მთავარი,სიახლეები

ფურგონი, რომელმაც მარტოხელა მოხუცებს ცხოვრება გაუხალისა 

01.09.2017
ფურგონი, რომელმაც მარტოხელა მოხუცებს ცხოვრება გაუხალისა 

ფურგონი, რომელშიც დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა და სახლის, ასევე ეზოს მოვლისთვის საჭირო სხვა ნივთები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასულ წელს გამოჩნდა. ეს ფურგონი პერიოდულად მობილურ ჯგუფთან ერთად მარტოხელა მოხუცებს სტუმრობს:

„ვურეცხავთ სარეცხს, ვულაგებთ სახლს და ეზოს, ვუჩეხავთ შეშას“.

პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“– მა განახორციელა [ადამიანი გაჭირვებაში].

მობილურ ჯგუფში ოთხი ადამიანია. მათ შორისაა ექიმი, რომელიც შეისწავლის ხანდაზმულის პირველად მდგომარეობას და უტოვებს მედიკამენტებს. ტექნიკოსი კი სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ასუფთავებს ეზოს. ჯგუფი უზრუნველყოფს ასევე მოხუცის ჰიგიენურ მოვლასაც.

პროექტების მენეჯერის ნანა ყურაშვილის ინფორმაციით, ამ პროექტმა მისი განხორციელების დაწყების დღიდან დიდი ინტერესი გამოწვია, ბევრმა გამოთქვა მოხალისეობის სურვილი, მაგალითად,  რესტორნებმა საკუთარი სურვილით კვების სერვისი დაამატეს: აწყობენ საკვებს კონტეინერებში, რომელიც შემდეგ მობილურ ჯგუფს მარტოხელა მოხუცებთან მიაქვს. მოხალისეებად რამდენჯერმე იმუშავეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.

იდეის დაფინანსებისთვის პროექტით „People in Need“-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა. დეკემბრის ჩათვლით მობილურ ჯგუფში დასაქმებული ადამიანების ხელფასს გრანტით ფარავენ. დეკემბრიდან კი ფურგონისა და მისი მობილური ჯგუფის ხარჯებს გამგეობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს „იუთუბში“ უნახავთ კლიპი: „კლიპით შთაგონებულებმა გააკეთეს იგივე პროექტი და მისი დაფინანსების თხოვნით მოგვმართეს“. ანალოგიური პროექტი პირველად ლიტვაში განუხორციელებიათ.

პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 18 000 ლარი იყო, მომავალ წელს კი მას გამოაკლდება ავტომანქანის შეძენის ხარჯი.

ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში სხვა პროექტებსაც ახორციელებს. მისი ძირითადი მიმართულებები სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა და  სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება, ასევე ახალგაზრდების განათლება.

ორგანიზაციამ გასულ წელს ახალგაზრდებისთვის განახორციელა პროექტი, რაც ადამიანის უფლებების დოკუმენტური ფილმებით სწავლებას გულისხმობდა:

„ჩვენს ორგანიზაციას აქვს ევროპაში ყველაზე დიდი ფილმების ფესტივალი, რომელიც ყოველ წელს, მარტის თვეში ტარდება ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამ ფესტივალის ბაზაზე შეიქმნა სასკოლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებებს ასწავლიან დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ეს ფილმები ქართულ ენაზეა თარგმნილი.“

ამ დროისთვის „People in Need Georgia “ ახორციელებს პროექტს, რომელიც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პოპულარიზაციას გულისხმობს. ნანა ყურაშვილის ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციები ბათუმიდან.

ორგანიზაციამ „People in Need Georgia“ საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს დაიწყო.  PIN-ის მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, იმ უკიდურესად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა და ინტეგრაციაა, რომლებიც დარჩენილნი არიან პროცესებს მიღმა.

PIN-ი  ამ დროისთვის საქმიანობს თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან.

ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებს ძირითადად ევროკომისია და ჩეხეთის მთავრობა აფინანსებენ.

21267836_653880534818146_434788187_o (1)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: