სიახლეები

ზაფხულში ჩარტერული რეისები გაიზრდება

31.05.2014 • 1534
ზაფხულში ჩარტერული რეისები გაიზრდება

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავიარეისების რაოდენობის ზრდასთან ერთად ცდილობენ შესაბამისობაში მოიყვანონ პიარაქტივობები.

 

 

დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, სოფიკო გუჯაბიძის თქმით: „წელს სამიზნე ქვეყნებში (მარკეტინგულ ღონისძიებებში) შეყვანილია ლიტვა, რადგან ფრენები გაიოლებულია. ლიტვაში ამ დროისთვის ჩვენ მიერ უკვე მიმდინარეობს სარეკლამო კამპნია“.

 

 

ლიტვისა და საქართველოს გარდა, დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნებია: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ისრაელი, უკრაინა და პოლონეთი.

 

დეპარტამენტმა აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა პოლონეთის ერთ-ერთ უდიდეს, კატოვიცეს აეროპორტთან. საბორტო ჟურნალებში უკვე დაბეჭდილია სარეკლამო სტატია ბათუმის ღირსშესანიშნაობებისა და ზოგადად, აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

 

 

„ჩარტერული ფრენების ზრდით თუ ვიმსჯელებთ, ტურისტების რაოდენობა აჭრაში წელს საგრძნობლად გაიზრდება. წელს გაზრდილი გვაქვს სარეკლამო აქტივობების კომპონენტები. მაგალითად, უფრო მეტი ტელესიუჟეტი, სტატია მზადდება და ქვეყნდება, სხვა აქტივობებიც გვაქვს… კატოვიცეს აეროპორტში ვიწყებთ სამთვიან – ივნისი-ივლისი-აგვისტო – პიარაქციას. იქნება სარეკლამო ბანერები და საინფორმაციო ფლეერები აეროპორტში“ – ამბობს სოფიკო გუჯაბიძე.

 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში ხუთთვიანი (აპრილი-აგვისტო) პიარგეგმის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს და გეგმავს თურქეთშიც. დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარაში თურქეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

 

სოფიკო გუჯაბიძის თქმით, შარშან დაახლოებით 300 ტუროპერატორსა და ჟურნალისტს უმასპინძლეს, წელს კი – 200-ს: „წინ გვაქვს კიდევ საკმაო პერიოდი. მეორე ეტაპი შემოდგომაზე გვექნება. მთლიანობაში 400-მდე ადამიანს ვუმასპინძლებთ. ესენი არიან ტუროპერატორები სამიზნე ქვეყნებიდან. ასევე ჟურნალისტები, ბლოგერები, ფოტოგრაფები“.

 

 

დეპარტამენტი საინფორმაციო ტურებს სპეციალური პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. იგი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს ადგილობრივ და უცხოელ ტუროპერატორებს შორის, რითაც იოლდება კონტაქტი, შედეგად კი თანამშრომლობა ამ კომპანიებს შორის.

 

ბათუმის აეროპორტში ერთი ჩარტერული რეისით 120-160 ტურისტი ჩამოვა. ვარშავადან ჩარტერული რეისები, რომლებიც მესამე წელია სრულდება, ტურიზმის დეპარტამენტისა და პოლონური ტურისტული კომპანია „იტაკას“ თანამშრომლობის შედეგია. წელს სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან.

 

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ რეისებს ამ ეტაპზე ახორციელებს “Turkish Airlines “-ი (ყოველ დღე), ” Belavia “, კვირაში ორჯერ (მინსკი-ბათუმი, რეისი სეზონზე კვირაში ოთხჯერ იგეგმება). ” Georgian Airways “-ი კვირაში ორჯერ ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენას, რომელსაც სეზონზე სიბირის ავიახაზების ” S7″-ის მიერ კვირაში ერთხელ შესრულებული რეისი დაემატება. კვირაში ოთხჯერ ხორციელდება ასევე რეისი ბათუმი-თბილისი.

 

რაც შეეხება ჩარტერულ ავიარეისებს, მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორჯერ განხორციელდება თელავივი-ბათუმის მიმართულებით, რომლის ფარგლებში რეგიონს კვირაში დაახლოებით 260 დამსვენებელი ესტუმრება ისრაელიდან.

 

გაორმაგებული იქნება ჩარტერული რეისების რაოდენობა პოლონეთიდან ბათუმის მიმართულებითაც. 7 ივნისიდან კვირაში ერთხელ შესრულდება რეისი – ვარშავა-ბათუმი, 13 ივნისიდან – კატოვიცე-ვარშავა-ბათუმი, ხოლო 14 ივნისიდან – კატოვიცე-პოზნანი-ბათუმი.

 

 

საერთაშორისო რეისებს ააქტიურებს ასევე უკრაინული ავიაკომპანია ” Ukraine Internatinal Airlines “-ი, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან კვირაში ოთხჯერ, აქტიურ სეზონზე კი კვირაში ექვსჯერ გეგმავს რეისებს კიევი-ბათუმის მიმართულებით.

 

 

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, იგი, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოდინების ერთ-ერთი მთავარი წყარო ხდება. ზოგადად, საქართველოში ჩამოსული ტურისტებიდან კი, ყოველი მეორე თუ არა მესამე მაინც სტუმრობს ბათუმს.

 

 

დაბალი ფასებით გამორჩეულმა უნგრულმა საერთაშორისო ავიარეისების კომპანია ” Wizz Air “-მა მიმდინარე წლის აპრილიდან ქუთაისის აეროპორტში დაიწყო ფრენა ვილნიუსის მიმართულებით – კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. ამ რეისით სარგებლობენ საქართველოთი დაინტერესებული ტურისტები ბალტიისპირა ქვეყნებიდან.

 

 

გაიზარდა რეისების რაოდენობა პოლონეთის მიმართულებითაც, ვარშავა კვირაში სამჯერ, კატოვიცე კი, კვირაში ორჯერ სრულდება. ამასთან, დანიშნულია ყოველდღიური რეგულარული ფრენა უკრაინის, კერძოდ, კიევისა (კვირაში 5-ჯერ) და ხარკოვის (კვირაში 2-ჯერ) მიმართულებით.

 

 

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, უცხოელ ტურისტთა უმეტესობა ბათუმში ჩამოსასვლელად სწორედ ქუთაისის აეროპორტის ” Wizz Air “-ის რეისებს იყენებს. ” Wizz Air “-ი სექტემბრიდან ავიარეისების განრიგს დაამატებს ახალ მარშრუტს –  ბუდაპეშტი-ქუთაისი.

 

 

ჩარტერული რეისების უპირატესობაა ის, რომ ეს არის დაგეგმილი ტურები და გაცილებით ძვირი სერვისი, ანუ „ძვირიანი ტურისტები“ რეგიონისთვის, რომლებიც შედარებით მეტს იხდიან მომსახურებაში, ვიდრე რეგულარული რეისით (რომელიც იაფია, ჩარტერულთან შედარებით), დამოუკიდებლად ჩამოსული ტურისტები. დაგეგმილ ტურებს, ჩვეულებრივ, ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები ყიდიან.

 

 

დეპარტამენტი საზაფხულო სეზონს სიმბოლურად  31 მაისს ბათუმში, „საოცრებათა პარკში“ გახსნის. სეზონის ოფიციალური გახსნა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა  ადგილას  ერთდროულად აღინიშნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: