მთავარი,სიახლეები

ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

14.06.2017
ასოცირებული პროფესორი უნივერსიტეტის წინააღმდეგ

პროფესორი ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივის. პროფესორი დეკანის არჩევნების შედეგს ასაჩივრებს. ირაკლი მანველაძე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო.

manvelidze

ირაკლი მანველიძე

„დამოუკიდებელი კანდიდატი ვიყავი და ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მიუღებელი ჩემი დეკანობა,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი მანველიძე. ის იმავე ფაკულტეტის თანამშრომელია, რომლის დეკანობაც სურდა. 2014 წლის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში ირაკლი მანველიძემ გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი ბოლქვაძემ დაწერა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა და ისე მოუხდა გადაწყვეტილების მიღება. ეს სტუდენტი ფაკულტეტის საბჭოს წევრი იყო, რომელიც დეკანს ირჩევს.

სტუდენტის განცხადების შემდეგ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგი გააუქმა და ხელახალი არჩევნები დანიშნა. მეორე ტურში ქეთევან ბერიძემ გაიმარჯვა, რომელიც ახლაც პოლიტიკის და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია.

ქეთევან ბერიძე და სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე სასამართლო პროცესზე მესამე პირებად არიან ჩართულები. ასოცირებული პროფესორის სარჩელს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ვიდრე ეს სასამართლო განხილვა დაიწყებოდა, პროფესორ ირაკლი მანველიძის სარჩელმა გაიარა სასამართლოს სამივე ინსტანცია. უზენაესმა სასამართლომ, გასულ წელს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ბათილად მიიჩნია და იმავე საარჩევნო კომისიას მოსთხოვა სტუდენტის, გიორგი ბოლქვაძის საჩივრის საფუძველზე „საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება“.

უნივერსიტეტის საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი აქტი მიიღო, მაგრამ არც არჩევნები გამოცხადებულა ხელახლა და არც დეკანია შეცვლილი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და უნივერსიტეტის იურისტი, გიორგი დიასამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიამ სტუდენტის საჩივარი ხელახლა შეისწავლა და „ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ისევ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უნივერისტეტის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას“.

„უნივერსიტეტმა მიიღო იგივე გადაწყვეტილება, რაც ბათილად მიიჩნია სასამართლომ. თუ ყველაფერი კანონიერად ჩატარდა, მაშინ რატომ მიიჩნია საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ბათილად უზენაესმა სასამართლომ?“ – კითხულობს პროფესორი, ირაკლი მანველიძე.

გიორგი დიასამიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „სასამართლო ჩვენ ვერ დაგვავალებდა, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. რაც დაგვიწერეს, ის გავაკეთეთ… რატომ მიიჩნია ბათილად უზენაესმა სასამართლომ, ეს არ ვიცი, თავად მოსამართლეებს ჰკითხეთ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: