სიახლეები

„წიგნი ყველა სოფელს“

26.08.2014 • 1379
„წიგნი ყველა სოფელს“

გააჩუქეთ წიგნები „ვისოლში“ და „სმარტში“ მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია
გააჩუქეთ წიგნები „ვისოლში“ და „სმარტში“ მათთვის, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია

„მოსიარულე ბიბლიოთეკა“ საგანმანათლებლო პროექტის – „წიგნი ყველა სოფელს“ – ნაწილია, რომელიც საქართველოს 3668 სოფელში რაიონული ბიბლიოთეკების გასაახლებლად წიგნებს აგროვებს. წიგნები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კომპანია „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტ „სმარტში“ და ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდისში“ გროვდება. აქცია წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

17 აგვისტოს ბათუმის პლაჟზე წიგნების მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ და „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობამ ღია ბიბლიოთეკა მოაწყო, პროექტის სხვა პარტნიორებთან ერთად საზოგადოებას პროექტი წარუდგინა და მასში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

 

„წიგნი ყველა სოფელს“ – არასამთავრობო, სახელმწიფო, საქართველოს საპატრიარქოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობისა“ და საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანის“ ინიციატივით  ხორციელდება.  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, „ვისოლ ჯგუფის“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“, „პალიტრა L“-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა  და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით მომარაგდება. შესაბამისად, პროექტი რეგიონალური ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

„თანამედროვე ტექნოლოგიებს თავისი ადგილი უკავია, მაგრამ წიგნი არის უკვდავი ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც. პროექტი საკმაოდ პოპულარული გახდა და მასშტაბური სახე მიიღო პარტნიორების ჩართვის თვალსაზრისითაც“ – ამბობს „სტუდენტური ერთიანობის“ თავმჯდომარე  ბექა ღაჟონია.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეგროვებული წიგნების დახარისხების შემდგომ რეგიონების მოსახლეობისათვის წიგნების მიწოდებაზე „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ ზრუნავს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში ჩერდება და დაგეგმილი ღონისძიებებისა და ცნობილი მწერლების დახმარებით იქაურ მოსახლეობასაც აძლევს საშუალებას, გააჩუქონ წიგნები და ჩაერთონ საგანმანათლებლო პროექტში.

„ამ პროცესში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, როგორც ორგანიზაციას ასევე თითოეულ ადამიანს. ვფიქრობ შევძლებთ მცირე წვლილი მაინც შევიტანოთ ბიბლიოთეკების განახლების პროცესში“ – ამბობს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ინტელექტუალური კლუბის „წიგნის მეგობრების“ ხელმძღვანელი ქეთი ბურჯანაძე.

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სოფლის ბიბლიოთეკებისთვის 700-მდე სხვადასხვა ჟანრის წიგნი გამოყო.

 

„რეგიონალური ბიბლიოთეკების დასახმარებლად ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება. ყველას მოვუწოდებთ, თუ აქვთ საშუალება, სახლიდან მოიტანონ ის წიგნები, რომლებიც აღარ სჭირდებათ“ – მიმართავს საზოგადოებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი ქეთი ჭონქაძე.

პროექტს „პალიტრა ლ“-მაც აჩუქა 150-მდე დასახელების წიგნი და მომავალშიც პროექტის აქტიურ მხარდაჭერას გეგმავს. 

 

„ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზია: „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“, შესაბამისად, ზრუნვა მომავალ თაობაზე და ახალგაზრდების თანადგომა ჩვენთვის უცხო არ არის“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. „გარდა იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ წამყვან ბიზნესსკოლებთან, რომელთა წარმატებულ სტუდენტებს  შესაძლებლობას ვაძლევთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მიიღონ საქართველოს ბიზნესსივრცეში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესჯგუფში, ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ „სტუდენტური დასაქმების ფორუმებს“. შარშან 2000-ზე მეტ სტუდენტს, ვინც „სტუდენტური დასაქმების ფორუმებზე“ დარეგისტრირდა, საშუალება ჰქონდა მასტერკლასები მოესმინა კომპანიის დამფუძნებლებისა და წამყვან სპეციალისტებისგან და პრაქტიკული რჩევები მიეღო დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებაზე.  უფრო მეტიც, პროექტის ფარგლებში ათობით სტუდენტი დასაქმდა. საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან“ ერთად კი სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფინანსებით უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ.

 

რაც შეეხება პროექტს – „წიგნი ყველა სოფელს“, მე მინდა მოვუწოდო როგორც კერძო კომპანიებს, გამომცემლობებსა და ზოგადად საზოგადოებას, რომ გაითავისონ პროექტის მნიშვნელობა და წვლილი შეიტანონ წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და „უკეთესი მომავლის შექმნაში“, – ამბობს რუსუდან კბილაშვილი. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: