Batumelebi | 4500 ევრო პატიმარს სახელმწიფოსგან 4500 ევრო პატიმარს სახელმწიფოსგან – Batumelebi
RU | GE  

4500 ევრო პატიმარს სახელმწიფოსგან

 

პატიმრებს, რომლებიც არასათანადო პირობებში იმყოფებიან, მაგალითად, არ აქვთ ჯანდაცვისა და განათლების უფლება, წვდომა ჰიგიენურ საშუალებებთან, ან ოჯახთან ხშირი კომუნიკაცია ეზღუდებათ, უფლება აქვთ ციხის ადმინისტრაციას პირობების გაუმჯობესება მოსთხოვონ. პრეცედენტი, როცა პატიმრები თავიანთი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით ცდილობენ, იშვიათია. ამის მიზეზად ადვოკატების ერთი ნაწილი კოლეგების არაპროფესიონალიზმს, ნაწილი კი პატიმრების შიშს ასახლებს.

 

 

ადვოკატ მამუკა ნოზაძეს სტრასბურგის სასამართლოში 25 პატიმრის საქმე აქვს გაგზავნილი. როგორც “ბათუმელებთან” იურისტი განმარტავს,

ერთ-ერთი პატიმარი ჰიგიენური საშუალებების არ არსებობის გამო ჩივის: პირსახოცი, საპონი, კბილის ჯაგრისი მას ციხის ადმინისტრაციამ

არ მიაწოდა. სახელმწიფო ვალდებულია პატიმარი ამ ნივთებით უზრუნველყოს. კიდევ ერთი პატიმარი კი საკანში ტელევიზორის არარსებობის გამო

ჩივის. ევროპულ სასამართლოში ადვოკატმა ასეთი შინაარსის საჩივარი გააგზავნა: გლდანის ციხესთან ახლოს მდებარე ნაგავსაყარის სუნი საკანში

აღწევს; ოჯახის წევრებთან ხშირი, სატელეფონო კომუნიკაციის უფლება შეეზღუდა.  განათლების უფლების შეზღუდვაზე ჩივის პატიმარი ზურაბ როსტოღანაშვილი.

 

ადვოკატი ამბობს, რომ საჩივრები სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად მიიღო და ახლა სახელმწიფო ცდილობს, პატიმრებთან “მეგობრულ

მორიგებას”. მეგობრული მორიგებით დასრულდა ევროპულ სასამართლოში გიორგი შუბლაძის საქმე, რომელიც სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე ჩიოდა,  სახელმწიფომ მას 3 ათასი ევრო გადაუხადა; შუბლაძემ სტრასბურგიდან საჩივარი გამოიტანა.

იურისტი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ 2011 წლამდე პატიმრებს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ – საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია ბაჟის გადასახადს ითხოვდა. ადვოკატმა პატიმრების ეს დარღვეული უფლებაც სტრასბურგში გაასაჩივრა:

 

“მიმაჩნდა, რომ ამით პატიმრებს ეზღუდებოდათ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება, ასეთი რამდენიმე საქმე აგროვდა, მაგალითად, ზურაბ ბოსტოღანაშვილის, გიგა ფურცხვანიძის, ვალერიან ბალიაშვილისა და გიორგი შუბლაძის საქმეები. მათი უფლებები ირღვეოდა ციხეში, იმყოფებოდნენ

დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში და სასამართლოს ხელმისაწვდომობაც ეზღუდებოდათ, როცა ისინი ვერ იხდიდნენ ბაჟს. გავაგზავნე თუ არა ეს საქმე სტრასბურგში, ხელისუფლება მიხვდა, რომ წააგებდა ამ საქმეებს. პატიმარი, რომელსაც შემოსავალი არ აქვს, ბაჟს ვერ გადაიხდის, ამიტომაც რეგულაციები შეიცვალა”.

ახლა პატიმარს სასამართლოში ჩივილისთვის  ბაჟის გადახდა არ უწევს. თუმცა პატიმრები მაინც იშვიათად ჩივიან. ნოზაძე ამბობს, რომ ადვოკატთა

ასოციაციამ ადვოკატები უნდა გადაამზადოს, რომ ადამიანის უფლებები ამ კუთხითაც დაიცვან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი,

გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ თუ პატიმრის უფლება ირღვევა, მან უნდა მიმართოს ციხის ადმინისტრაციას და მოითხოვის

პირობების გაუმჯობესება; მინისტრთან წერილობითი მიმართვის შემდეგაც თუ პატიმრის მდგომარეობა არ უმჯობესდება, ხიმშიაშვილი

ამბობს, რომ ეს ჩაითვლება ციხის ადმინისტრაციის სამსახურებრივ გულგრილობად და თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად

გამოყენებად.

 

იურისტის აზრით, პატიმრები არ წერდნენ საჩივრებს, რადგან “უმრავლესობა მათ მიმართ გამოწვეული ფიზიკური ძალადობისა და არაადამიანური

მოპყრობის შედეგად გაფრთხილებული იყო, რომ მსგავსი საჩივრებით არ უნდა მიემართათ. ჩემი

აზრით, იყო შიში, რის გამოც არ ჩიოდნენ მსჯავრდებულები, ასევე პრობლემაა სამართლებრივი

ცნობიერების დაბალი დონე”. 

 

გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, მსჯავრდებულზე ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ერთ პატიმარს უფლება აქვს თავისთვის მოითხოვოს მინიმუმ 2 კვ/მეტრი ფართობი; დახურული ტიპის დაწესებულებაში – 2,5 კვ/მეტრი, ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3 კვ/მეტრი,

არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში – 3,5 კვ/მეტრი, ხოლო ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში – 3 კვ/მეტრი მაინც. პატიმრის საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, ასევე ვენტილაცია. პატიმარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალებს _ 60 წლიდან, მამაკაცებს _ 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სხვა პატიმრებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.

 

ეს მოკლე ჩამონათვალია იმ უფლებებისა, რაც პატიმრებს აქვთ. პატიმრობის არასათანადო პირობებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურების გამო სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთმა ქართველმა პატიმარმა იჩივლა სასჯელის მოხდის პერიოდში. ციხეში პატიმარი დაინფიცირდა

განუკურნებელი და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებით: აივ ინფექცია – c 3 კატეგორია, ტუბერკულოზითა და ქრონიკული c ჰეპატიტით. ასევე

სხვა დაავადებებით. სახელმწიფოს მან მოსთხოვა სასჯელისგან გათავისუფლება, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

 

საჩივარში, რომელიც პატიმარს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებმა დაუწერეს, პატიმარი მის მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური მოპყრობის  აკრძალვა) და მე-13 (უფლება დაცვის ეფექტურ საშუალებაზე) მუხლების დარღვევაზე მიუთითებდა. ევროპულმა სასამართლომ ეს საჩივარი განსახილველად მიიღო, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2013 წელს პატიმარს მორიგება შესთავაზა. 2013 წლის 12 ივნისს ევროპულმა სასამართლომ პატიმრის საქმე განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. მორიგების საფუძველზე სახელმწიფომ მომჩივანს პატიმრობის პირობებში არასათანადო მკურნალობის გამო მიყენებული ზიანისათვის 4500 ევრო გადაუხადა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა