მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია

07.04.2017 • 2150
საკონსტიტუციოს სამი მოსამართლის განსხვავებული პოზიცია

„მიღებული გადაწყვეტილება ფორმალური და მატერიალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ემყარება სამართლებრივი ნორმების მცდარ ინტერპრეტაციას და არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძველი,“ – წერენ საკუთარ „განსხვავებულ აზრში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები: ირინე იმერლიშვილი, მაია კოპალეიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენ მოსამართლეებს არ ეთანხმებიან.

დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესზე, რომლის მიხედვითაც ძალაში რჩება რეგულაცია და ისევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება უფლება, ფარული ჯენჭისყრის გზით შეარჩიოს მოსამართლეები, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ დაასაბუთოს.

სასამართლოს პლენუმმა განმარტა, რომ მიმდინარე წლის თებერვალში კანონი შეიცვალა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება უკვე არსებობს. 

სამი მოსამართლე თავის „განსხვავებულ აზრში“ ხაზს უსვამს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება დააგვიანა.

„სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმდენად გვიან, რომ ფაქტობრივად კანონმდებელს მიეცა შესაძლებლობა, ცვლილება შეეტანა მოქმედ კანონმდებლობაში. აღნიშნული გარემოება შემდგომ სასამართლომ გამოიყენა კონსტიტუციური სარჩელის არდაკმაყოფილებისთვის,“ – ვკითხულობთ „განსხვავებულ აზრში“.

სამი მოსამართლე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილმა რეგულაციებმა რამდენად შეცვალა რეალობა. „განსხვავებული აზრის“ ავტორები ღიად აფიქსირებენ პოზიციას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია „უკანონო, თვითნებური, ან მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების პრევენციისთვის“.

„საბოლოოდ, მოსამართლეობის კანდიდატი ფასდება მარტოოდენ მშრალი სიტყვების მითითებით: არ აკმაყოფილებს, აკმაყოფილებს, სრულად აკმაყოფილებს,“ – ვკითხულობთ სამი მოსამართლის გადაწყვეტილებაში: „აღნიშნული რეგულირება ბადებს ბუნდოვნებას და სამართლებრივი განუჭვრეტლობის განცდას, რადგან სრულიად გაურკვეველია, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის რომელი მახასიათებლის შეფასების შედეგად მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკრეტულ დასკვნამდე“.

ამავე განცხადებაში მოსამართლეები მიუთითებენ იმას, რომ რეალურად არ არსებობს შესაძლებლობა გადამოწმდეს ამა თუ იმ კანდიდატს რამდენად სამართლიანად უთხრეს უარი მოსამართლედ გამწესებაზე.

სამი განსხვავებული პოზიციის მოსამართლე შაბლონს უწოდებს არსებულ რეგულაციას: „შაბლონური გადაწყვეტილებები აზიანებს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: