სტატისტიკის მიხედვით, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული 262 ტენდერიდან 154 ტენდერი ან არ შედგა, ან არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რაც თავისთავად აკნინებს ტენდერს, როგორც ეფექტურ სახელმწიფო მექანიზმს. ამის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითია გასული წლის ნოემბერში ბათუმის მერიის მიერ გოგებაშვილის ქუჩის შენობების ფასადების განათების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციაში დეტალურად იყო აღწერილი შემსყიდველის მოთხოვნები და ინფორმაცია სანქციების შესახებ.
მერიამ სამუშაოების დასრულების ვადად 2013 წლის 25 დეკემბერი მიუთითა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოები ერთი თვის ვადაში უნდა დაესრულებინა. სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მერია კომპანიას პირგასამტეხლოს სახით ყოველი დაგვიანებული დღისთვის ხელშეკრულების ფასის 0,5%-ს დააკისრებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს მიაღწევდა, მერია იტოვებდა ხელშეკრულების ერთპიროვნულად შეწყვეტის უფლებას.
ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „ეიდიელ ენდ ტექნიკსმა“ – მან ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება მერიას 119 178 ლარად შესთავაზა.
კომპანიამ 25 დეკემბერს მერიას წერილობით მიმართა და სამუშაოზე ვადის გაგრძელება ითხოვა შემდეგი მიზეზით: „აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ბათუმში 2013 წლის 8 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნებოდა ნალექი თოვლის საფარის სახით. რის გამოც „ეიდელ ენდ ტექნიკსის“ მიერ ვერ განხორციელდა სამუშაოების დასრულება.“
მერიამ არგუმენტი „საპატიო მიზეზად“ მიიჩნია და კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადები ერთი თვით გაუგრძელა.
ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნა შესყიდვების ელექტრონული ტენდერით განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოების შესყიდვისას პრიორიტეტი იმ კომპანიას მიანიჭოს, რომელიც ელექტრონულ ვაჭრობაზე წინასწარ განსაზღვრული სამუშაოების შედარებით ნაკლებ ფასად შეასრულებს. ასევე მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ვადები.
„აბსურდული პირობების გამო, ტენდერში ხშირად მხოლოდ ორი ან ერთი კომპანია მონაწილეობს. გამარჯვებული წინასწარ გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით იღებს ვალდებულებას. შემდეგ იცვლება ეს პირობები, გრძელდება ვადები და არის ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის შემთხვევებიც. შეცვლილი პირობების შემთხვევაში იქნებ სხვა კომპანიაც მოახერხებდა ტენდერის მოგებას? ჩნდება ეჭვი, რომ მოკლე ვადაში სამუშაოს შესრულებაზე თანხმდება ის, ვისაც აქვს იმედი, რომ ვადებს გაუგრძელებენ.“ – ამბობს გიორგი ჭანტურია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კონკრეტული კომპანია ამა თუ იმ ტენდერის შეკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით ფასს მაქსიმალურად აკლებს, შემდეგ კი, აჭიანურებს სამუშაოს შესრულების ვადას. მაგალითად, ბათუმის მერიის მიერ ჟილინის არხის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში მონაწილე კომპანია `tek-ev insaat dekorasyon iç ve diş ticarett ltd.sti~- შესრულების ღირებულება ექვსიდან სამ მილიონამდე დაწია. სამუშაოს შესრულების პროცესში კი მერიას ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით რვაჯერ მიმართა და რვაჯერვე დადებითი პასუხი მიიღო, თუმცა დაკისრებულ მოვალეობას თავი მაინც ვერ გაართვა.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ავთანდილ ბურკაძის ინფორმაციით, კომპანიების მხრიდან პირობების დარღვევის
შემთხვევა ხშირია.
„თუ საპატიო მიზეზებია, ვპატიობთ, თუ არა მაშინ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციას ავამოქმედებთ.“
„საპატიო მიზეზი“ სატენდერო დოკუმენტაციებში ცვლილების სახით აისახება. დოკუმენტების შესწავლით დგინდება, რომ ასეთი მიზეზი შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში წვიმაც კი გახდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ბათუმის მერია მიმწოდებელს იმ დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო აძლევს დისკვალიფიკაციას, რომლის წარდგენასაც ფიზიკურ პირს კანონი არ ავალდებულებს.
რა კრიტერიუმებით ფასდება კონკრეტული ტენდერის დარღვევა საპატიოდ ან არასაპატიოდ? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ მერიაში პასუხი ვერ მიიღო. მერის მოადგილემ დავით ლეკვეიშვილმა, რომელიც მშენებლობის მიმართულებით სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს, საზოგადოებისათვის განმარტების გაკეთებაზე უარი თქვა.
საბიუჯეტო სახსრების კიდევ ერთი მაკონტროლებელი ბათუმის საკრებულოა. „შესყიდვებს ახორციელებს მერია და მერიის კონკრეტული სამსახურები, ამიტომ შესყიდვებთან დაკავშირებული კითხვებით ამ სამსახურებს უნდა მიმართოთ,“ – განმარტა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა დავით კასრაძემ „ბათუმელებთან.“
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მიზანი სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საჭიროებისთვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა და სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფაა.