Batumelebi | ერთჯერადი დახმარების გაუქმებული პროგრამა ერთჯერადი დახმარების გაუქმებული პროგრამა – Batumelebi
RU | GE  

ერთჯერადი დახმარების გაუქმებული პროგრამა


ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას  ვეღარ იღებენ. ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას ფინანსურად ეხმარებოდა, წელს სოციალური პროგრამების სიაში აღარ არის.


ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მევლუდ წულუკიძე ამბობს, რომ პროგრამის შეწყვეტა ფინანსური რესურსის არამიზნობრივად ხარჯვამ განაპირობა. თუმცა სამსახურის უფროსი აქვე იმასაც დასძენს, რომ პროგრამა მალე ამოქმედდება.

 

„უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა გასულ წელს 25 000 ლარით დაფინანსდა, რომლის ფარგლებში ფინანსური დახმარება იმ ოჯახებმა მიიღეს, ვისაც ნაკლებად უჭირდა, ხოლო ის, ვისაც უფრო მეტად უჭირდა, დახმარების გარეშე დარჩა. სწორედ ამ ნიუანსმა განაპირობა პროგრამის ამოვარდნა, თუმცა ჩვენ დავინახეთ პროგრამის ამოქმედების საჭიროება, რისთვისაც საკრებულოს დასამტკიცებლად გადავუგზავნეთ ერთჯერადი დახმარების პროგრამა გაზრდილი – 50 000-ლარიანი ბიუჯეტით, რომლითაც გაჭირვებულ ოჯახებს ერთჯერადად 100 ლარით ისევ დავეხმარებით. სოფლისა და თემის რწმუნებულების დახმარებით ყველა ოჯახს გადავამოწმებთ“, – განაცხადა მევლუდ წულუკიძე.

 

2013 წელს სოციალური პროგრამები ხულოში 468 660 ლარით იყო დაფინანსებული, მიმდინარე წლის გეგმა კი _ 388 740 ლარია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე