სიახლეები

გარდაცვლილი პატიმრის დედა სოზარ სუბარს მიმართავს

10.05.2014 • 1266
გარდაცვლილი პატიმრის დედა სოზარ სუბარს მიმართავს

 

 

ავთო მაისურაძის დედამ,  ინგა მაისურაძემ დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ აცნობენ მას შვილის საქმის მასალებს, მათ შორის დედისთვის დღემდე უცნობია  ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. 

ოჯახი  სასჯელაღსრულების მინისტრს სთხოვს წერილის საჯაროობას, რომელიც გარდაცვალებამდე პატიმარმა დატოვა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაჩქარებას-ეს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა.  

დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე, უფლებამდაცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა რომ  ამ შემთხვევაში პასუხიმსგებლობა  სახელმწიფოს ეკისრება. 

გარდაცვლილი პატიმრის დედა ყვება, რომ მისი შვილის სხეული ნაწამები იყო: “ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა და სხეულზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა”. 

 

ავთო მაისურაძე იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ; მას სამართლებრივ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები უწევდნენ. გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ავთო მაისურაძის საქმეზე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა, განცხადებაში წერს, რომ მაისურაძეს დაუკავშირდნენ აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის მაღალჩინოსნები და მისთვის გაურკვეველ საკითხზე “გასაუბრების” მიზნით დაიბარეს სამმართველოში, უფროსის მოადგილის დემურ დეკანაძის კაბინეტში.

 

მაისურაძესა და პოლიციას შორის საუბარი წარიმართა თანამშრომლობით ურთიერთობებზე, აპირებდნენ ერთ-ერთ დაჯგუფებაში მის აგენტად ჩანერგვას. მაისურაძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში პოლიციასთან “გარკვეული პრობლემების წამოწევით” დაემუქრნენ.

 

საჩივარში წერია, რომ მაისურაძე არ დაეთანხმა ამ შეთავაზებას. ამ შეხვედრიდან ათ დღეში, შაფათავასა და ქედის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულე მაისურაძეს მიუახლოვდა აჭარის მთავარი სამმართველოს ორი თანამშრომელი – დემურ დეკანაძე და მისთვის უცნობი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებას შეჩერების თაობაზე არ შეწინააღმდეგებია, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, კერძოდ, მაისურაძეზე ხელების გადაგრეხას და სამსახურებრივი მანქანის საბარგულზე მის ფეხებგართხმულ დაკავებას, რასაც მოჰყვა სამართალდამცველთა მიერ პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება – წერს საჩივარში ადვოკატი.

 

გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ამოიღეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, არ ჩატარებია დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ამასთან არ გადამოწმებულა იარაღის რეგისტრაციის (კუთვნილების) შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ერთიან ბაზაში, მაშინ, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული და გააჩნია სერიული ნომერი. გამომძიებელმა ექსპერტიზას მხოლოდ იარაღის ვარგისიანობის დადგენის შესახებ მიმართა, ანუ მას სხვა ინფორმაციის გარკვევა არც უცდია.

 

მაისურაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია და ამიტომაც ის სახელმწიფოს სთხოვდა ადვოკატის აყვანაში დახმარებას. თუმცა მაისურაძემ სასამართლოს პირველ ინსტანციაში ადვოკატის მომსახურებით ვერ ისარგებლა.

 

გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მთავარი პროკურორის პირობებში დაინიშნა, ამიტომაც თითქმის მორიგებულ საპროცესო შეთანხმებაზე მაისურაძემ უარი თქვა. საქმე იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალეს ახალგაზრდა იურისტებმა, რომ წერილი პირადად გაუგზავნეს არჩილ კბილაშვილს, ყოფილ მთავარ პროკურორს, თუმცა სტანდარტული პასუხის მიღებისა და დაპირების გარდა მთავარ პროკურატურას ავთო მაისურაძის საქმის ხელახალი გამოძიება არ დაუწყია.

 

25 წლის ავთო მაისურაძის სისხლის სამართლის საქმე უკვე მიიღო სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად.

 

2014 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, სასჯელაღაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში 9349 ბრალდებული და მსჯავრდებულია მოთავსებული. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება 139 საქმეზე დაიწყო, მათ შორის 2014 წლის 31 იანვრამდე – 13 საქმეზე, 2013 წელს – 59, 2012- 2011 წელს კი – 40 საქმეზე.

 

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით 6971 პატიმარს აღენიშნებოდა თვითდაზიანება და ტრავმები. მათ შორის 2012 წელს 1690 პატიმარს, ხოლო 2013 წელს – 3251 პატიმარს.

 

გადაბეჭდვის წესი