მთავარი,სიახლეები

„ეს ტექსტი დიაგნოზია რექტორთა საბჭოსი და მთელი განათლების სისტემის“

26.03.2017 • 3392
„ეს ტექსტი დიაგნოზია რექტორთა საბჭოსი და მთელი განათლების სისტემის“

2017 წლის 15 მარტს რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაშიც ესწრებოდა. მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგით საბჭოს უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის ვადებთან დაკავშირებული საკითხები უნდა განეხილა. ამავე სხდომაზე, როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორმა შეიტანა განცხადების ტექსტი, რომელიც რექტორთა საბჭოზე წაიკითხეს. ეს განცხადება 24 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.

ტექსტში ვკითხულობთ:

„2017 წლის 15 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ვიცე-პრემიერის, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლების რექტორთა საბჭოს სხდომა.

რექტორთა საბჭომ მიიღო განცხადება

„რექტორთა საბჭო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდეს და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს.

საუკუნეთა მანძილზე საქართველოს ეკლესია უდიდეს როლს ასრულებდა და ასრულებს ქართველი ერის ცხოვრებაში. მისი როლი და მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიო გახდა ბოლო 40 წლის მანძილზე, უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მამამთავრობის დროს.

რექტორთა საბჭო შეშფოთებით ადევნებს თვალს, უკანასკნელ ხანს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ განვითარებულ მოვლენებს და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას, მისი მეთაურის  უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიმართ, ულოცავს მას ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უსურვებს მრავალჟამიერ სიცოცხლეს.

რექტორთა საბჭო მოუწოდებს საზოგადოებას გამოიჩინონ სიფრთხილე და თავშეკავება, რათა თავიდან ავიცილოთ ეკლესიის შიდა პროცესებში საერო საზოგადოების უმართებულო ჩარევა, რექტორთა საბჭო  გამოთქვამს რწმენას, რომ  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მისი მეთაურის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის წინამძღოლობით ღირსეულად გაუმკლავდება არსებულ გამოწვევებს“.

რექტორთა საბჭოს სხდომაზე

რექტორთა საბჭოს სხდომაზე

საბჭოს სხდომას 70-მდე რექტორი ესწრებოდა.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელის, განათლების სპეციალისტის შალვა ტაბატაძის აზრით, რექტორთა საბჭოს მიერ ამ შინაარსის განცხადების გავრცელებას შეფასებაც კი არ სჭირდება: „რექტორთა საბჭოს მილიონი საქმე აქვს, რომელსაც ვერ აკეთებს და რაღაც განცხადებებს ავრცელებს, რომელიც მისი საქმე საერთოდ არ არის. როცა უმაღლესი განათლება ამ დღეშია, ეს განცხადება არის დიაგნოზი რექტორთა საბჭოს ფუნქციებისა და კომპეტენციის შესახებ.

განათლების მინისტრმა, რომელიც ამავე დროს ვიცე-პრემიერია, პოლიტიკური თავის გამოჩენის მიზნით გააკეთა ეს. რექტორთა საბჭო კი, რომელიც დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს და წესით სერიოზული ადამიანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, მსჯელობს რაღაც საკითხზე, რომელიც მისი კომპეტენცია არ არის და მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის განათლების სისტემა ჭაობშია ჩაფლული“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, სისტემა, რომელიც სხვის დაწერილ ტექსტს უსიტყვოდ ეთანხმება [როგორც „ბათუმელებისთვის“ არის ცნობილი განცხადების ტექსტს ყველა რექტორმა დაუჭირა მხარი], რამდენად შეძლებს ძირეულ ცვლილებას განათლებაში? შალვა ტაბატაძე ამბობს: „მე არ ვიცი ვისია ტექსტი, ალბათ, იქნება ვიცე-პრემიერის ინიციატივა, მაგრამ სასაცილოა მინისტრიც და რექტორთა საბჭოც, რადგან ამ საბჭოს მიერ რაიმე რეფორმატორული, ინოვაციური განცხადება არავის მოუსმენია არასდროს. ამიტომაც არის სირცხვილი და დიაგნოზია რექტორთა საბჭოს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი უმაღლესი განათლების ის განცხადება, რაც გააკეთეს“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: