„სამართლის სკოლა“ ეს არის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ერთობლივი პროექტი, რომლის პრეზენტაცია დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
როგორც დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელი თეონა დიასამიძე ამბობს, პროექტი დაახლოებით რვა წელია არსებობს, თუმცა აქამდე ფართო აუდიტორიას არ ჰქონდა მონაწილეობის საშუალება.
პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში იურიდიული განათლების დანერგვა და პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესება. სწავლების პროცესში მოსწავლეები დაეუფლებიან კონფლიქტების მოგვარებას, გადაწყვეტილების მიღებასა და სხვა საჭირო უნარჩვევებს.
„სამართლის სკოლა“ გაზრდის ბავშვებს სამაგალითო მოქალაქეებად, რომელთაც რეაგირება ექნებათ არა მარტო საკუთარი ინტერესების, არამედ სხვისი ინტერესების დასაცავადაც,“- აღნიშნა საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტავლალაშვილმა.
პრეზენტაციას ბათუმის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
„ჩემი მომავალი პროფესია არის იურიდიული. მინდა რაც შეიძლება ბევრი გავიგო სამართალზე. გვექნება იმიტირებული სასამართლო პროცესები. შევხვდებით ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. არ მინდა ეს შანსი გამოვტოვო“, – ლიკა ცინცაძე, სკოლა-ლიცეუმ „მასტერ კლასის“ მე-11 კლასის მოსწავლე.
სწავლება 4 მარტს დაიწყება და სამი თვეს გაგრძელდება. სულ შეირჩევა 30 მოსწავლე. მათთვის ტრენინგებს შესაბამის საკითხის მცოდნე პირები ჩაატარებენ.
გაკვეთილები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კვირაში ერთხელ, შაბათს ან ან კვირა დღეს, ორი საათის განმავლობაში ჩატარდება.
მოსწავლეების სააპლიკაციო ფორმების მიხედვით შეირჩევიან. მეორე ეტაპზე კი გაივლიან გასაუბრებას. აპლიკაციის ფორმების მისაღებად მსურველებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს უნდა მიმართონ, მისამართი ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა #62/64, ტელ.: (0422) 22 55 40
აპლიკაციების მიღება 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.