მთავარი,სიახლეები

რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე

21.04.2017 • 1746
რა თქვეს მოწმე პოლიციელებმა ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმეზე

ღამის კლუბ „ვოგში“ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო. დღეს, 21 აპრილს, სასამართლოს ჩვენებები პოლიციელებმა მისცეს, ვინც 25 იანვრის საღამოს დაზარალებული თურქეთის მოქალაქეები დაკითხეს და ფოტოსურათებით ამოცნობა მოაწყვეს.

ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის 6 მოქალაქის თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. საქმეში არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებსაც მანამდე რამდენიმე დღით ადრე, კლუბიდან გამოსვლის დროს ქვითარში გადასახდელ თანხა – 17 500 ლარი ჩაუწერეს .

გაპროტესტების შემდეგ, მათ ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ძალადობისა და გაუპატიურების მუქარით საბანკო ანგარიშებიდან მოუხსნეს თანხა მათთვის წართმეული საბანკო ბარათების გამოყენებით.

დეტექტივ-გამომძიებელ გაბრიელ ბაჯელიძეს ადვოკატებმა ჰკითხეს, რატომ ჩატარდა ამოცნობა ფოტოებით, როცა ბრალდებულები უკვე დაკავებული იყვნენ.

„არ ვიცი, ალბათ უარი თქვეს დაკავებულებმა ამაზე,“ – უპასუხა ადვოკატებს გაბრიელმა.

გამომძიებელს ასევე მოუწია კითხვის გაცემა, რის მიხედვით შეარჩია ელექტრონულ ბაზაში ამოსაცნობი ადამიანები. ადვოკატებმა აქცენტი რამდენიმე ფოტოსურათზე გააკეთეს, სადაც ზოგიერთ მამაკაცს წვერი აქვს, ზოგს – არა. დაცვის მხარემ შეახსენა სამართალდამცავს, რომ ამოსაცნობი პირები ერთმანეთს უნდა ჰგავდნენ.

„შევარჩიე ასაკის მიხედვით, სახის მოყვანილობიდან გამომდინარე… ყველას წვერი ხომ არ ექნებოდა“, – თქვა გაბრიელ ბაჯელიძემ.

ადვოკატმა ზაზა პაპიძემ გამომძიებელს ამოცნობის ოქმებზეც ჰკითხა, სადაც დაზარალებულები იდენტური ტექსტებით აღწერდნენ ამოცნობის პროცესს.

„ტექსტში შეცდომით დაწერილი „მაოვიცანი“ „ამოვიცანის“ ნაცვლად ყველგან მეორდება. შესაძლებლად მიგაჩნიათ, ასე ერთნაირად თქვან მოწმეებმა, ვინ ამოიცნეს?“- იკითხა ადვოკატმა, რაზეც გამომძიებლისგან მხოლოდ ეს პასუხი მიიღო – „კი“.

გაბრიელ ბაჯელიძეს კითხვა ერთ-ერთმა ბრალდებულმაც დაუსვა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა: „თქვენ იყავით იმ დღეს, როცა მირტყეს,  წიხლის კვრით შემიყვანეს პოლიციის განყოფილებაში?… მე თქვენ მახსოვხართ“. დეტექტივ-გამომძიებელმა ცემის, ან დაკავებულების სხვაგვარი შეურაცხყოფის ფაქტი უარყო.

კიდევ ერთი მოწმე, ვისი ჩვენებაც დღეს მოსამართლე ირაკლი შავაძემ მოისმინა, დეტექტივ-გამომძიებელი გია ბახტაძეა. მან დაზარალებულების გამოკითხვის ოქმი შეადგინა, თუმცა ადვოკატების კითხვაზე, სულ რამდენი იყო დაზარალებული, მომწმემ უპასუხა: „არ მახსოვს“.

საქმეში სულ ოთხი ბრალდებულია: სამი თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქე. თურქეთის მოქალაქეები ღამის კლუბში მენეჯერებად მუშაობდნენ, საქართველოს მოქალაქეს კი, რომელიც კლუბში მომმარაგებლის პოზიცია ჰქონდა, ბანკომატიდან დაზარალებულებისთვის იძულებით წართმეული ბარათებით თანხის გამოტანას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ოთხივე ბრალდებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ამ სასჯელს ითვალისწინებს თანხის გამოძალვა. მათ წაყენებული ჰქონდათ უფრო მძიმე ბრალდებაც – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ეს ბრალი მოხსნა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: