სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

03.02.2015 • 928
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

 

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცსებზე არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც რეგიონში მოქმედი 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორმა მაუწყებლის ოთხ მთავარ პოზიციაზე, თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, გამოაცხადა კონკურსი, ხოლო მანამდე მიიღო გარკვეული საკადრო გადაწყვეტილებები, რომლის მიზანშეწონილობამ და სამართლიანობამ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები გააჩინა. 

 

საზოგადოებრივ მაუწყებელში ნებისმიერი საკითხი, ფინანსური, ტექნიკური, საკადრო, უნდა წყდებოდეს მრჩეველთა საბჭოს და დირექტორის მიერ არა მხოლოდ მათი სუბიექტური შეხედულებით, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსა და, ზოგადად, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებითაც. მრჩეველთა საბჭომ და დირექტორმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი საქმიანობა ყოველთვის იყოს კოორდინირებული და ეფექტური.

 

აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორსა და აჭარაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის შინაარსის ანალიზის, დასმული კითხვების, მათზე გაცემული პასუხების, წარმოჩენილი პრობლემების შეფასების შემდეგ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ და დირექტორმა გაითვალისწინონ, ყურადღება გაამახვილონ შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე:

 

  1. გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო წარმოადგენს საზოგადოებრივ (ხალხის) ტელევიზიას, ის ყოველთვის მოექცევა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის ქვეშ. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი, რაც პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს მრჩეველთა საბჭომ და რა თქმა უნდა, მრჩეველთა საბჭოს მიერ კონკურსის გზით შერჩეულმა დირექტორმა. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჩამოყალიბებისა და ფორმირების პროცესში არ იქნეს დაშვებული ისეთი შეცდომები, რომელთა შემდგომი გამოსწორება გართულდება და/ან შეუძლებელი იქნება.

 

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ და დირექტორმა უნდა უზრუნველყონ, რომ უმოკლეს ვადაში დაინტერესებული პირების (სპეციალისტების) ჩართულობით მომზადდეს მაუწყებელში თანამშრომელთა მიღების პროცედურების მარეგულირებელი პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საკონკურსო პირობებს დაექვემდებარება მაუწყებელში დასაქმების მსურველი ნებისმიერი პირი;

 

 

  1. მაუწყებლის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ თანამშრომელთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შეიქმნას კონკურსის გამოცხადებამდე, კომისიის შემადგენლობაში კი უმრავლესობას უნდა წარმოადგენდნენ საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირები, ასევე სხვა პირები ვაკანსიის მიმართულების და სპეციფიკის გათვალისწინებით;

 

  1. მაუწყებელში არსებულ ყველა ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადებამდე შემუშავდეს კრიტერიუმები, განისაზღვროს პირობები/პროცედურები, დადგინდეს განაცხადების წარდგენის გონივრული ვადები, ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს არა მარტო მაუწყებლის ვებ-გვერდზე, არამედ საქართველოში ცნობილ სამუშაოს საძიებო ვებ-პორტალებზეც (jobs.ge, hr.ge);

 

 

  1. მაუწყებლის დირექტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ მაუწყებელში ყველა თანამდებობა დაექვემდებაროს სამართლიან კონკურსს და არ იქნას დაშვებული არც ერთი გამონაკლისი. ბუნებრივია, როგორც ზოგადად კონკურსის ჩატარება, ისე ნებისმიერი თანამშრომლის აყვანა უნდა ხდებოდეს სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე პროცესების ფონზე, პროფესიონალი, ობიექტური და საზოგადოებრივი ნდობის მქონე პირებით დაკომპლექტებულ კომისიასთან ერთად.

 

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში, რამეთუ მაუწყებლის სწორად და ეფექტურად განვითარებაზე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე უპირველესად მრჩეველთა საბჭოს ეკისრება.

 

ჩვენ, წინამდებარე მიმართვაზე ხელისმომწერი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მზადყოფნას გამოვთქვამთ მომავალი ურთიერთანამშრომლობისათვის.

 

პატივისცემით,

დემოკრატიის ინსტიტუტი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი

ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი ინტელექტი

ბორჯღალი

ჩვენი თაობა

სიმართლისა და სამართლის ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისათვის
პროგრესი

Art Way

ხანდაზმულ ქალთა ასოციაციაღირსეული სიბერე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: