სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: “პაციენტებს არჩევანის საშუალება ექნებათ”

27.09.2014 • 1639
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: “პაციენტებს არჩევანის საშუალება ექნებათ”

 

ნუგზარ სურმანიძე

 

ბატონო ნუგზარ, რა შეიცვალა სახელმწიფო დაზღვევის მხრივ?
პირველ სექტემბერს ვადა ამოეწურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სადაზღვევო კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებებს. შესაბამისად, სექტემბრიდან ყველას, იქნება ეს პენსიონერი, პედაგოგი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვი, სტუდენტი თუ სხვა, ვისაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარება ეკუთვნოდა, ახლა საყოველთაო დაზღვევაში გადმოვა.

 

რა იცვლება ამით მოსახელობისთვის?
პირველი, იცვლება ის, რომ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა პაციენტებს კლინიკების თავისუფალი არჩევანის უფლებას აძლევს. პაციენტს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ კლინიკას და სწორედ იქ მიიღოს სამედიცინო მომსახურება, სადაც მისთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომია. თუ ეს ურგენტული შემთხვევაა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ეკითხება პაციენტს, რომელ კლინიკაში სურს მას მისვლა. ბათუმში რამდენიმე მომწოდებელია: “მედინა”, რესპუბლიკური საავადმყოფო და პროფილური საავადმყოფოები (ონკოლოგიური, ინფექციური და ა.შ.), ასევე კომპანია “ალდაგის” ორი კლინიკა, რეფერალური საავადმყოფო და “ჩემი ოჯახის კლინიკა”. თუ ადრე “ალდაგს” კითხვის გარეშე მიჰყავდა მასთან ამბოლატორიული პაციენტები, ახლა მათი მიზიდვა მხოლოდ მომსახურების მაღალი დონითა და კომფორტული გარემოთი შეუძლია. პაციენტი წერს განცხადებას, თუ სად სურს მკურნალობა, თუ არ მოეწონება ეს სამედიცინო დაწესებულება, ორი თვის შემდეგ ისევ წერს განცხადებას და იცვლის, გადადის იქ, სადაც მას მოესურვება.

 

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ შემცირდა ლოდინის ვადა. თუ ადრე, გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად ოთხ თვემდე უწევდათ პაციენტებს ლოდინი, რაც ძალიან დიდ პროტესტს იწვევდა მოსახლეობაში, ახლა ეს დრო ორ თვემდე შემცირდა და, როგორც წესი, ამ დადგენილ დროს სრულად არავინ იყენებს.

 

ხომ არ შეიცვლება დაზღვევის პირობები პაციენტებისთვის?
ის სადაზღვევო პაკეტი, რაც აქამდე ჰქონდათ – არ იცვლება, მაგრამ არის ერთი პრობლემატური საკითხი, კლინიკების თავისუფალ არჩევანთან ერთად, ხშირად ხდება ისე, რომ ერთი და იგივე მომსახურება განსხვავებულად ფინანსდება სხვადასხვა კლინიკაში. დავუშვათ, კონკრეტული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 70-პროცენტით, საგარანტიო წერილში კი 70-პროცენტი შეიძლება აღმოჩნდეს 60-50-პროცენტი. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ თავიდან ორიენტირად შეირჩა ამ მომსახურების ის საშუალო ფასი, რაც უმეტეს კლინიკებს აქვთ, პაციენტები კი ხშირად ძვირადღირებულ კლინიკებს ირჩევენ. შესაბამისად, დაზღვევით გამოყოფილი თანხა კლინიკაში გადასახდელი თანხის 70-პროცენტი ვერ გამოდის. ეს პაციენტები ხშირად მოდიან ჩვენთან და ჩვენ მათ ვუხსნით, რომ ეს მათი არჩევანია და თუ მათ სურთ, რომ მიიღონ ზუსტად 70-პროცენტიანი დაფინანსება, უნდა მიმართონ სხვა კლინიკას. ეს არჩევანი შეიძლება იყოს ბათუმში, თბილისში, ქუთაისში… ამ ადამიანებს საყოველთაო ჯანდაცვის ოფისში აძლევენ განმარტებას, თუ სად მოემსახურებიან მათ ნამდვილად 70-პროცენტიანი სახელმწიფო თანადაფინანსებით.

 

 რამდენი აბონენტი მიუერთდება საყოველთაო ჯანდაცვას აჭარაში?
 ეს საკმაოდ დიდი ციფრია, აქამდე აჭარიდან 80 000 ადამიანი გვყავდა საყოველთაო დაზღვევაში, ახლა ამას დაემატება 30 000-მდე ბავშვი და 46 000-მდე პენსიონერი. ასევე სტუდენტები და სოციალურად დაუცველები.

 

 როგორია თქვენი მოლოდინი ამ პროცესთან მიმართებაში?
 ჩვენი პაციენტების უფლებები მეტად იქნება დაცული. როცა სადაზღვევო კომპანიასთან გვქონდა ურთიერთობა, გარკვეული პრობლემები გვექმნებოდა, ლოდინის ოთხთვიანი და ექვსთვიანი ვადა დიდ აგრესიას იწვევდა პაციენტებში. ჩვენ ვცდილობდით რაღაცით დავხმარებოდით, ზოგჯერ გამოგვდიოდა, ზოგჯერ _ არა, ახლა სწორედ ეს დიდი პრობლემა მოიხსნა, რაც, ვფიქრობ, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. პაციენტების მატებასთან ერთად გაიზრდება კლინიკების შემოსავალიც, თუმცა მაინც გავიმეორებ, რომ ეს კლინიკების მკურნალობის ხარისხსა და იმ გარემოზეა დამოკიდებული, რასაც ისინი პაციენტებს შესთავაზებენ.

გადაბეჭდვის წესი