მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 40 ათას ლარად ერთ ელექტროავტობუსს იყიდის

19.03.2017
ბათუმის ბოტანიკური ბაღი 40 ათას ლარად ერთ ელექტროავტობუსს იყიდის

ბათუმის მერიის ა(ა)იპ – „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“, ერთ ელექტროავტობუსს [ელექტრომობილს] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. ელექტრომობილის შესაძენად თანხას, 40 ათასამდე ლარს, ბოტანიკური ბაღი საკუთარი შემოსავლებიდან გადაიხდის.

40 ათასი ლარი სატენდერო თანხაა და შესთავაზებენ თუ არა ბოტანიკურ ბაღს ელექტრომობილს გაცილებით დაბალ ფასში, ტენდერის შემდეგ გამოჩნდება. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 მარტს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.


ბათუმის ბოტანიკური ბაღი / 2016 წელი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ბათუმის ბოტანიკური ბაღი / 2016 წელი / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვებგვერდის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე ტურისტული მარშრუტის საწყისი პუნქტიდან [უნივერსიტეტის, ან „მწვანე კონცხის“ მთავარი შემოსასვლელიდან ზღვისპირა პარკამდე ან/და პირიქით] საბოლოო პუნქტამდე, ასევე მარშრუტის ცალკეული უბნებიდან ბოლო პუნქტამდე ელექტრომობილით ერთი დამთვალიერებლის ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება შეადგენს 5 ლარს.

ელექტრომობილის ინდივიდუალური მომსახურების [რომელიც გულისხმობს არაუმეტეს 5 ადამიანის მიერ 1 საათით ელექტრობუსის ინდივიდუალურ გამოყენებას ბაღის ძირითადი ტურისტული მარშრუტის დათვალიერების მიზნით] ღირებულება შეადგენს – 60 ლარს.

ზოგადად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასური შეადგენს 8 ლარს. ფასდაკლებით სარგებლობენ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები [2 ლარი] და სკოლის მოსწავლეები და 16 წლამდე მოზარდები [შესვლის საფასური 1 ლარი].

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით სარგებლობენ ომის მონაწილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახის წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს. აღნიშნული შეღავათი დაიშვება სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ“.

ბოტანიკურ ბაღში მოქმედებს ბაღის დათვალიერების აბონიმენტებიც, რომელთა მფლობელები ბაღის ტერიტორიაზე დაიშვებიან დღის განმავლობაში ერთხელ, დროის შეუზღუდავად.

ბოტანიკურ ბაღს, გარდა იმისა, რომ ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკუთარი შემოსავლები აქვს ვიზიტორებისგან და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მომსახურება.

e-service-1

ელექტრომობილები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში / ფოტო: „ბათუმის ბოტანიკური ბაღი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: