მთავარი,სიახლეები

დაკავებული პოლიციელი: დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი

26.07.2017 • 2195
დაკავებული პოლიციელი: დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი

„დამალვა რომ მდომებოდა, სამ დღეში დავიმალებოდი,“ – მიმართა მოსამართლეს ხულიგნობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, არჩილ დევრიშაძემ. 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, გამოძიებამ პოლიციელი 24 ივლისს დააკავა.

პოლიციელმა ეს არგუმენტი იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ იგი არსად მიმალვას არ აპირებს და განაჩენის გამოტანამდე წინასწარი პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ხულიგნობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამდე ბრალდებულ პოლიციელს ორი კითხვა დაუსვა პროკურორმა მიქაელ ქობულაძემ. ერთი სამსახურებრივი პერანგის ტარებას შეეხებოდა არასამუშაო საათებში, მეორე – ნარკოტესტირებაზე პოლიციელის მხრიდან უარის თქმას.

ორივე კითხვა ადვოკატმა თეიმურაზ ქავშვბაიამ გააპროტესტა, რადგან ჯერ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა არ დაუწყია.

„ტესტირებაზე დასმულ შეკითხვას შეგიძლიათ უპასუხოთ,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ.

„არ გავცემ პასუხს… გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ექვსივე მოწმე, ვინც ჩემს წინააღმდეგ მისცა ჩვენება, თავის დროზე მე მივეცი პასუხისგებაში. ისინი დაინტერესებული მხარე არიან. მეტს არაფერს ვიტყვი,“ – აღნიშნა არჩილ დევრიშაძემ.

„რადგან პოლიციელია, ამის გამო არ უნდა დავჩაგროთ… ახლა საზოგადოებისგან მთელი ზიზღი პოლიციელისკენაა მიმართული,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა.

დაცვის მხარის მტკიცებით, მოქალაქემ პროვოკაცია მოაწყო, თუმცა ადვოკატს არ აუხსნია, რაში მდგომარეობდა პროვოკაცია. ადვოკატს არც ის უარუყვია, რომ პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

„ის 13 წელია პოლიციის სისტემაში და არაერთი უმსგავსო ქმედება აღუკვეთავს. თითქოსდა დაზარალებული კი ქურდობისთვისაა გასამართლებული. ის ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. პოლიციელი ვალდებულია ამ დროს ასეთი ადამიანები აკონტროლოს, ვინც მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ,“ – აღნიშნა ადვოკატმა თეიმურაზ ქავშვბაიამ.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 24 სექტემბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: