მთავარი,სიახლეები

რას  ამბობს ბიზნესმენი, რომლის კომპანიის შენობაში ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა 

14.04.2017
რას  ამბობს ბიზნესმენი, რომლის კომპანიის შენობაში ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა 

ბიზნესმენმა ნიაზ ხალვაშმა 13 აპრილს, ღამით, ხელვაჩაურში მდებარე კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ შენობაში შეჭრა სცადა. დაცვის თანამშრომლებთან მისულ ბიზნესმენს შენობის დაკავების უფლება „ტრანსკავკასიამ“ არ მისცა. ნიაზ ხალვაში აცხადებს, რომ კომპანია წლების წინაც მას ეკუთვნოდა და მას აუცილებლად დაიბრუნებს. ის პარლამენტის წევრის, ფატი ხალვაშის და ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ძმაა.

2012 წელს პარლამენტმა ნიაზ ხალვაშს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.

„ყალბი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გასხვისდა ჩვენი ქონების ნაწილი. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მამუკა სხვიტარიძე, კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ ხელმძღვანელი. მისი თქმით, ნიაზ ხალვაშმა წლების წინ გაყიდა ეს ქონება და მასზე პრეტენზია აღარ ჰქონია, ხოლო „ტრანსკავკასია კრისტალმა“ იგი 2011 წელს შეიძინა. სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, როცა კომპანია „მეგა კოს“ გაუჩნდა პრეტენზია „ტრანსაკვაკასიის“ მიერ შესრულებულ სამშენებლო სამუშაოზე.

„კომპანია გვედავებოდა, რომ სამუშაო იყო უხარისხო და დაიდო სამხარეულის ექსპერტიზის ყალბი დასკვნა, რითაც მიყენებული ზარალი 600 ათასი ლარით განისაზღვრა. არსებობს ალტერნატიული დასკვნები, სადაც წერია, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული საქმე ხარისხიანია და სტანდარტს შეესაბამება. სასამართლო სამხარაულის დასკვნას დაეყრდნო,“ – გვიყვება მამუკა სხვიტარიძე.

რადგან კომპანიამ სასამართლოს გზით დადგენილი ზარალი თავისი ნებით არ აანაზღაურა, „ტრანსკავკასიის“ ქონების ნაწილი აუქციონზე იძულების წესით გაიატანეს. 30 მარტის აუქციონი კომპანია „ბიზონმა“ მოიგო, რომელსაც ნიაზ ხალვაში ფლობს, „ტრანსკავკასია კრისტალის“ ყოფილი მესაკუთრე.

„ტრანსკავკასიის“ ამჟამინდელი მფლობელები აუქციონის შედეგის გასაჩივრებასაც აპირებენ. მამუკა სხვიტარიძე აცხადებს, რომ 600 ათასის ასანაზღაურებლად აუქციონზე 6 მილიონ 200 ათას დოლარად შეფასებული ქონება გავიდა:

„სულ გვაქვს 26 შენობა და აქედან 9 გაგვიყიდეს აუქციონზე. ერთის გაყიდვითაც კი შესაძლებელი იქნებოდა ზარალის ანაზღაურება. გამოდის, რომ დანარჩენი აჩუქეს. გარდა ამისა, გასხვისებულ შენობებში არის კიდევ დაახლოებით 3 მილიონი ლარის  დანადგარები, რომელთა დემონტაჟიც შეუძლებელია. ამ გადაწყვტილებით გაურკვეველია, როგორ უნდა გადანაწილდეს ქონება,“ – გვიყვება მამუკა სხვიტარიძე.

ბიზნესმენი პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე აპელირებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ქონების გამოთავისუფლებას, ანუ გამოსახლებას სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაშიც, სასამართლომ ცალკე უნდა იმსჯელოს, როგორ უნდა აღსრულდეს მანამდე მიღებული გადაწყვეტილება. ამ სამართლებრივ რეგულაციაზე დაყრდნობით, მამუკა სხვიტარიძე ნიაზ ხალვაშის გადაწყვეტილებას, დაიკავოს შენობა, უკანონოდ მიიჩნევს.

„ჩვენ ბიზნესმენმა წარმოგვიდგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები. შესაბამისად, პოლიცია ამ პროცესში ჩართული არ არის,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა ბიზნესმენ ნიაზ ხალვაშს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: