მთავარი,სიახლეები

მერია ბათუმში ტროტუარის გაყიდვაზე

02.06.2017
მერია ბათუმში ტროტუარის გაყიდვაზე

ფიროსმანის ქუჩაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იმ ადგილზე აშენდება, სადაც მერია მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში მას შემდეგ უთხრეს, რაც გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია – „ბათუმის მერია ტროტუარს ყიდის“. თუმცა, თავდაპირველად, სტატიის მომზადების პროცესში, გასაყიდ მიწასთან დაკავშირებული გეგმების შესახებ მერიისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

სასტუმროს ესკიზი

სასტუმროს ესკიზი

„ძირითად მიწის ნაკვეთზე შენდება ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 180-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. შესასვლელი მოეწყობა ფიროსმანის ქუჩის მხრიდან. დაგეგმილი აქვთ, რომ შემოიყვანონ ბრენდული კომპანია მართვაში, რომლის მოთხოვნაა, ფიროსმანის ქუჩის მხრიდან იყოს ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი. შესაბამისად, ეს მიწის ნაკვეთიც, რომელიც გამოტანილია აუქციონზე, საჭიროა შესასვლელ-გასასვლელის მოსაწყობად“, – აცხადებს გოგა ლომაძე, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი.

რაც შეეხება უშუალოდ ტროტუარის ნაწილის გაყიდვას, „აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი იგივე კონფიგურაციით შეინარჩუნებს ფუნქციურ დანიშნულებას. ანუ, ახლა ტროტუარი სწორხაზოვნად მიდის, შემდეგ შეტეხვაა და იქმნება საპარკინგე სივრცე, ეგ სივრცე ისედაც მათი [კომპანიის] საკუთრებაა. საუბარია მის შევსებაზე, ანუ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე იქმნება მართი კუთხე“, – ამბობს გოგა ლომაძე.

მიუხედავად ამისა, მერიისგან მიღებულ ნახაზზე გარკვევით ჩანს, რომ ტროტუარის კონფიგურაცია იცვლება – უქმდება საპარკინგე ადგილი, აქ მოეწყობა ახალი ტროტუარი და გაკეთდება ავტობუსების შესასვლელ-გასასვლელი, სადაც ქვეითებიც შეძლებენ გადაადგილებას. ამ ნახაზიდან ასევე ჩანს, რომ ტროტუარისა და პარკინგის ნაწილი კომპანია „ბათმშენის“, ნაწილი კი მერიის საკუთრებაშია, რომელიც ახლა აუქციონზეა გატანილი.

სასტუმროს აშენებას აქ, მერიის ინფორმაციით, სწორედ „ბათმშენი“ გეგმავს.

trotuarrr

ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი პირველ ივნისს, დაიწყო და 14 ივნისს უნდა დასრულდეს. ამ ნაკვეთზე მშენებლობა კი, მერიის პირობით, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მომიჯნავე ნაკვეთთან გააერთიანებენ.

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა

ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა / ტროტუარი და ავტოპარკინგის ადგილი სადაც სასტუმროს აშენება იგეგმება

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: