სიახლეები

ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

09.07.2014
ტუალეტების დეფიციტი ტურისტულ ქალაქში

ქალაქში, სადაც 170 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მხოლოდ ათი საზოგადოებრივი ტუალეტია, რომელთა უმეტესობაც ბულვარის ტერიტორიაზე და სანაპირო ზოლშია განთავსებული. ქალაქის დანარჩენ ნაწილში ტუალეტის ფუნქციას ხეები, მიტოვებული  შენობები, მშენებარე სახლები და სხვა ადგილები ასრულებენ.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, გიორგი ბაღოშვილის თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე შვიდი საზოგადოებრივი ტუალეტია –  ცენტრალურ ბულვარში, კაფე-ბარ ტყუპებთან; დიმიტრი თავდადებულის ქუჩის გაყოლებაზე, ჩოგბურთის კორტებთან; საზაფხულო თეატრთან; მელიქიშვილის ქუჩის გაყოლებაზე, უნივერსიტეტთან; დელფინარიუმის წინ, სკვერში და ორი, შუშის ტუალეტი ბულვარის დასაწყისსა და ბოლოში – ერთი პარაბელურ ბორბალთან, მეორე კი ახალ ბულვარში. შუშის ორივე საპირფარეშო ბულვარის ბალანსზეა და ამჟამად მათით სარგებლობა უფასოა, თუმცა, გიორგი ბაღოშვილის თქმით, რამდენიმე დღეში დასრულდება გამოცხადებული ტენდერი, რის შემდეგაც შუშის ორივე ტუალეტი ფასიანი გახდება.

საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა 50 თეთრი ღირს, მათი უმეტესობა დილით ადრე იხსნება და საშუალოდ ღამის სამ საათამდე მუშაობს. ზღვისპირა პარკის ერთ-ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში მომუშავე ნარგიზ მახარაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ ტუალეტზე მოთხოვნა მაღალია, მათთან დღეში, საშუალოდ, 300 ადამიანი შედის. ბულვარის კიდევ ერთ საზოგადოებრივ საპირფარეშოში მომუშავე მირანდა მალაყმაძე ამბობს, რომ მათთან ყველაზე ცოტა 200 ადამიანი  შედის ყოველ დღე და კლიენტების სიმრავლის გამო ზოგჯერ ღამის ოთხ საათამდეც კი უწევთ მუშაობა.

შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მერაბ დიასამიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტუალეტების არასაკმარისი რაოდენობა დიდი პრობლემაა ტურისტული ქალაქისთვის. „ამის გამო დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას მთელი რიგი შეზღუდვები და პრობლემები ექმნებათ“, – ამბობს ის.

ის, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ტურისტებისთვის საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა ქალაქში, ყველაზე კარგად კაფეებსა და რესტორნებში ჩანს, რადგანაც ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტურისტები სწორედ ამ ადგილებს მიმართავენ. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელისა და  „პრესკაფეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის  ასლან ჭანიძის თქმით, კაფეს საპირფარეშოთი სარგებლობის თხოვნით მათ დღეში არაერთი ტურისტი აკითხავს. „ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან, თუმცა რამდენჯერმე ქართველ ტურისტებსაც მოუყვანიათ ბავშვები. თხოვნაზე უარს ვერ ვეუბნებით ადამიანს, უხერხულია, თუმცა ყველა კაფეში ამის უფლებას არ იძლევიან“, – ამბობს ის. ასლან ჭანიძის თქმით, ტურისტისთვის, რომელმაც არ იცის ქართული ენა, ძალიან რთულია ტუალეტის მიგნება იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში არანაირი ნიშანი არ არის, თუ სად და რამდენ კილომეტრშია საპირფარეშო.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თვითმმართველობის დონეზე მოსახლეობისა და საპირფარეშოების რაოდენობის თანაფარდობის სტანდარტები გაწერილი არ არის. ასეთი ნორმატივები არც ბულვარის ადმინისტრაციას აქვს, თუმცა გია ბაღოშვილის თქმით, ვიზიტორთა სიმრავლის გამო მომავალ წელს ბათუმის ბულვარს კიდევ ერთი  საზოგადოებრივი ტუალეტი შეემატება. „იგი ბულვარის ცენტრში, პულტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, რადგანაც იქ ძალიან ინტენსიური მოძრაობაა“, – ამბობს გიორგი ბაღოშვილი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, თვითმმართველობა უახლოეს მომავალში ქალაქის ტერიტორიაზე ახალი საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობას არ გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.