მთავარი,სიახლეები

განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის

25.05.2017 • 2323
განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის

მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის 22 წლის არჩილ ტოტოღაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი იყო.

საუბარია გასული წლის 26 აგვისტოს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ასევე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი, ნოდარ გოგიტიძე მოკლეს, ხოლო პოლიციელი – მირიან ნოღაიდელი დაჭრეს.

არჩილ ტოტოღაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ მოსამართლემ საერთოდ არ შეაფასა თავად არჩილ ტოტოღაშვილის დაზიანების ფაქტი. მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა სხეულზე, რამდენიმე ადგილას, თუმცა ამ კუთხით გამოძიება არ ჩატარებულა. ადვოკატი ირწმუნება, რომ ტოტოღაშვილი ჩხუბის დროს, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილეობდა, თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა.

„არჩილი ამბობს, რომ ნოდარი [გარდაცვლილი] მე იქ საერთოდ არ მინახავსო. ის სავარაუდოდ ან გვიან მივიდა შემთხვევის ადგილას, ან სიბნელის გამო ის არჩილმა ვერ შენიშნა. რეალურად მათ შორის არავითარი დაძაბულობა არ არსებობდა. მკვლელობის შემთხვევამდე 10 დღით ადრე ჰქონდათ ამ პირებს კონფლიქტი კაფე „ჰავანაში“, მაგრამ იგი ამოიწურა და სხვა მოწმეებიც ადასტურებდნენ მათ შერიგებას,“ – გვითხრა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბრალდების მხარე მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო და სასამართლომ ამ კონფლიქტის თვითმხილველების პოზიციებიც ვერ მოისმინა: „იგივე ბაჯელიძე და თხილაიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდნენ. ითქვა, რომ მათ ნერვოზი დაემართათ და თურქეთში წავიდნენო. შესაბამისად, მათი ჩვენებები სასამართლოს არ მოუსმენია,“ – ამბობს რამინ პაპიძე.

მკვლელობა, ასევე პოლიციელის დაჭრა დანით განხორციელდა, თუმცა ამ იარაღის ამოღება გამოძიებამ ვერ შეძლო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, მკვლელობა და დაჭრა შესაძლოა სხვადასხვა დანით იყოს ჩადენილი.

პოლიციელი მირიან ნოღაიდელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. იგი სამოქალაქო ფორმაში იმყოფებოდა, როცა ამ კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და დაჭრეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: