მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სოფლის მიკროავტობუსებს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით გადაადგილება აეკრძალებათ

20.07.2017 • 12222
სოფლის მიკროავტობუსებს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით გადაადგილება აეკრძალებათ

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს ოთხი წლის წინანდელი განკარგულების აღსრულებას ახლა იწყებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, 2013 წლის 30 აპრილის N68 განკარგულების აღსრულებას ერთ კვირაში დაიწყებენ. აღნიშნული განკარგულებით, მიკროავტობუსებმა, რომლებიც ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და სოფლებს შორის მოძრაობენ, ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებით უნდა იმოძრაონ. ანუ, ჭავჭავაძისა და პუშკინის, ასევე ტბელ აბუსერისძის ქუჩებზე გადაადგილება აეკრძალებათ.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი, ემზარ ქავჟარაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობითი ცნობა მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და მუნიციპალიტეტში მოქმედ ავტოსატრანსპორტო შპს-ებსაც გაუგზავნა.

„ამ ეტაპზე გაფრთხილების რეჟიმში ვართ. სოფლის ავტობუსების ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება ჯერ კიდევ 2013 წელს აიკრძალა, თუმცა, როცა კანონის აღსრულება დავიწყეთ, ბაგრატიონისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ჩაიკეტა ფაქტობრივად ქუჩები, რის გამოც სოფლის მიკროავტობუსების გადაადგილება ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. რადგან უკვე დასრულდა ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეაბილიტაცია, კანონის აღსრულებას ვიწყებთ – ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის სოფლებიდან შემომავალ და ამ მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალ ყველა ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსს ეკრძალება,“ – ამბობს ემზარ ქავჟარაძე.

იმ შემთხვევაში, თუ მიკროავტობუსის მძღოლი ბათუმის საკრებულოს მიერ 2013 წელს მიღებულ განკარგულებას არ დაემორჩილება, ის 100 ლარით დაჯარიმდება. საჯარიმო სანქციების ამოქმედებას ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილება ერთ კვირაში გეგმავს.

ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, შესაძლოა არსებულ განკარგულებაში ცვლილებები შევიდეს და ქედა-ბათუმის N 77 სამარშრუტო, ასევე სარფი-ბათუმის ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსებისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება დასაშვები გახდეს:

„ტურისტების მზარდი ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა განკარგულებაში ცვლილებები შევიდეს. ცვლილებების შემთხვევაში შესაძლოა ქედისა და სარფის ცენტრალურ სამარშრუტო ხაზებზე ჭავაჭავაძის ქუჩებზე გადაადგილება დასაშვები გახდეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რამდენიმე ხაზი პუშკინის ქუჩაზე გადავანაწილოთ, რომ ბაგრატიონის ქუჩა არ დაიტვირთოს. რაც შეეხება ხელვაჩაურის N39 მარშრუტს,  ეს თავისთავად ქალაქის  ხაზია და აკრძალვა არ ეხება. თუმცა, ამ მუნიციპალიტეტში შემავალ მახოს, თხილნარის, ერგეს და ასე შემდეგ სამარშუტო ხაზებზე აკრძალვა ისევე ვრცელდება, როგორც ხულოს, შუახევის, ქედის სოფლებში [დაბებში] მოძრავი მიკროავტობუსებზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: