სიახლეები

აღდგომა და მასთან დაკავშირებული ტრადიციები

22.04.2014 • 15206
აღდგომა და მასთან დაკავშირებული ტრადიციები
  • ბატონო ზაზა, როდიდან აღინიშნება აღდგომის დღესასწაული საქართველოში?

ჩანაწერები საქართველოში ქრისტიანული თემების მიერ აღდგომის ტრადიციების აღნიშვნის შესახებ, წმიდა ნინოს შემოსვლის შემდეგ, სხვადასხვა უცხოელი ისტორიკოსის ჩანაწერებსა და ქართლის ცხოვრებაშიც არის ნახსენები.

ზაზა კილაძე

  •  რატომ არის აღდგომის დღესასწაული მოძრავი?

აღდგომის დღესასწაული 325 წლის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან იღებს სათავეს (მე-4 საუკუნის 20-იანი წლები), როდესაც კრებამ აღდგომის თარიღის აღნიშვნის თაობაზე მიიღო დადგენილება. აღდგომა აღინიშნება არა კონკრეტული თარიღით, არამედ კონკრეტული დროით, რომელიც გამოითვლება წელიწადის დროით (გაზაფხულის ბუნიობა) და მთვარის ფაზის მიხედვით.

აღდგომის თარიღის მონაცვლეობა უკავშირდება გნოსტიკურ, “ებიონიტების” სექტას, რომლებსაც სურდათ, რომ ქრისტიანობა განეხილათ, როგორც ებრაული სარწმუნოების განშტოება და ამბობდნენ, რომ ებრაული ფესეხი და ქრისტიანული პასკა ერთ დღეს უნდა აღნიშნულიყო. მსოფლიო საეკლესიო კრებამ მიიღო დადგენილება, რომ სწორედ ებრაულ ფესეხს არ დამთხვეოდა ქრისტიანული პასექი. ებრაული ფესეხი მთვარის კალენდრით აღინიშნება და რადგან მთვარე სხვადასხვა წელს სხვადასხვა დროს ივსება, აღდგომის აღნიშვნის თარიღიც მოძრაობს. აღდგომა აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირა დღეს, ასე იგი არ უსწრებს და არც ემთხვევა იუდეველთა პასექს.

  • რატომ მიდიან აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე და ასე იყო თუ არა ადრე?

აღდგომის შემდეგი დღე – ორშაბათი უქმე დღედ ითვლება და მიიჩნევა, რომ ეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ქრისტიანობაში, გარდა საერო კალენდრისა, არსებობს ლიტურგიკული კალენდარი, სადაც ეკლესიის მიერ მიცვალებულთა მოხსენიებისთვის სულ შვიდი დღეა ოფიციალურად დაწესებული, მათში აღდგომის მეორე დღე არ შედის.

ორშაბათობით სასაფლაოზე გასვლა საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა, მაშინ აღდგომის დღე იდევნებოდა ათეისტების მიერ. იმის გამო, რომ მორწმუნეები კვირას, აღდგომის დღეს არ წასულიყვნენ სასაფლაოზე, ანუ აღდგომის დღესთან არ დაეკავშირებინათ რაიმე რიტუალი, ქართულ ეკლესიაში ორშაბათი შემოიღეს უქმე დღედ.

ლიტურგიკულად არც კვირა არ არის მიცვალებულთა მოხსენიების დღე. საერთოდ სასაფლაოზე ხშირად სიარული ქრისტიანობაში წარმართული ელემენტია. ქრისტიანისთვის მიცვალებულის მსახურება პანაშვიდისა და ეკლესიაში მოხსენიების სახით გამოიხატება.

ორშაბათს სასაფლაოზე გასვლა ქრისტიანული ტრადიცია არ არის, ისევე როგორც იქ ჭამა-სმის ცერემონიალი. იმას, რომ ორმოცზე მიდიან სასაფლაოზე და ჭიქა ღვინოს ასხამენ, ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

  •  რატომ ღებავენ კვერცხს წითლად?

ეს დოგმატური საკითხი არ არის, საეკლესიო გადმოცემის თანახმად ეს ტიბერიუსისა და მარია მაგდალინელის შეხვედრას უკავშირდება.

ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, როცა მარია მაგდალინელი ტიბერიუსთან მივიდა და აღდგომის შესახებ აუწყა, ტიბერიუსმა მას დასცინა და უთხრა, რომ ეს კვერცხი უფრო გაწითლდება, ვიდრე მე იმას დავიჯერებ, თითქოს იესო და ზოგადად მიცვალებული აღდგაო. სწორედ ამ დროს კვერცხი გაწითლდა. ეს ამბავი მსოფლიოში მოციქულებმა გაავრცელეს და შესაბამისად, მათ მიერ დაფუძნებულ ეკლესიებში უკვე პირველი საუკუნიდანვე ჩაეყარა ამ ტრადიციას საფუძველი.

  • როდიდან გაჩნდა პასკა ქართულ კულტურაში და რას უკავშირდება ეს?

პასკა, სავარაუდოდ, არის ართოსის სახეცვლილება, რომელიც ქართულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წყაროებში ნახსენებია როგორც ქადა. დიდ ხუთშაბათს ტრაპეზზე იესომ თავის მოციქულებს დაალევინა ღვინო და მისცა პური, სისხლი და ხორცი მისი. მას შემდეგ რაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მისი მოციქულები, იმ დღის გასახსენებლად პურს აცხობდნენ, რომელზეც ჯვარს გამოსახავდნენ და დებდნენ სუფრაზე, იმის მოსაგონად, რომ უფალმა იესომ დაუბარა მათ ამ ზიარების საიდუმლოს შესახებ.

სავარაუდოდ ეს პური მრევლში ქადის სახით გადმოვიდა. ეს ქადა უნდა იყოს პასკა, რომელსაც ეს ფორმა და მოყვანილობა არ ჰქონდა მაშინ, მაგრამ იყო რაღაც მსგავსი.

თვითონ პასკის ფორმა, გოლგოთის მთის სიმბოლოა. აფუებული ცომი იმიტომაა, რომ ქრისტემ ზიარების საიდუმლოს დაწესებისას, სწორედ აფუებული პური ჭამა.

  •  რატომ სწირავენ სააღდგომოდ ბატკანს, რას უკავშირდება ეს ტრადიცია?

ბატკანი ქრისტეს სიმბოლოა, უმანკო მსხვერპლის, რომელმაც კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა, ხატებზეც ამ დატვირთვითაა გამოსახული. რაც შეეხება ეკლესიაში ბატკნის მსხვერპლად შეწირვას, ქრისტიანულ ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა საერთოდ არ უნდა იყოს. ეს წარმართული გადმონაშთია. დღეს ცხოველებს იშვიათად წირავენ, ეს უფრო 90-იან წლებში ხდებოდა.

  •  რას უკავშირდება რწმენა, რომ დიდ ხუთშაბათს დაბანა კარგია?

ყველაფერს აქვს საღვთისმეტყველო საფუძველი, ოღონდ მერე დამახინჯებულია ჩვენთან. იმის გამო, რომ შვიდგზის ზეთისცხება ხუთშაბათს ხდება, ყველა ცდილობს, რომ იქამდე მოასწრონ დაბანა და შემდეგ სამი დღე აღდგომამდე არ იბანენ ტანს. სინამდვილეში, ქრისტიანი უბრალოდ მოწიწებით უნდა მოეპყროს სხეულს, რადგანაც მას საიდუმლოში აქვს მონაწილეობა მიღებული და ეს დაუბანლობას არ გულისხმობს. ამ ყველაფერმა შეცვალა შვიდგზის ზეთის ცხების საიდუმლოსთან ადამიანის დამოკიდებულება. საიდუმლოს ნამდვილი არსი მოკლებული აქვს, ზოგიერთისთვის ის გაუფასურებულია და ჰიგიენის დონეზეა დაყვანილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: