მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ედუარდ მ.-ს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მეთადონის შეძენა და საზღვარზე შემოტანა დაუდასტურდა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხდომის დასაწყისში მოსამართლე დაინტერესდა, შედგა თუ არა საპროცესო შეთანხმება.
„შეთანხმება არ შედგა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მას ისევ დავუბრუნდეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა დავით კეკელიძემ.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსჯავრდებულმა დაკავებისთანავე აღიარა ჩადენილი დანაშაული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ოჯახში მხოლოდ მოხუცი დედა ჰყავს, ვისი ერთადერთი მარჩენალიც არის ედუარდ მ.
ედუარდ მ. გასული წლის 27 დეკემბერს დააკავეს ბათუმის [„მეტროს“] ავტოსადგურში, როცა ის თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩხრეკის ოქმი, ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტი. იმედი მაქვს, გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი,“ – თქვა პროკურორმა ადილარ წირღვავამ.
თავად მსჯავრდებულმა მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებამდე ამ სიტყვებით მიმართა: „ვაღიარებ, ვინანიებ და იმედი მაქვს, სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანთ“.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ახსნა, რატომ გამოიყენა სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმა:
„მეთადონი არ მიეკუთვნება მძიმე ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიას, ის არაა ოპიუმის ჯგუფის და, ძირითადად, ჩანაცვლებითი პროგრამისთვის გამოიყენება“.
ედუარდ მ. წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი ნარკოდანაშაულისთვის.
„იმედი მაქვს, მიმართავთ პრეზიდენტს შეწყალებისთვის და ვადაზე ადრე დატოვებთ დაწესებულებას,“ – მიმართა მოსამართლემ მსჯავრდებულს, ვიდრე მას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაიყვანდნენ.