მთავარი,სიახლეები

„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

12.03.2017
„ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან ბათუმი ასე ისტერიულად არ ავლენს თავს“

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ამბობს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქცია პროვოკაციას ჰგავს:

„ეს არის ტიპიური პროვოკაცია. შეიძლება იყო რამდენიმე გულწრფელი ადამიანი, რომელიც მართლა რაღაცის გამო იყო აღშფოთებული, მაგრამ რა სახეც მიიღო შემდეგ ამან, ეს არის ტიპიური პროვოკაცია. 90-იან წლებში მოხდა მსგავსი ფაქტი, როცა შს სამინისტრო დაარბიეს გოგებაშვილის ქუჩაზე, მაშინაც იყო იგივე მოტივები, კუთხურობაზე ხაზგასმა,  თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა და ყველამ  გააცნობიერა, რომ ეს იყო ძალიან დიდი პროვოკაცია, რაშიც ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ახლაც არის ზუსტად იგივე მოწოდებები. რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ამაზე საუბარი, სოციალურ ქსელებში, მედიით მიდიოდა ამაზე საუბარი, მე არ ვიცი ვინ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ის ხალხია, იგივე ხელწერით და იგივე ტიპის პროვოკაცია მოაწყვეს ჩვენს ქალაქში. გადაწვეს ქალაქი, ადამიანები გაიმეტეს სასიკვდილოდ და ეს ამბავი არ უნდა დარჩეს გამოძიების გარეშე.

არის სენსიტიური თემები, რომელიც თურმე ჩვენ კიდევ გვაბნევს და გზა-კვალს გვირევს, თუმცა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებას, იქნება ეს ბათუმში თუ ინგლისში, აქვს რაღაც სენსიტიური, რაზეც რეაგირებს. ამას სწავლობენ სპეცსამსახურები, სხვადასხვა ჯგუფები, დაინტერესებული ადამიანები და შემდეგ შესაბამისად იყენებენ.

სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა უზრუნველყონ ქალაქში ნორმალური ცხოვრება, რადგან რაც ახლა  ხდება ქალაქში, ეს უკვე გამოხატვის თავისუფლების ზღვარს სცილდება, როცა შენ შეგიძლია სხვა ადამიანი დააზიანო და სასიკვდილოდ გაიმეტო, ამას აქვს კონკრეტული სახელი და ამას სისხლის სამართლის დანაშაული ქვია. ახლა არის ეფექტურად მოქმედების დრო, ეს ამბავი უნდა ჩაცხრეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ არ გამოიძიებენ, ამას ექნება გაგრძელება. ეს უნდა გამოიძიონ და უმკაცრესად უნდა აგოს ყველამ პასუხი.

ბათუმის ბუნებრივი თვისებაა რომ იყოს მშვიდი, წყნარი, ბათუმი თავის ბუნებას ასე მძიმედ და მკვეთრად არ ავლენს, ასე ისტერიულად არ იქცევა, ბევრად უფრო მნიშვნელოვან თემაზეც კი.

ვიზა ლიბერალიზაციის წინ, როცა სულ რამდენიმე დღე გვაშორებს პრაქტიკულად  იმ გზას, რომელიც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია და ახლა არჩევნების წინაპერიოდში, ეს არის კლასიკური ტიპის პროვოკაცია, რომელიც მოაწყვეს ბათუმში.

ეს ადამიანები არიან ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკით დაინტერესებულნი, კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ  მე როგორც ბათუმელი ვამბობ ამას, რომელიც ძალიან შეურაცხყოფილია ამ ყველაფრით, რომ ჩვენს საზოგადოებაში თურმე კიდევ არიან ადამიანები რომლებიც ასეთ მარტივ პროვოკაციას წამოეგებიან და მზად არიან საკუთარი თანამოქალაქე, სასიკვდილოდ გაიმეტონ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: