სიახლეები

„ოცნების“ კოორდინატორი ამომრჩეველს „პირადი ინიციატივით“ ურეკავდა – პერსონალურ მონაცემთა სამსახური

23.01.2025 •
„ოცნების“ კოორდინატორი ამომრჩეველს „პირადი ინიციატივით“ ურეკავდა – პერსონალურ მონაცემთა სამსახური

ცნობილია, რა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიერ მოქალაქის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ „ოცნების“ კოორდინატორები უკავშირდებოდნენ და და ეკითხებოდნენ, უჭერდნენ თუ არა ისინი მხარს „ქართულ ოცნებას“.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ასეთი კოორდინატორის სატელეფონო ზარი ჟურნალისტმა ჩაიწერა და მას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. ამ ჟურნალისტის თქმით, პირადი ტელეფონის ნომერი მას პარტიის წარმომადგენლისთვის, ან კოორდინატორისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მსგავს შემთხვევებზე სამართლებრივად უნდა  რეაგირებდეს. ამ შემთხვევაში კი, განმცხადებლისთვის გამოგზავნილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მხრიდან მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის საქმე შეუწყვეტია – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს დაუდგენია, რომ „ოცნების“ კოორდინატორი „აშკარა პირადი მიზნით“ მოქმედებდა.

„ინეზა მ.-ის მოქმედებაში არ იკვეთება სამეწარმეო ან/და ეკონომიკურ, პროფესიულ საქმიანობასთან ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების ფაქტი…

განცხადების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი განმარტებების თანახმად, ინეზა მ. არის ორგანიზაციის [პარტია „ქართული ოცნება“] მხარდამჭერი და წინასაარჩევნოდ, საკუთარი ინიციატივით [და არა ორგანიზაციის დავალებით], ორგანიზაციის მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით, უზრუნველყო განმცხადებლის მონაცემების მოპოვება, რაშიც გამოიხატებოდა მისი მხრიდან ორგანიზაციის მხარდაჭერა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ინეზა მ.-ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ აშკარად პირადი მიზნით განმცხადებლის მონაცემების დამუშავების ფაქტი, ხოლო მონაცემების აშკარა პირადი მიზნით დამუშავება კი, სცდება კანონის მოქმედებისა და, შესაბამისად, სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომზადებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სატელეფონო ნომერი, საიდანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთ ჟურნალისტს დაურეკეს, არ ეკუთვნოდა პარტია „ქართულ ოცნებას“. კოორდინატორს უთქვამს, რომ იგი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ე.წ. ხოფის ბაზრობაზე შეუძენია უცნობი პირისგან, ნომერი თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია, მაგრამ ახლაც ეს ნომერი მის მფლობელობაშია.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესწავლის შედეგად საბოლოოდ ასეთ შედეგზე გასულა:

„ინეზა მ.-ის მიერ სამსახურისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არის ორგანიზაციის [„ქართული ოცნება“] მხარდამჭერი. წინასაარჩევნოდ, საკუთარი ინიციატივით, ორგანიზაციის მხარდამჭერთა მობილიზების მიზნით, უზრუნველყო სხვადასხვა პირის ოჯახის წევრების/ახლობლების მონაცემების მათივე თანხმობით შეგროვება.

ინეზა მ.-ს განმარტებით, განმცხადებლის სატელეფონო ნომერი მოიპოვა განმცხადებლის მეზობლისაგან, ზეპირი თანხმობის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნულმა მეზობელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ განმცხადებელი იყო ორგანიზაციის მხარდამჭერი…

განსახილველ შემთხვევაში, განცხადებაში აღწერილი გარემოებებისა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და ორგანიზაციის, განმარტებების გათვალისწინებით, ვერ დადგინდა ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავებისა და შესაბამისად, კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი,“ – აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომლის საფუძველზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა ბრძანებას მოაწერა ხელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: