Batumelebi | ახალი მარწყვი 11 თვის განმავლობაში – კოოპერატივების თანადაფინანსება აჭარაში ახალი მარწყვი 11 თვის განმავლობაში – კოოპერატივების თანადაფინანსება აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

ახალი მარწყვი 11 თვის განმავლობაში – კოოპერატივების თანადაფინანსება აჭარაში

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს მრავალწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის შედეგადაც მარწყვის წარმოება რეგიონში სეზონურიდან  10-11-თვიან პერიოდზე უნდა გადავიდეს. იგეგმება სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებზე შესაბამისი სათბურების, მარწყვის ჩითილებისა და სამაცივრე დანადგარების გადაცემა, რისთვისაც წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

 

 

დღეის მდგომარეობით მარწყვის კულტურის განვითარებას, როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, დიდწილად აფერხებს დაბალხარისხიანი ჯიშები, მოვლა–მოყვანის ტექნოლოგიების ცოდნის დაბალი დონე და წვრილი ოჯახური მეურნეობები, სადაც გართულებულია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა–განხორციელება. შესაბამისად, გათვალისწინებულია სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებისთვის  საწარმოო და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის ხელშეწყობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასათბურე მეურნეობებში მარწყვის კულტურის წარმოების მიმართულებით. ამიტომაც, გრძელვადიან პერიოდში მარწყვის მოყვანისათვის საჭიროა ახალი რემონტატული და სუპერ საადრეო ჯიშების გავრცელება და ასევე თანამედროვე აგროტექნიკური ღონისძიებების დანერგვა, სათბურში მარწყვის წარმოების განვითარების გზით.

 

აჭარის ტერიტორიაზე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პროგრამის ფარგლებში გადაეცემათ:

 

1) 200 კვ.მ–იანი სათბურის კონსტრუქცია (პოლიეთილენის ფირით, მულჩფირით, 2 ტონიანი სარწყავი ავზით, წვეთოვანი სარწყავი მილებით, წყლის საქაჩი ტუმბოთი).

2) ორგანული სასუქი (ბიოჰუმუსი);

3) მარწყვის მაღალხარისხიანი ჩითილები;

4) სამაცივრე კამერები.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თავისი თანამონაწილეობის ფარგლებში შეასრულებს ყველა იმ სხვა სამუშაოებს, რაც დაკავშირებული იქნება სასათბურე მეურნეობის საბოლოო მოწყობასთან, კერძოდ:

 

კოოპერატივის ტერიტორიაზე სათბურებისათვის ადგილის შერჩევა და მომზადება, სათბურის საძირკვლის მოწყობა ბეტონით, კონსტრუქციის მონტაჟი, სათბურის საწარმოო საშუალებებით ელექტრო ენერგიითა და სარწყავი წყლით სტაბილური უზრუნველყოფა.

 

ქვეპროგრამით მოსარგებლე კოოპერატივმა, ასევე უნდა უზრუნველყოს სამაცივრე დანადგარის მონტაჟისათვის საჭირო ტერიტორიის მოწყობა. შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი განხორციელდება სამინისტროს მიერ.

 

კოოპერატივებზე გადასაცემი სათბურებისა და სამაცივრე დანადგარების ადგილის შერჩევას და ბენეფიციართა (სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივი) შერჩევას, შესაბამისი განცხადებებისა და წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი კომისია.

 

შესყიდული საქონელი/მომსახურება სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივებზე გაიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივის კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს კენკროვანი ხილის სასათბურე მეურნეობის ამოქმედებისათვის მინიმუმ 500 კვ/მ მიწის ნაკვეთი.

 

 

ასევე ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღირებულების 20%–ის თანაგადახდის საფუძველზე, სადაც წინასწარ გამოყენებული იქნება საბანკო გარანტია. კოოპერატივზე ქონების გადაცემა განხორციელდება კოოპერატივის მიერ გადასახდელი წილის, ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის შემდეგ.

 

 

მთლიანობაში წელს, 23 კოოპერტივს გადაეცემა ამდენივე სათბურის კონსტრუქცია, სამაცივრე კამერა, 69 ტონა ორგანული სასუქი,  34 500 ძირი მარწყვის მაღალხარისხიანი ჩითილი. შედეგად, თანამედროვე ტექნოლოგიებით 0,46 ჰა-ზე 28 ტონა მრწყვის წარმოება უნდა გახდეს შესაძლებელი.

 

2013 წლიდან დღემდე, აჭარაში 10 კოოპერატივში თანადაფინანსების პრინციპით უკვე მოეწყო 1 ჰა მოცვის, 2 ჰა ვენახისა და 2 ჰა კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები. კოოპერატივებში საწარმოო–სამეურნეო მიმართულება დარგობრივად სხვადასხვა მიმართულებისაა და ძირითადი პროფილი მეცხოველეობის, ან მრავალწლიან კულტურათა განვითარებაზეა ორიენტირებული.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით, მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2015-2018 წლებში დღევანდელი მონცემებით 2 497 400 ლარია გათვალისწინებული.

 

2018 წლამდე სამინისტროს გათვლებით, მოქმედებაში შევა 200 კვ/მ–იანი 90-ზე მეტი მარწყვის სათბური, რომლებშიც საშუალოდ წლიურად წარმოებული იქნება 120 ტონამდე მარწყვი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"