სიახლეები

ნაციონალური მოძრაობა: ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ახალისებს

23.06.2014
ნაციონალური მოძრაობა: ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებას ახალისებს

გიორგი დიასამიძე, მიშა მაჭავარიანი და გიორგი კირთაძე

„მე სპეციალურად ჩამოვედი ამ ფაქტის გამო ჩემს მეგობრებთან. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ახალისებს ასეთ თავდასხმებს და 21-ში დღისით, მზისით, 2-3 საათამდე სასამართლოს შენობასთან მოხდა თავდასხმა ჩვენს მეგობარზე, აქტივისტზე რომელიც ნაციონალური მოძრაობაში ჯერ კიდეც 2001 წლიდან არის“.

მიხეილ მაჭავარიანი ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტს 7 ივნისის თავდასხმა უკავშირებს. „მინისტრთა საბჭოს ოფისიდან ათ მეტრში, საკონსტიტუციო სასამართლოდან ოც მეტრში და პოლიციის განყოფილებიდან 30 მეტრში მოხდა თავდასხმა გია ბარამიძეზე, გიგი უგულავაზე და გიგა ბოკერიაზე და პატრულის მანქანა არც კი მისულა. ამის შემდეგ „ოცნების“ მერობის კანდიდატმა ერმაკოვმა აღიარა, რომ ეს თავდამსხმელები იყვნენ მისი შტაბის წევრები და მასთან დაახლოებული პირები“.

მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ მას ეჭვი შეაქვს გამოძიების ობიექტურობაში: „გამოძიებას სჭირდება სურათები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც ცნობილია. როცა საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ თავდასხმას, საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც საბოლოო ჯამში ითვალისწინებს ჯარიმას. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის ქმედება, რომელიც წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან“.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაიხსენეს ნუგზარ წიკლაურის  და ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის ფაქტიც, როცა თავდამსხმელების გათავისუფლება გირაოს სანაცლოდ მოხდა.

„ძალიან სამარცხვინოა ეს ხელისუფლებისთვის, რადგან მათ არ დარჩენიათ სხვა გზა გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპონენტებს“.

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტს ლევან ტეტემაძეს უცნობი პირები თავს  რამდენიმე დღის წინ დაესხნენ,  ამჟამად ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მას სახის არეში მრავლობითი მოტეხილობა აქვს მიღებული.

ლევან ტეტემაძის ცემის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 125 მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: