მთავარი,სიახლეები

წყლის სისტემა ხელვაჩაურის გამგეობისგან და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

29.03.2017
წყლის სისტემა ხელვაჩაურის გამგეობისგან და უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა

ხელვაჩაურში, სოფელ ფერიის გიგინეიშვილების დასახლებაში წყლის სისტემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს მოაწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აღდგენიდან დღემდე ანუ ორ წელზე მეტია სასმელი წყალი არ მიეწოდება.

„დაახლოებით ნახევარი დღე მოდიოდა ონკანიდან ჟანგიანი, ყვითელი წყალი. მერე მილებიც დასკდა და წყალიც წავიდა,“ – ამბობს ნარგიზ ბეჟანიძე. ის და კიდევ 83 ოჯახი გიგინეიშვილების დასახლებაში ცხოვრობს.

„მე ჩემი სახსრებით მოვიყვანე წყალი მეზობელი სოფლიდან, კიდევ რამდენიმე ოჯახმაც მოახერხა იგივე და სხვები ჩვენგან ეზიდებიან წყალს, ზოგს წყაროდან მოაქვს, მაგრამ ზაფხულში შრება ესეც, უწყლოდ ვრჩებით ყველა,“ – გვიყვება ნარგიზ ბეჟანიძე.

ფერიაში წყლის სისტემის მოსაწყობად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2015 წელს 146 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ლაზარე 2008“-მ ჩაატარა.

„სამუშაოები ჩაიბარა ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადიმ ვარშანიძემ უპასუხისმგებლოდ. ოჯახებს ორ წელზე მეტია არ მიეწოდებათ წყალი და ამ პერიოდში სისტემის გამართვაც ვერ მოახერხა გამგეობამ, მიუხედავად იმისა, რომ სისტემის მოწყობიდან ორი წლის განმავლობაში შემსრულებელ კომპანიას აღებული ჰქონდა ვალდებულება შეკეთებაზე, თუკი რამე გაფუჭდებოდა,“ – ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე. მან დღეს ფერიაში ბრიფინგი გამართა.

„ტყუილია ეს ინფორმაციები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მისი თქმით, მოსახლეობას მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში შეექმნა პრობლემა, რადგან გზის გაყვანის გამო მილები დაზიანდა და „ეს დრო ბიუროკრატიულ პროცედურებს დასჭირდა“. ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ ფერიის მოსახლეობას დაახლოებით 5 დღეში აღუდგება წყლის მიწოდება.

„საიდან იქნებოდა ბინძური, როცა მტირალადან მოდიოდა ეს წყალი, მთელი ბათუმი მაგას სვამს. რომელიმე ღელიდან რომ ყოფილიყო აღებული, მაშინ შეიძლება ყოფილიყო ბინძური… მაგ ხალხს საერთოდ არ ჰქონდა წყალი მანამდე, პირველად გაკეთდა. კიდევ იქნება ხარვეზები, რადგან იქ, სადაც მუშაობა მიდის, ყოველთვის არის რაღაც ხარვეზი“, – გვითხრა ნადიმ ვარშანიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: