მთავარი,სიახლეები

სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბათუმის სადავო ბინაზე გადაწყვეტილება მიიღო

16.03.2017 • 4859
სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბათუმის სადავო ბინაზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 2004 წელს ჩამოართვეს. ბინა ამ დრომდე გიორგი პაპუაშვილს ეკუთვნის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს.

როლანდ ბლადაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. მოპასუხე ამ საქმეში გიორგი პაპუაშვილთან ერთად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა. სწორედ ამ უწყებამ ჩამოართვა ქონება როლანდ ბლადაძეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება.

აბაშიძის ყოფილი მაღალჩინოსანი ითხოვდა 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც ბინა სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გადაეცა გიორგი პაპუაშვილს. მოსარჩელე მხარე გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარებას მოითხოვდა.

გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: მერაბ ლომიძემ, თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძე მიიღეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ მიმართავს უზენაეს სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს.

„სახელმწიფო ვერ ბედავს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება გამოხმაურება. ქონებას ამჟამად ფლობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე“, – გვითხრა არჩილ კაიკაციშვილმა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა. მისი შეფასებით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში რამდენიმე პირდაპირი მტკიცებულება არსებობდა:

„მთავარი არის ის, რომ პროკურატურამ თავისი დადგენილებით უდანაშაულოდ მიიჩნია როლანდ ბლადაძე. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს მისთვის ქონების ჩამორთმევა იყოს კანონიერი. ჩვენ ასევე წარმოვადგინეთ მტკიცებულება, რომ გიორგი პაპუაშვილი 2007 წელს, ქონების მისთვის გადაცემის დროსაც ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძე ასაჩივრებდა ბინის ჩამორთმევას 2004 წლიდან. მაშინაც გაასაჩივრა ბატონმა როლანდმა აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე 2004 წელს პროკურატურაში მუშაობდა და ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქონების კონფისკაციის პროცესს. ეს გადაწყვეტილება წინასწარ განჭვრეტადი იყო“, – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

გიორგი პაპუაშვილთან ერთად, 2007 წელს საცხოვრებელი ბინები ბათუმში სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც გადაეცათ. სხვა ბინებიც ასევე აბაშიძის ოჯახის წევრებს და მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ. სადავო გიორგი პაპუაშვილის ქონება აღმოჩნდა. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა პაპუაშვილმა წერილით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და გამოხატა მზადყოფნა, დაეთმო სადავო ბინა, თუკი სახელმწიფო მას ალტერნატიული საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა.

2013 წელს საქართველოს პროკურატურამ დადგენილება გამოსცა, სადაც ეწერა, რომ როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ 2004 წელს დაწყებული გამოძიება შეწყდა.

2015 წლის 17 მარტს გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა თავისი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს, გიორგი ლევიძეს მიყიდა 195 ათას დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ამ დროისთვის როლანდ ბლადაძის სარჩელს უკვე განიხილავდა სასამართლო. გიორგი პაპუაშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დავის მონაწილე თვითონ არ არის და საჯარო რეესტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2006-2016 წლებში.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: