მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს

03.06.2017 •
კურორტ ბეშუმში გზების შეკეთებას ხულოს გამგეობა მეორე წელია ვერ ახერხებს

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაციას მეორე წელია ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტში. სამუშაოებზე მიმდინარე წელს გამოცხადებული ტენდერი კომისიამ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის პროცედურები დროში გაიწელა და სამუშაოების ჩატარება სეზონის გახსნემდე ვერ მოესწრებოდა. მიზეზად სატენდერო კომისია იმ დავებს ასახელებს, რაც ამ ტენდერის გამო დავების საბჭოში გაგრძელდა.

სამუშაოების შესყიდვას გამგეობა ამჯერად პირდაპირი შესყიდვით, ტენდერის გარეშე აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამის თანხმობას მიიღებს. სააგენტოს, პასუხის გასაცემად, ვადა 6 ივნისამდე აქვს.

ბეშუმში დაგეგმილია გზებზე საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, გზის სავალი ნაწილის საფუძვლის შეცვლა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება.

esss

ტენდერში, რომელიც შეწყდა, 4 კომპანია მონაწილეობდა. საწყისი ღირებულება 917 ათას 975 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება კი – 850 ათას 454 ლარი. ტენდერში მონაწილე 3 კომპანიას კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა. აქედან ორმა, შპს „სთოუნენერჯიმ“ და შპს „დავითმა“ კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. საბჭომ „სთოუნენერჯის“ საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, „დავითის“ კი – არა.

ess=-=მიუხედავად საბჭოს 16 მაისის ამ გადაწყვეტილებისა, ხულოს სატენდერო კომისიამ აღნიშნული ტენდერი 31 მაისს, საერთოდ შეწყვიტა.

ხულოს გამგეობის განცხადებით: „კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე გასულ, 2016 წელშიც იყო გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. მეწარმის მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყვეტილი იქნა ხელშეკრულება და გამოცხადებული იქნა გარკვეული მოცულობის სამუშაოებზე ახალი შესყიდვა [რომელიც სავარაუდოდ მოესწრებოდა სეზონის ბოლომდე]. გამარჯვებულმა მეწარმემ, მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კლიმატური პირობების გაუარესების გამო მაინც ვერ შეძლო გასულ წელში სამუშაოების დასრულება“.

გასულ წელს ხულოს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 920 ათასი ლარი კურორტ ბეშუმის გზების რეაბილიტაციისთვის.

ხულოს გამგეობა ბეშუმში გზების რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერის გარეშე შესყიდვას ამჯერად შემდეგნაირად ასაბუთებს: „აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შეზღუდულ ვადებში, რათა დროულად შესრულდეს დაგეგმილი სამუშაოები, რომ ხელი აღარ შეეშალოს მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას [წვიმის დროს გზის სავალ ნაწილზე არსებული გრუნტის გამო ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც იწვევს დამსვენებელთა სამართლიან უკმაყოფილებას.] შესაბამისად, არსებული დრო არ არის საკმარისი სატენდერო პროცედურების ჩატარების, გამარჯვებულის გამოვლენის და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის. შესაბამისად, მხოლოდ გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენებით არის ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები მიმდინარე წელს ვეღარ განხორციელდება.“

ბეშუმი

კურორტი ბეშუმი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: