სიახლეები

გრანტი დოქტორანტებისათვის

17.12.2014 • 2411
გრანტი დოქტორანტებისათვის

 

 საგრანტო პროგრამა 2013 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა დაწესებული. გასულ წელს სამინისტრომ პროგრამისთვის ერთი მილიონი ლარი გამოყო,  წელს ეს ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. ასევე, გაიზარდა პროგრამის ხანგრძლივობაც.

 

„გასულ წელს პროგრამაში 247 დოქტორანტი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, დაფინანსება კი 135-მა დოქტორანტმა მოიპოვა. პირველი წელი იყო საპილოტე, ვაკვირდებოდით, გაამართლებდა თუ არა. პროექტმა გაამართლა, შესაბამისად, წელს გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი. კონკურსის კონფიგურაცია შეიცვალა, წელს უკვე შეუძლია დოქტორანტს დაფინანსება მოითხოვოს მთელი სადოქტორო ციკლის მანძილზე, შარშან მხოლოდ ერთწლიანი დაფინანსება იყო. ასევე დავაწესეთ სტიპენდია. თუ ფასიან პროგრამაზე სწავლობს სტუდენტი, შეუძლია მოითხოვოს 1000 ლარი თვეში, თუ უფასოზე – 800 ლარი“, – ამბობს ზურაბ ბრაგვაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი.

 

ახალი რეგულაციებით დოქტორანტს წელიწადში ერთხელ შეუძლია ექვსთვიანი სტაჟირებით უცხოეთის რომელიმე სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაემგზავროს, საზღვარგარეთ დაესწროს ვორქშოფებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს; დისერტაციის მიზნებისთვის, დისერტაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, დაგეგმოს უცხოეთში კვლევითი ვიზიტი. აპლიკანტს შეუძლია სასწავლო და კვლევითი პროცესისათვის საჭირო კომპიუტერული და სხვა ტექნიკური საშუალებების, ლაბორატორიული სამუშაოებისთვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და საველე სამუშაოების ხარჯების გაწერა პროგრამაშივე.

 

საერთო ჯამში, სტიპენდიისა და სხვა ყველა ხარჯი, რომელსაც დოქტორანტი გასწევს, არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რასაც ის მოიპოვებს სემესტრული დაფინანსებისას. სასწავლო-კვლევითი გრანტი,  პროექტის  მიხედვით,  შეიძლება მოთხოვნილ იქნეს არანაკლებ ორი და არა უმეტეს ექვსი სასწავლო სემესტრისთვის: ექვსსემესტრიანი პროექტისთვის სასწავლო-კვლევითი გრანტის მაქსიმალური ოდენობა 63 000 ლარია, ხუთსემესტრიანი  პროექტისათვის – 52 500 ლარი, ოთხსემესტრიანი  პროექტისთვის – 42 000 ლარი, სამსემესტრიანი  პროექტისათვის – 31 500 ლარი, ორსემესტრიანი  პროექტისათვის – 21 000 ლარი.

 

„რამდენ დოქტორანტს დავაფინანსებთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პროექტებს მივიღებთ. ვფიქრობთ, რომ შარშანდელზე ნაკლები არ იქნება. გასულ წელს პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 21 ათასი ლარი იყო, წელს ერთი პროექტის მაქსიმალური ღირებულება არის 63 ათასი ლარი. პროექტებს ორი ექსპერტი აფასებს – ერთი ადგილობრივი და ერთი უცხოელი. მათი შეფასებების შემდეგ ვადგენთ ერთიან რანჟირებულ სიას, რომელიც იქამდე გრძელდება, სანამ ფული გვეყოფა“, – განმარტავს ზურაბ ბრაგვაძე. მისივე თქმით, პროექტების შემფასებელი ექსპერტების ანაზღაურებაც  პროგრამისთვის გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება, რაც მთლიანი თანხის ერთი პროცენტიც არ არის.  

 

„დოქტორანტურაში სწავლის პერიოდი მოჭრილად განსაზღვრული არ არის, ამიტომაც იმის მიხედვით გავცემთ გრანტს, თუ რა ეტაპზეა დოქტორანტი, არ გვაქვს მოთხოვნა „ჯიპიეიზე“, უცხო ენის ცოდნაზე. დოქტორანტმა რომ არ იცოდეს უცხო ენა, ვერ წავა უცხოეთში კონფერენციებზე, ვერ მოაწყობს კვლევით ვიზიტს, თუმცა შეუძლია დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლებსაც განახორციელებს საქართველოში. ვფიქრობ, ექსპერტები ამით მაინცდამაინც აღფრთოვანებულები არ დარჩებიან“, – ამბობს ზურაბ ბრაგვაძე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შარშანდელ გამარჯვებულებსაც, ამის შესახებ თეა ქოიავამ რამდენიმე დღის წინ გაიგო. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, გასულ წელს მან 20 900 ლარი მიიღო ფონდისგან.

 

„დოქტორანტისთვის ეს არის ჟანგბადი. გრანტის ფარგლებში გაწერილი გვქონდა კვლევების ჩატარება, კვლევისთვის საჭირო მასალის ყიდვა, საერთაშორისო კონფერენციაზე წასვლა და პისიარით დიაგნოსტირება. ბოლო ეტაპზე ვარ უკვე, დეკემბრის ბოლოს უნდა დავასრულო მუშაობა გრანტის ფარგლებში. საბუნებისმეტყველო მიმართულებით მუშაობა რთულია, დიდ თანხას საჭიროებს, რეაქტივები ძვირი ღირს. კვლევის ჩატარება დიდი ფუფუნებაა, რაც მე რუსთაველის ფონდმა შემიქმნა, მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა. ამ გრანტის ფარგლებში ვიყავი ორ საერთაშორისო კონფერენციაზე – ვალენსიასა და ჩიკაგოში, შესაბამისად, ჩემი კვლევის შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანე. სხვა შემთხვევაში 16 ათასი ლარი კვლევისთვის შეუძლებელი იყო გამომეყო“, – ამბობს თეა ქოიავა, რომლის კვლევის მიმართულებას მიკრობიოლოგია წარმოადგენს.

 

საგრანტო პროგრამა 2015 წლის აპრილიდან ამოქმედდება, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტატუსშეჩერებულ დოქტორანტებსაც. იმისათვის, რომ ფონდმა გრანტის გამოყოფა შეძლოს, მათ გამარჯვების შემთხვევაში სტატუსი უნდა აღიდგინონ.

 

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფონდში წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 23 დეკემბერია. დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ განთავსებულია რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრის ვებგვერდზე: rustaveli.org.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: