მთავარი,სიახლეები

რა გაახსენა ვახტანგ ხმალაძემ მანანა კობახიძეს

28.03.2017 • 2801
რა გაახსენა ვახტანგ ხმალაძემ მანანა კობახიძეს

„სამართლიანი საარჩევნო მოდელის შექმნა შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ მანდატების გადანაწილების წესი არღვევს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანასწორობას“, – უთხრა მოსამართლეებს კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ხმალაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 28 მარტს არსებითად განიხილა სარჩელი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და ცესკოს წარმომადგენლების გარდა, ექსპერტების პოზიციაც მოისმინა.

ვახტანგ ხმალაძე არ დაეთანხმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს, რომლის პოზიციაც დღეს მოისმინა სასამართლომ. მისი შეფასებით, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვა პროპორციულობის გადანაწილების წესის შეცვლა.

„კონსტიტუცია აკრძალვას არ აწესებს. იქ მხოლოდ წერია ის, რომ თანასწორობა უნდა იყოს დაცული და რაოდენობები, რამდენი დეპუტატი რომელი სისტემით უნდა აირჩეს,“ – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაინტერესდა, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის შემთხვევაში, რამდენად არის შესაძლებელი იმუშაოს სხვა ფორმულამ, რომელიც კონსტიტუციური იქნება.

ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ მანდატების გადანაწილების პრინციპის შეზღუდვას კონსტიტუცია არ აწესებს. მისი აზრით, არსებული მოდელი მიუღებელია, რადგან იგი ქმნის ერთპარტიული დომინირირების საფრთხეს.

კონსტიტუციონალისტმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება საარჩევნო ბარიერზე. თვლის, რომ თუკი ბარიერი იქნებოდა დაბალი, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე გაცილებით მეტი პარტია შევიდოდა პარლამენტში და ე.წ. “დაკარგული ხმების” რაოდენობა იქნებოდა დაახლოებით 10 პროცენტი და არა 19,8.

„ხომ შეიძლება მოცემულობა შეიცვალოს და დეპუტატები, რომლებიც უმრავლესობაში არიან, ხვალ სხვა პარტიაში გადავიდნენ?“, – იკითხა მანანა კობახიძემ. მას არ დაუმალავს სხდომაზე, რომ მისთვის სასარჩელო მოთხოვნები გაუგებარია, რადგან პროპორციული წესით მანდატების გადანაწილება ცალკე ფორმულით ხდება და ეს არ უკავშირდება მაჟორიტარებს.

ვახტანგ ხმალაძემ მანანა კობახიძეს 2016 წლის საპარალმენტო არჩევნების შედეგი გაახსენა: „მხოლოდ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი გავიდა. ერთის შემთხვევაში, მმართველმა ძალამ თავისი კანდიდატურა მოხსნა, მეორე გამარჯვებული კი, არჩევნებიდან მეორე დღეს უმრავლესობის წევრი გახდა… ახლა თქვენ განსაჯეთ, როგორი იყო მათი დამოუკიდებლობის ხარისხი“.

ვახტანგ ხმალაძემ გაიხსენა ისტორიაც, როგორ დამკვიდრდა ქვეყანაში პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემები.

„ეს იყო 1990 წელს, როცა არსებობდა კომუნისტური პარტია და ყველა დანარჩენი ყველა იყო ოპოზიცია. მაშინ ოპოზიცია ითხოვდა მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ხოლო მმართველი ძალა – მაჟორიტარებს. მოგვიანებით მოხერხდა შეთანხმება და მივიღეთ შერეული საარჩევნო სისტემის მიდელი.  შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ ნათლად დაინახა, რომ მაჟორიტარული სისტემა მას აძლევს სერიოზულ ფორას მომდევნო არჩევნებისთვის და ამაზე უარის თქმა უკვე ვეღარავინ შეძლო… ასეა, მადა ჭამაში მოდის“, – დასძინა ვახტანგ ხმალაძემ.IMG_20170328_172119

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: