ნეტგაზეთი • RU

უყვარს თუ არა მაღალხელფასიან პედაგოგს ბავშვი? – „სახელმწიფო ჩვენს ნერვებს ცდის“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მაღალი ხელფასების პირობებში, სკოლაში ისეთი ადამიანები მივლენ, ვისაც ბავშვი არ ეყვარება. „პედაგოგიკა არის ის ტერიტორია, სადაც ვინმე თუ ფულისთვის მოვიდა, ვინმეს თუ მოეჩვენა, რომ წავალ ეხლა და მაგარი ხელფასი მექნება და მასწავლებელი გავხდები, მოკლედ მაგარ შარშია, იმიტომ, რომ  ჩვენთან კი არა მთელ მსოფლიოში, სამი თუ ოთხი ქვეყნის გარდა, მნიშვნელოვნად  დაბალია ხელფასი. ეს შეგნებულად ქნეს, რადგან  თუ პედაგოგიკაში ძალიან მაღალი ხელფასი იქნა, მოვლენ ადამიანები, ვისაც არ უყვართ  ბავშვები და ეს არის მაგარი საფრთხე“, – თქვა მინისტრმა.  არის თუ არა ბავშვის სიყვარული ხელფასზე დამოკიდებული  და იზიარებენ თუ არა პედაგოგები განათლების მინისტრის შეფასებას?  ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საჯარო სკოლის პედაგოგები  საუბრობენ.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი მარინე გაბაიძე: „აბსურდია, თითქოს მაღალი ხელფასის პირობებში მასწავლებელს მოსწავლე არ ეყვარება. მასწავლებელს მოსწავლე რომ არ უყვარდეს, სკოლაში არ შევიდოდა. თუკი პედაგოგი შეძლებს, რომ საკუთარი ხელფასით ერთი  პრობლემა მაინც მოიგვაროს, ვფიქრობ, გაცილებით მეტად ეყვარებოდა მოსწავლეები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საქმეს.

4 ლარი და 60 თეთრიდან დავიწყე მუშაობა და კიდევ სკოლაში ვმუშაობ, მაგრამ მაღალი ხელფასის შემთხვევაში უფრო მეტად მოტივირებული ვიქნები, რადგან ძალიან სტრესულია ასეთ პირობებში შრომა და ასეთი განცხადებები კიდევ უფრო სტრესულ მდგომარეობაში გვაყენებს. სახელმწიფოს  ალბათ ფინანსური რესურსი არ აქვს, რომ  ხელფასი გაზარდოს და ასეთი განცხადებებით  გვაგრძნობინებენ.  ალბათ ჩვენს ნერვებს ცდიან, რამდენ ხანს შეგვიძლია ამ ყველაფრის ატანა“.

ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი ნუკრი კობახიძე: „შეიძლება ახლაც იყოს სკოლაში ისეთი პედაგოგი, ვისაც ბავშვი არ უყვარს, ვინ გააკონტროლებს იმას, მასწავლებელს ბავშვი უყვარს თუ არა.

მასწავლებელი სკოლაში შედის  კვალიფიცირებული, რახან გაიარა სერტიფიცირება, სიყვარულიც აქვს და პროფესიონალიზმიც.  მაღალი ხელფასი არის სტიმული პედაგოგისთვის და ეს მის პროფესიულ ზრდასაც უწყობს ხელს. ის, რომ მასწავლებელს დაბალი ხელფასის პირობებშიც უყვარს თავისი საქმე, ეს სტერეოტიპია. ენთუზიამზე დღეს აღარავინ არ მუშაობს. პრინციპში ჩვენ მაინც ენთუზიაზმი გამოგვდის, რადგან დაბალი ხელფასები გვაქვს. ადამიანს, რომელსაც თავისი საქმე უყვარს, ის დაბალ ანაზღაურებაზეც მუშაობს, მაგრამ მოლოდინი აქვს, რომ უკეთესობა იქნება და ამიტომ“.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი მარინა გეთია:„მე მოვისმინე მინისტრის ეს განცხადება და, ბუნებრივია, არ ვეთანხმები, მაგრამ  როგორც მახსოვს, მინისტრმა გააკეთა კავშირი ევროპის და სხვა ქვეყნების  განათლების სისტემებთან. მე ასე გავიგე, რომ, ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებშიც მეტ-ნაკლებად არის მაინც იგივე სიტუაცია, რაც ჩვენთან და მაი9ნც არ არის პედაგოგის შრომა ისე დაფასებული, რაც უნდა იყოს.

ნებისმიერი მასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლეებზე და ალბათ ამიტომაც შემოვრჩით ამდენი ხანი სკოლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელფასები იყო მინიმალური და მართლაც სასაცილო იმ შრომასთან შედარებით, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ მოტივაცია ნამდვილად სჭირდება მასწავლებელს. თუკი ადამიანი არ არის დაბადებული მასწავლებლად და არ უყვარს მოსწავლე, არ ღებულობს სიამოვნებას საგაკვეთილო პროცესიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ  მაღალი ანაზღაურება კიდევ უფრო მეტად გაზრდის მასწავლებლის მოტივაციას და პასუხისმგებლობას.

რეპეტიტორებთან როცა მიდიან ბავშვები და მათი მშობლები უხდიან მაღალ საფასურს, მოტივაციაც მეტია რეპეტიტორების  კარგად რომ ასწავლონ, კარგ შედეგზე გავიდნენ. მასწავლებელიც, რომელსაც სკოლაში მაღალი ანაზღაურება ექნება, მისი მოტივაცია უფრო მეტად გაიზრდება და ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის წარმართვას“.

2017 წლის დასაწყისში კი განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, როცა ის ბათუმში პედაგოგებს ხვდებოდა უთხრა: „თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com