მთავარი,სიახლეები

ქობულეთის გამგეობა ტურისტებს უფასოდ ავარჯიშებს

26.07.2017
ქობულეთის გამგეობა ტურისტებს უფასოდ ავარჯიშებს

„განსაკუთრებული სიმრავლეა ტურისტების. ყველაზე მეტად იმატა ტურისტების რაოდენობამ ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან,“ – გვითხრა ნათია ნიჟარაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საკითხთა სამსახურის უფროსმა. „ბათუმელები“ მას ესაუბრა იმაზე, თუ რა სიახლეებს სთავაზობს წელს ქობულეთი ტურისტებს.

ნათია ნიჟარაძის თქმით, სიახლე დილის აერობიკაა, რომელსაც დამსვენებლები ქობულეთის ცენტრალურ პარკში ესწრებიან უფასოდ. „ყოველ დილით, რვის ნახევარზე იკრიბებიან დამსვენებლები, ადგილობრივებსაც შეუძლიათ ისარგებლონ. დილის აერობიკა 40 წუთს გრძელდება. ძალიან ბევრი ხალხი ესწრება,“ – გვითხრა ნათია ნიჟარაძემ.

დილის აერობიკის ხარჯებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს. ორ ტრენერს 45 დღის განმავლობაში 2 ათას ლარს გადაუხდიან.

„სხვა ახალი სერვისი არ გვაქვს“, – დასძენს ქობულეთის გამგეობის წარმომადგენელი. – „რაც გვაქვს, ტურისტული მარშრუტები, ძალიან კარგად მუშაობს და ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, არც ადგილობრივს და არც ტურისტს არ მოუმართავს ჩივილით, რომ რაღაც არ მოსწონთ. მეც სახლში მყავს დამსვენებლები და ვეკითხები, რა არ მოსწონთ. კონკრეტულს ვერაფერს მპასუხობენ“.

მოსწონთ თუ არა, მაგალითად, ტურისტებს ხმაური, რომლითაც ფიჭვნარის კაფე-ბარები განსაკუთრებით გამოირჩევა ღამის საათებშიც? – „კი, თქვენ წარმოიდგინეთ მოსწონთ. ბევრჯერ მომისმენია, ვუთხარი დამსვენებელს, აქ რომ იცოდეთ, საღამოსო ხმაურია-მეთქი. უთქვამთ, ხმაურისთვის მოვდივართ აქო“, – გვპასუხობს ნათია ნიჟარაძე.

წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ქობულეთში ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნა – ოთხსართულიანი „ტერასა“. ტურიზმის სამსახურში გვითხრეს, რომ სხვა სასტუმრო არა, მაგრამ ძალიან ბევრი ოჯახური ტიპის სასტუმრო მოეწყო. „სასტუმროები უფრო მუშაობს, ვიდრე კერძო სახლები. არ ვიცი, რატომაა ასე, ეტყობა ფასი კარგად შეუსაბამეს ტურისტების მოთხოვნებს,“ – დასძენს ნათია ნიჟარაძე.

სად შეიძლება გაერთოს ტურისტი ქობულეთში, როცა წვიმს? – გამგეობის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი, ნათია ნიჟარაძე არ უარყოფს, რომ ამ მხრივ დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ გართობა მაინც შესაძლებელია: „ქობულეთის მუზეუმს სტუმრობენ, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ექსპონატია. ამას წინათ პოეზიის საღამოც გავმართეთ. საღამოობით ქობულეთის ამფითეატრში კონცერტები იმართება, მათ შორის, ფოლკლორული ღონისძიებები. კინტრიშის ნაკრძალში შეუძლიათ წასვლა, მტირალაზე და ასე შემდეგ“.

ნათია ნიჟარაძის ინფორმაციით, ქობულეთში ივლისიდან ყოველდღიურად სუფთავდება პლაჟები და მოწყობილია ზღვისპირა ინფრასტრუქტურა. თითოეულ სექტორში მოწყობილია თითო საშხაპე მაინც, ხოლო შეზლონგის ფასი 3-5 ლარია.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: