალსაა დანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს  შენობაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.