Batumelebi | ტკბილი ტურიზმი ბათუმში ტკბილი ტურიზმი ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

ტკბილი ტურიზმი ბათუმში


საკურორტო სეზონზე ჩამოსული სტუმრების გამასპინძლების მიზნით, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტი,  წელს  25 750  ლარის ღირებულების აჭარულ ბაქლავასა და ბურმეს  შეიძენს. მის დაგემოვნებას ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მოზარდები ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შესთავაზებენ.  დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს სეზონზე აქცენტები შიდა ტურიზმზე გაკეთდება.

ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლის, სოფიო ლაზიშვილის თქმით,  უცხოელი სტუმრების დახვედრის პროგრამა აჭარაში, რომელიც დახვედრასა და ტკბილეულის შეთავაზებას ითვალისწინებს, 2010 წლიდან მოქმე-დებს და ის ჩამოსულ სტუმრებში ძირითადად აღტაცებას იწვევს. პროგრამის გაგრძელების მიზნით დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს წლევანდელი სეზონისთვის წლის განმავლობაში 28 006 ერთეული ტკბილეული შეუკვეთა. დეპარტამენტში ამბობენ, რომ ტკბილეულის ოდენობა გასული წლის დანახარჯის მიხედვით  განსაზღვრეს.  

 

სამი ან ოთხი ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მოზარდი საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ სტუმრებს ხვდება და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ ტკბილეულს სთავაზობს: „დახვედრის ცერემონიალში სულ ხუთი 14 წლის ასაკის ბავშვია ჩართული, რომლებმაც კარგად  იციან ინგლისური და რუსული ენები და ტკბილეულის შეთავაზებასთან ერთად შეუძლიათ გაესაუბრონ სტუმრებს. ეს ბავშვები ამ პროგრამის ფარგლებში ხელფასსაც იღებენ.  დაფინანსებულია მათი გადაადგილების ხარჯებიც“.


ჯამში, უცხოელი სტუმრების დასახვედრად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2013 წლის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯება.


ტკბილეულით კი დეპარტამენტს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე მანანა ბოლქვაძე მოამარაგებს, მომსახურების პირობები მას ხელშეკრულებით აქვს გაწერილი.


რაც შეეხება მომავალ საკურორტო სე-ზონზე დაგეგმილ ღონისძიებებს, ამის შესახებ დეპარტამენტში ჯერჯერობით არ საუბრობენ. საიდუმლო არ არის მხოლოდ ის, რომ აქცენტები შიდა ტურიზმზე გაკეთდება, თუმცა სოფო ლაზიშვილის ინფორმაციით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით უცხოეთში მუშაობას შეაჩერებს. საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარის, ზვიად  ელიზიანის თქმით, ტკბილეულით დახვედრა შეიძლება ორიგინალური იყოს ტურისტისთვის, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად იმოქმედებს ეს სტატისტიკაზე. „შესაძლებელია ამ ფულით, 60 ათასი ლარით, გა-ცილებით ეფექტური ღონისძიება დაგეგმილიყო, ამაზე თავად დეპარტამენტმა უნდა გააკე-თოს ანალიზი, უღირს თუ არა მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება. სახელმწიფომ რა თქმა უნდა უნდა დახარჯოს ფული პიარისთვის, მაგრამ ხარჯვა უნდა იყოს რაციონალური. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ პომპეზური ღონისძიებებისთვის, რაც ბოლო პერიოდში გამართეს, ჯამში 10 მილიონზე მეტი დაიხარჯა. რამდენი ამოიღო ამისგან სახელმწიფომ, ამის ანალიზი დეპარტამენტმა უნდა გააკეთოს“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.


დეპარტამენტის თანამშრომლის სოფიო ლაზიშვილის თქმით კი,  წელს რეგიონში შიდა ტურიზმის სტატისტიკამ იკლო, რაც, მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე