მთავარი,სიახლეები

ენმ: სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას

27.01.2017 • 3298
ენმ: სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას

„საქართველოს განათლების სამინისტრო განზრახ აყოვნებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების პროცესს და შესაბამისად, მათთვის ხელფასის ზრდას,“ – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს აჭარის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გია აბულაძემ, აჭარის განათლების ყოფილმა მინისტრმა. მისი თქმით, სამინისტროს ხელფასების ზრდისათვის საკმარისი თანხა არა აქვს.

„ბიუჯეტის პირველ პროექტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის იყო გათვალისწინებული 555 მილიონი ლარი, რაც არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ უფროს მასწავლებელთა ხელფასები გაზრდილიყო 800 ლარამდე. ბიუჯეტის მეორე ვარიანტში, რომელიც ახლა დამტკიცებულია, თანხა გაიზარდა 575 მილიონამდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი.

მასწავლებლები უნდა ჩაერთონ პროფესიული განვითარების სქემაში, მათ უნდა ჩააბარონ გამოცდები, გაიარონ ტრენინგები და მათ შორს არის ხუთი კრედიტი – სავალდებულო ტრენინგი, რომელიც უნდა გაიარონ ახლა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელოვნურად აყოვნებს ტრენინგებს, რომლის შემდეგ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რაც ავტომატურად ნიშნავს ხელფასის ზრდას. ახლა ხელოვნურად ყოვნდება ეს პროცესი, რომ ხელფასები არ გაიზარდოს, რადგან ამისათვის ბიუჯეტი არ ჰყოფნით,“ – განაცხადა გია აბულაძემ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგების ხელოვნურად დაყოვნებაზე ინფორმაციას უარყოფენ:

„წელს შეიცვალა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, ცვლილებები სქემაში შევიდა წელს, იანვარში, რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა მთავრობამ, შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრენინგები შეფერხდა, სიცრუეა და ან შეგნებულად გაავრცელეს, ან არ იცოდნენ და ჩათვალეს, რომ ტრენინგებზე იყო ეს პროცესი დამოკიდებული. რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ეს ცვლილებები. თებერვლიდან ყველა, ვინც ჩართულია ამ პროცესში, აქტიურად შეუდგება საქმეს, რომ არავინ შეფერხდეს და მიიღონ მასწავლებლებმა ეს სტატუსი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

„განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ 2016 წლის მონაცემებით, საჯარო სკოლებში სრული დატვირთვით წამყვანი და უფროსი, მთლიანობაში, 7 965 პედაგოგი მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: