კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძის ხელფასი და პრემიები აჭარის მთავრობის აპარატში

27.01.2017
ზურაბ პატარაძის ხელფასი და პრემიები აჭარის მთავრობის აპარატში

აჭარის მთავრობის აპარატში გასულ წელს ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 2 მილიონ 454 ათას 27 ლარი გაიცა, აქედან 408 ათას 250 ლარი პრემიებში. მთავრობის აპარატში გასული წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, პრემია მიიღო თითქმის ყველა თანამშრომელმა აპარატის უფროსისა და მთავრობის თავმჯდომარის გარდა.

დეკემბერში აპარატის 99 თანამშრომელზე, ჯამში 99 ათას 610 ლარი პრემია გაიცა.

აჭარის სამინისტროებში გაცემულ პრემიებს თუ გადავხედავთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პრემია რაღაც დამსახურებისთვის უნდა გაიცეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველ კვარტალში ერთხელ ყველა საჯარო მოხელე მუშაობს სანიმუშოდ, გარდა ხელმძღვანელი პირებისა. პრემიებიც, შესაბამისად, მინიმუმ კვარტალში ერთხელ რიგდება და მას უკლებლივ ყველა მოხელე იღებს. მართალია, თანამდებობის პირები უარს ამბობენ პრემიის აღებაზე, მაგრამ, თავად წყვეტენ თანამშრომლებიდან ვინ რამდენი პრემია მიიღოს.

პრემია არ აუღია, მაგრამ თანამდებობრივი სარგო და დანამატი ერთად – 5 792 ლარი აიღო დეკემბრის თვეში მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ;  მთავრობის აპარატის უფროსმა კი ამავე თვეში 3 727 ლარი.

ზურაბ პატარაძეს, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, 2016 წლის 15 ივლისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, ხელფასის სახით სულ მიღებული აქვს 31 993 ლარი.

მიუხედავად მოთხოვნისა, მთავრობის აპარატიდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია კონკრეტულმა საჯარო მოხელემ რამდენი აიღო დანამატი და რამდენი თანამდებობრივი სარგო. აპარატიდან  არც თანამშრომლების სახელი და გვარი მოგვაწოდეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 2 თანაშემწე და 3 მრჩეველი ჰყავს. თითოეულს, მაგალითად, დეკემბრის თვეში, ხელფასისა და დანამატის სახით მიღებული აქვს 2 187 ლარი, ხოლო პრემია, ასევე თითოეულს – 1 250 ლარი.

მთავრობის აპარატში მთავარი სპეციალისტის ხელფასი 1 498 ლარია, ხოლო დეკემბრის თვის პრემია 1070 ლარი იყო. აპარატში სულ 40 მთავარი სპეციალისტი მუშაობს [აქედან სამს განსხვავებული ხელფასი აქვს – 1 905, 1 854 და 1 548 ლარი]. გაცილებით დაბალი ხელფასები და, შესაბამისად, პრემიები გაიცემა წამყვან სპეციალისტებზე, მაგალითად, 1 162 ლარი ხელფასი და დანამატი ერთად, დეკემბერში პრემია კი 830 ლარი თითოეულს.

აჭარის მთავრობის აპარატში დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 3 097 ლარია, ხოლო პრემია წინასაახალწლოდ – 1 770 ლარი იყო; განყოფილების უფროსებმა კი თვეში 2 464 ლარი, ხოლო პრემია დეკემბერში, 1 540 ლარი მიიღეს.

მთავრობიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, აპარატში 14 მძღოლი და ერთი ავტომანქანის მრეცხავია დასაქმებული [826-944 ლარი ხელფასები და 590 ლარი დეკემბრის თვის პრემია]. აპარატში მუშაობენ ცეცხლფარეშები, დურგალი და სხვ. გასულ წელს, სხვადასხვა თვეში, აპარატში დასაქმებული ჰყავდათ შტატგარეშე თანამშრომლებიც.

აჭარის 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობის აპარატისთვის [119 თანამშრომელზე] 3 მილიონ 477 ათას 800 ლარია გაწერილი, რომლის 72 პროცენტი, ანუ 2 მილიონ 506 ათას 800 ლარი  ხელფასებისთვისაა გათვალისწინებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: