სიახლეები

კვირიკაშვილი: უნდა დაისაჯონ როგორც ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები, ისე მათი წამქეზებლები

12.03.2017
კვირიკაშვილი: უნდა დაისაჯონ როგორც ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები, ისე მათი წამქეზებლები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, 12 მარტს,  აჭარის მთავრობაში გამართულ თათბირზე აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა შეძლეს ზუსტად ემოქმედათ იქ, სადაც და რა ძალითაც იყო საჭირო, ახლა კი საჭიროა წესრიგის შენარჩუნება და იმ მოძალადეების იდენტიფიკაცია, რომლებიც გუშინ “ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ”:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ზარალი უნდა ავუნაზღაუროთ მათ, ვინც ამ ადამიანების მარგინალური და ვანდალური ქმედებების გამო დაზარალდა, მაგრამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ ვინც ეს ამბავი მოაწყო, მათ მოვთხოვოთ ამ ზიანის ანაზღაურება შემდგომში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს გამოძიება, რათა არა მხოლოდ ვანდალური ქმედებებისთვის გამოყენებული ადამიანები დაისაჯონ, არამედ გამოვლინდნენ მათი წამქეზებლები, მსგავსი მოვლენების პრევენციისთვის.

„მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ პროვოკაცია არ მოაწყოს ვინმემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით – „მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში“, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც ყველაზე სათუთი გრძნობებით თამაშობს, რათა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს და მიაღწიოს თავის ავადმყოფურ მიზანს, ეს გზა ჩავუკეტოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრად. ეს არის ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერთან ერთად აჭარაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: