სიახლეები

ფორმალური ჯარიმები და ევროპა, როგორც გამოსასვლელი პიჯაკი

12.08.2014
ფორმალური ჯარიმები და ევროპა, როგორც გამოსასვლელი პიჯაკი

 

თუ გაღიზიანებთ სიტყვა “ევროპული”, კი ბატონო, შევცვლი მას სხვა სიტყვით – მაგალითად, “კანონმორჩილით”, “კორექტულით”, “ზრდილით”, “თავაზიანით”, “რაფინირებულით”, “განათლებულით” და კიდევ ძალიან ბევრი სიტყვით, რომელიც ჩემთვის ამ სიტყვის იდეური სინონიმია და რომლის ანტონიმებიც წარამარა მახსენდება, როცა საკუთარი ქალაქის ქუჩებში დავდივარ.

 

მაგალითად, დღეს, დილით, სამსახურში მომავალს გამახსენდა, როცა ტროტუარი გადახერგილი დამხვდა ვეშაპივით გაწოლილი ვიღაცის ვეება ჯიპით. ჩემ წინ მიმავალმა ქალბატონმაც საბავშვო ეტლში ჩასმული თავისი ბავშვიც ქუჩის სავალ ნაწილზე გადაიყვანა და ვიწრო ქუჩების მიუხედავად საკმაოდ სწრაფად მიმავალი ავტომობილების მძღოლებს სთხოვა გზის დათმობა. მესამე მძღოლმა გამოიჩინა ლმობიერება და გზა დაუთმო.

 

ტროტუარზე გაშოტილი და სადარბაზოებთან აყუდებული ჯიპები ბათუმისთვის ახალი თემა ნამდვილად არ არის. თავად ჯიპის საწინააღმდეგოც არავის არაფერი გააჩნია, უბრალოდ, ამ ავტომობილის მასიურობისა და მძღოლის პარკინგის, ზრდილობისა და საგზაო წესების „იდეალური“ ცოდნის გამო ხშირ შემთხვევაში ძნელად შემოსავლელი პრობლემა ხდება. პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილების სიმცირეც, რა თქმა უნდა, ამ ქაოსს ხელს უწყობს.

 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ის ადამიანები, ვისაც პარკირების გადასახადის შემოწმება აბარიათ, დიდი გულისყურით აკვირდებიან გაჩერებაზე უბილეთო მგზავრებს, აი გაჩერების გვერდით, გაზონზე გაშხლართულ, სადარბაზოში შესულ და ტროტუარზე გართხმულ ავტომობილებს კი არ სცნობენ. ეტყობა, ესენი სხვა ტომიდან არიან, ავტომობილებს არ განეკუთვნებიან და გაზონზე სარბენად მაგიტომაც გადიან, კანონი არსებობს, მაგრამ მერე რა…

 

კანონი ფეიერვერკების თაობაზეც არსებობს. მგონი, ერთადერთი კანონი, რომელიც თვითმმართველობამ მიიღო და ასე ერთხმად მოიწონა მთელმა ქალაქმა, რომელიც თავის მხრივ, ღამით გადაუღებელი ბათქაბუთქით ძილდამფრთხალ მოსახლეობას ძალზედ ეამა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ არა მხოლოდ დამსვენებლები ისვენებენ, აქ მოსახლეობა ცხოვრობს 24/365-ზე.

 

თუმცა ამ კანონის მიღება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ბარების, რესტორნების, კლუბებისა და სხვა გასართობი დაწესებულებების მფლობელებსაც ისე ძლიერ მოეწონათ, რომ ყოველ ღამე, 12 საათზე, კანონის მიღების აღსანიშნავად ფეორვერკებით, აწ უკვე ბათუმის ლოგოებით ბათუმის ცის მოხატვით არიან დაკავებულები. ჯარიმაცაა დაკისრებული, როგორც ქალაქში ხუმრობენ _ „ერთი მაცივრის ფასი” – 500 ლარი. მაგრამ არც ამ ჯარიმით დაჯარიმებული გვინახავს და არც ადამიანი, ვინც ამ კანონის დამრღვევს ეძებდეს.

 

ხოდა, სანამ ღამის საათებში ბათუმის ცაზე ბათუმის „ლოგოებს” ისვრიან, სანამ ჩვენს სადარბაზოებში, ტროტუარებზე, გაზონებზე ჯიპებს მშვიდი ძილით სძინავთ და სანამ ველობილიკებზე იმაზე მეტი ქვეითი დადის, ვიდრე ტროტუარებზე, სანამ ცარიელი სანაგვე ურნის გვერდით ნარჩენებით სავსე პოლიეთილენის პარკები ყრია, სანამ ბულვარის სკამებს დახსნილ ჭანჭიკებს დაუბრუნებენ, სანამ მიმავალი ავტომობილიდან სიმინდის ნაგულას ამაყად ისვრიან ქუჩაში და სანამ კანონი კომბალივით სხვენში იქნება შემოდებული, თამამად შეგვიძლია ვსვათ ბათუმური ყავა, ფრონცქი სასმელები, მოვირგოთ კლუბში წასასვლელად ჩვენი ევროპული პიჯაკი და მეგობრებში ვისაუბროთ, თუ რა კარგია ევროპა, თუ როგორ იკრძალება რიგ ქალაქებში შაბათ-კვირას ავტომობილებით გადაადგილება, თუ როგორ უთმობენ „ზებრაზე” ქვეითებს და ველოსიპედისტებს გზას მძღოლები. თუ როგორ მორჩილად ელიან მწვანე შუქს შუქნიშანთან, როგორ იცავენ სისუფთავეს, როგორ უყვართ თავიანთი ქალაქი და, საერთოდ, რა კარგია ევროპაში ცხოვრება.

 

პ.ს. მძღოლს რა უნდა მოსთხოვო, როცა პატრულიც არ გითმობს გზას გადასასვლელზე.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: